1. ენდოფთალმიტი
  2. ბადურა გარსის დაავადებები
  3. მხედველობის სისტემის დაავადებები
ენდოფთალმიტი

ენდოფთალმიტი თვალის შიგნით განვითარებული ინფექციაა.

  • მიზეზი შეიძლება იყოს თვალის ოპერაცია, ტრავმა ან სისხლის ინფექცია

  • ვლინდება თვალის ძლიერი ტკივილი, სიწითლე და მხედველობის დაქვეითება

  • დიაგნოსტირებისთვის თვალის სითხეებიდან ნაცხს იღებენ და ანტიბიოტიკებით მკურნალობა რაც შეიძლება მალე იწყება

ენდოფთალმიტი იშვიათი დაავადებაა. მას იწვევენ მიკროორგანიზმები, რომლებიც თვალში ქირურგიული განაკვეთიდან ან ტრავმის შედეგად ხვდებიან, უფრო ნაკლებად კი – სისხლის გზით აღწევენ მასში. სისხლის ინფექციას მრავალი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, მათ შორის ინტრავენური ნარკომანია, აბსცესი (ჩირქგროვა), კანის წყლულები, ინფექციები, როგორიცაა ფილტვების ანთება ან სეფსისი და ოპერაცია სხეულის ნებისმიერ ნაწილზე. გამომწვევი, როგორც წესი, ბაქტერიებია, თუმცა, ასევე შეიძლება იყოს სოკოები ან უმარტივესები. ვირუსებსაც შეუძლიათ თვალის მძიმე ინფექციების გამოწვევა, მაგრამ ამ დაავადებებს ენდოფთალმიტს არ უწოდებენ.

სიმპტომები შესაძლოა მკვეთრად იყოს გამოხატული და მოიცავს: ტკივილს, თვალის თეთრი გარსის სიწითლეს, ძლიერ მგრძნობელობას კაშკაშა სინათლეზე და მხედველობის სრულ ან ნაწილობრივ დაკარგვას. დიაგნოზი სიმპტომებს, თვალის გამოკვლევას, მიკრობულ კულტურებსა და ზოგჯერ ანტისხეულების ან დნმ-ს ანალიზს ეფუძნება. კულტურისთვის ნაცხს იღებენ წყალწყალა ნამიდან (სითხე თვალის წინა ნაწილში) ან მინისებრი სხეულიდან (თვალის უკანა ნაწილში მდებარე ჟელესმაგვარი ნივთიერება), რათა დადგინდეს, რომელი მიკროორგანიზმი იწვევს ინფექციას და რომელი წამალი იქნება მის წინააღმდეგ ეფექტური.

ენდოფთალმიტი გადაუდებელი სამედიცინო მდგომარეობაა. მხედველობის შესანარჩუნებლად ანტიბიოტიკებით მკურნალობის დაუყოვნებლივ დაწყებაა საჭირო. რამდენიმე საათით დაგვიანებამაც კი მხედველობის გამოუსწორებელი დაკარგვა შეიძლება გამოიწვიოს მძიმე შემთხვევებში. თავდაპირველად დანიშნული ანტიბიოტიკი ექიმმა შეიძლება შეცვალოს, მას შემდეგ, რაც ენდოფთალმიტის გამომწვევი მიკროორგანიზმი ზუსტად დადგინდება. ეს წამლები ინიშნება დასალევად, ინტრავენურად ან თვალშიდა ინექციების სახით. თვალში ანტიბიოტიკების შეყვანის შემდეგ შესაძლოა დასალევი კორტიკოსტეროიდებიც დაინიშნოს რამდენიმე დღით. ზოგჯერ ოპერაციაც ხდება საჭირო ინფიცირებული ქსოვილის ამოსაკვეთად თვალიდან, რაც ზრდის ინფექციის შეჩერების შესაძლებლობას.