1. მხედველობის ნერვის ნევრიტი
  2. მხედველობის ნერვის დაავადებები
  3. მხედველობის სისტემის დაავადებები
მხედველობის ნერვის ნევრიტი

ოპტიკური ნევრიტი მხედველობის ნერვის ანთებაა, რომელიც შეიძლება მის მთელ სიგრძეზე, ნებისმიერ ნაწილში განვითარდეს.

  • მრავლობითი სკლეროზი ამისი ყველაზე ხშირი მიზეზია

  • ზოგჯერ მხედველობას კარგავს ადამიანი და თვალის მოძრაობა მტკივნეული ხდება

  • დიაგნოსტიკისთვის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია კეთდება

  • თუ მრავლობითი სკლეროზია სავარაუდო მიზეზი, კორტიკოსტეროიდები ინიშნება.

ოპტიკურ ნევრიტს ყველაზე ხშირად მრავლობითი სკლეროზი იწვევს. ზოგ ადამიანს, ეს უკანასკნელი მოგვიანებით, მხედველობის ნევრიტის განვითარების შემდეგ უვლინდება. ნევრიტის მიზეზი ასევე შეიძლება იყოს:

  • ინფექციები, მაგ. ვირუსული (განსაკუთრებით ბავშვებში), მენინგიტი, სიფილისი, სინუსიტი, ტუბერკულოზი და ადამიანის იმუნიდეფიციტის ვირუსით (აივ) გამოწვეული ინფექცია

  • სიმსივნეები

  • ქიმიური ნივთიერებები და წამლები, მაგ. ტყვია, მეთილის სპირტი, ქვინინი, დარიშხანი და ზოგი ანტიბიოტიკი

  • ზოგიერთი ავტოიმუნური დაავადება

  • თვალშიდა ანთება

იშვიათი მიზეზებიდან აღსანიშნავია: შაქრიანი დიაბეტი, პერნიციოზული ანემია, გრეივსის დაავადება, ფუტკრის ნაკბენი, აცრები და ტრავმა. თუმცაღა, ოპტიკური ნევრიტის მიზეზის დადგენა ხშირად მაინც ვერ ხერხდება.

სიმპტომები

ოპტიკური ნევრიტი მხედველობის დაქვეითებას იწვევს, რაც შეიძლება იყოს მსუბუქი ან მძიმე, ცალ ან ორივე თვალში. ეს შესაძლოა სულ რამდენიმე დღეში განვითარდეს. მხედველობა დაზიანებულ თვალში შეიძლება თითქმის ნორმალური იყოს ან სრულიად დაიკარგოს. ზოგჯერ განსაკუთრებით ირღვევა ფერადი მხედველობა, მაგრამ ამას ადამიანები ვერც ამჩნევენ. დაავადებას ასევე ახასიათებს ტკივილი თვალის მოძრაობისას. გამომწვევი მიზეზის მიხედვით მხედველობა შესაძლოა რამდენიმე თვეში აღდგეს, თუმცა, ზოგჯერ ოპტიკური ნევრიტი განმეორებით რამდენჯერმე ვითარდება.

დიაგნოზი

დიაგნოზის დასასმელად ექიმი გუგების რეაქციას გამოიკვლევს და თვალის უკანა ნაწილს დაათვალიერებს ოფთალმოსკოპით. მხედველობის ნერვის დისკო ანუ ის ნაწილი, რომელიც თვალის უკანა კედელზე მდებარეობს, შეიძლება შეშუპებული იყოს. მხედველობის ველის გამოკვლევით ზოგჯერ ვლინდება მისი რომელიმე უბნის გამოვარდნა. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით (მრტ) შესაძლებელია მრავლობითი სკლეროზის ნიშნების ან სიმსივნის გამოვლენა, რომელიც მხედველობის ნერვს აწვება.

მკურნალობა

ზოგ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მრავლობითი სკლეროზია სავარაუდო მიზეზი, კორტიკოსტეროიდები გამოიყენება ვენაში გადასასხმელი ფორმით. ეს წამლები აჩქარებს გამოჯანმრთელებას და ამცირებს დაავადების ხელახლა განვითარების რისკს. თუ სიმსივნე აწვება მხედველობის ნერვს, ზეწოლის მოხსნის შემდეგ მხედველობა, როგორც წესი, უმჯობესდება.