ბადურას დამაზიანებელი სიმსივნეები | მკურნალი.გე
  1. ბადურას დამაზიანებელი სიმსივნეები
  2. ბადურა გარსის დაავადებები
  3. მხედველობის სისტემის დაავადებები
ბადურას დამაზიანებელი სიმსივნეები

ბადურას დამაზიანებელი ავთვისებიანი სიმსივნეები, როგორც წესი, საკუთრივ სისხლძარღვოვანი გარსიდან ვითარდება, რომელიც ბადურას მკვებავი, მჭიდროდ განლაგებული სისხლმილების შრეს წარმოადგენს. იგი ბადურასა და სკლერას (თვალის გარეთა, თეთრ გარსს) შორისაა მოთავსებული. საკუთრივ სისხლძარღვოვანი გარსი ბადურას საყრდენს უქმნის და მისი სისხლმომარაგების ნახევარს უზრუნველყოფს, ამიტომ მისგან წარმოშობილი ავთვისებიანი სიმსივნეები მხედველობასაც აქვეითებს.

სისხლძარღვოვანი (ქორიოიდული) გარსის მელანომა ავთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც თვალის ამ შრის პიგმენტწარმომქმნელი უჯრედებისგან, მელანოციტებისგან ვითარდება. ქორიოიდული მელანომა თვალის ავთვისებიანი სიმსივნეებიდან ყველაზე ხშირია. იგი უფრო მეტად ღია ფერის კანისა და ცისფერი თვალების მქონე ადამიანებში გვხვდება. ადრეულ სტადიაზე სიმსივნე მხედველობას ხელს არ უშლის. მოგვიანებით მან შეიძლება მხედველობის დაბურვა ან ბადურას ჩამოცლა გამოიწვიოს, რაც ვლინდება სინათლის ნათების, თვალწინ ფარდის ჩამოფარების შეგრძნებით, მცურავი შავი წერტილების რიცხვის უეცარი ზრდით ან ცვლილებით. მელანომა, განსაკუთრებით კი დიდი ზომის, შესაძლოა თვალბუდეზე გადავიდეს ან სისხლით ორგანიზმის სხვა ქსოვილებშიც გავრცელდეს (მეტასტაზირდეს) და დაავადება ადამიანის დაღუპვით დასრულდეს.

ადრეული დიაგნოსტიკა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პატარა სიმსივნეები უფრო კარგად ემორჩილება მკურნალობას. დიაგნოზი ოფთალმოსკოპის მეშვეობით და სხვა კვლევებით ისმება, როგორიცაა ულტრაბგერითი სკანირება, კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ) და სერიული ფოტოგრაფია.

თუ მელანომა პატარაა, მხედველობისა და თვალის შესანარჩუნებლად მიმართავენ მკურნალობას ლაზერით, სხივურ თერაპიას ან რადიოაქტიური ნაწილაკების ჩანერგვას. თუ სიმსივნე დიდია, შესაძლოა თვალის ამოკვეთა გახდეს საჭირო.

სისხლძარღვოვანი გარსის მეტასტაზური დაზიანება:ქორიოიდულ გარსზე მეტასტაზები ორგანიზმის სხვა ნაწილში განვითარებული სიმსივნეებიდან ხვდება. იგი ხშირადაა დაშორებული ორგანოებიდან მეტასტაზირების ადგილს, რადგან უხვი სისხლმომარაგება აქვს. ქალებში ყველაზე ხშირად მკერდის კიბო ვრცელდება სისხლძარღვოვან გარსზე, მამაკაცებში კი – ფილტვისა და წინამდებარე ჯირკვლის კიბო.

ხშირად ეს სიმსივნეები შორს წასულ სტადიამდე არ იჩენს თავს. შემდეგ უკვე შეიძლება გამოვლინდეს მხედველობის დაქვეითება და ბადურას ჩამოცლის სიმპტომები. ადამიანს შესაძლოა ძლიერ დააკლდეს თვალთ.

დიაგნოზი ზოგჯერ ოფთალმოსკოპით თვალის რუტინული გამოკვლევისას ისმება. ამას ასევე აადვილებს ულტრაბგერითი სკანირებაც. დაავადების დასადასტურებლად წვრილი ნემსით ქსოვილის ნაწილს ამოკვეთენ და მიკროსკოპით შეისწავლიან (ბიოფსია). მკურნალობის მიზნით, როგორც წესი, ქიმიოთერაპია და სხივური თერაპია ინიშნება.