ოპტიკური ნევრიტი მხედველობის ნერვის ანთებაა, რომელიც შეიძლება მის მთელ სიგრძეზე, ნებისმიერ ნაწილში განვითარდეს.
ოპტიკურ ნევრიტს ყველაზე ხშირად მრავლობითი სკლეროზი იწვევს. ზოგ ადამიანს, ეს უკანასკნელი მოგვიანებით, მხედველობის ნევრიტის განვითარების შემდეგ უვლინდება. ნევრიტის მიზეზი ასევე შეიძლება იყოს:
იშვიათი მიზეზებიდან აღსანიშნავია: შაქრიანი დიაბეტი, პერნიციოზული ანემია, გრეივსის დაავადება, ფუტკრის ნაკბენი, აცრები და ტრავმა. თუმცაღა, ოპტიკური ნევრიტის მიზეზის დადგენა ხშირად მაინც ვერ ხერხდება.
ოპტიკური ნევრიტი მხედველობის დაქვეითებას იწვევს, რაც შეიძლება იყოს მსუბუქი ან მძიმე, ცალ ან ორივე თვალში. ეს შესაძლოა სულ რამდენიმე დღეში განვითარდეს. მხედველობა დაზიანებულ თვალში შეიძლება თითქმის ნორმალური იყოს ან სრულიად დაიკარგოს. ზოგჯერ განსაკუთრებით ირღვევა ფერადი მხედველობა, მაგრამ ამას ადამიანები ვერც ამჩნევენ. დაავადებას ასევე ახასიათებს ტკივილი თვალის მოძრაობისას. გამომწვევი მიზეზის მიხედვით მხედველობა შესაძლოა რამდენიმე თვეში აღდგეს, თუმცა, ზოგჯერ ოპტიკური ნევრიტი განმეორებით რამდენჯერმე ვითარდება.
დიაგნოზის დასასმელად ექიმი გუგების რეაქციას გამოიკვლევს და თვალის უკანა ნაწილს დაათვალიერებს ოფთალმოსკოპით. მხედველობის ნერვის დისკო ანუ ის ნაწილი, რომელიც თვალის უკანა კედელზე მდებარეობს, შეიძლება შეშუპებული იყოს. მხედველობის ველის გამოკვლევით ზოგჯერ ვლინდება მისი რომელიმე უბნის გამოვარდნა. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით (მრტ) შესაძლებელია მრავლობითი სკლეროზის ნიშნების ან სიმსივნის გამოვლენა, რომელიც მხედველობის ნერვს აწვება.
ზოგ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მრავლობითი სკლეროზია სავარაუდო მიზეზი, კორტიკოსტეროიდები გამოიყენება ვენაში გადასასხმელი ფორმით. ეს წამლები აჩქარებს გამოჯანმრთელებას და ამცირებს დაავადების ხელახლა განვითარების რისკს. თუ სიმსივნე აწვება მხედველობის ნერვს, ზეწოლის მოხსნის შემდეგ მხედველობა, როგორც წესი, უმჯობესდება.