პროსტატიტი | მკურნალი.გე
  1. პროსტატიტი
  2. პროსტატის დაავადებები
  3. მამაკაცების ჯანმრთელობა
პროსტატიტი

პროსტატიტი ვლინდება პროსტატის ერთი ან ორივე ჯირკვლის მტკივნეულობით, შესივებითა და ანთებით.

  • გამომწვევი მიზეზი ზოგჯერ არის ინფექცია;

  • ტკივილი იგრძნობა შარდსადენსა და სწორ ნაწლავს შორის ან ზურგის ქვედა ნაწილში, პენისში ან სათესლე ჯირკვლებში;

  • მამაკაცს აღენიშნება შარდვის ხშირი და მოულოდნელი მოთხოვნილება. ერექცია, ეაკულაცია და დეფეკაცია შეიძლება იყოს მტკივნეული;

  • უნდა დაითესოს შარდი და ზოგჯერ პროსტატის ჯირკვლიდან გამოჟონილი სითხე;

  • ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ გამოიყენება ანტიბიოტიკები;

  • პროსტატიტის სიმპტომების სამკურნალოდ, გამომწვევი მიზეზების მიუხედავად, გამოიყენება თბილი აბაზანები მჯდომარე მდგომარეობაში, რელაქსაციის მეთოდები და მედიკამენტები.

პროსტატიტის მიზეზი ხშირად უცნობია. პროსტატიტის განვითარება შეიძლება გამოიწვიოს პროსტატაში საშარდე სისტემიდან გავრცელებულმა ბაქტერიულმა ინფექციამ ან სისხლის ნაკადში არსებულმა ბაქტერიებმა. ბაქტერიული ინფექცია შეიძლება მიმდინარეობდეს დუნედ და ახასიათებდეს რეციდივის განვითარების ტენდენცია (ქრონიკული პროსტატიტი) ან განვითარდეს ძალიან სწრაფად (მწვავე ბაქტერიული პროსტატიტი). ზოგიერთ შემთხვევაში პროსტატიტი შეიძლება განვითარდეს ბაქტერიული ინფექციის გარეშეც. ამ ტიპის პროსტატიტის დროს ანთება შეიძლება იყოს ან არც იყოს. იშვიათ შემთხვევაში, ინფექციის გარეშე პროსტატიტი იწვევს ანთებას, მაგრამ – უსიმპტომოდ.

სიმპტომები

ყველა ტიპის პროსტატიტის დროს, არსებული სიმპტომების უმეტესობა გამოწვეულია შარდის ბუშტის და მენჯის კუნთების სპაზმით, განსაკუთრებით, შარდსადენსა და სწორ ნაწლავს შორის მიდამოში (perineum). ტკივილი იგრძნობა პერინეუმში, ზურგის ქვედა მიდამოში და ხშირად პენისსა და სათესლე ჯირკვლებში. მამაკაცებს აგრეთვე შეიძლება ჰქონდეთ ხშირი და მოულოდნელი შარდვის მოთხოვნილება, მოშარდვის დროს ტკივილი ან წვის შეგრძნება. ზოგჯერ ტკივილის გამო ერექცია და ეაკულაცია რთულდება ან მტკივნეულია. ამ დროს შეიძლება განვითარდეს შეკრულობა, რის გამოც მტკივნეული ხდება დეფეკაცია. მწვავე ბაქტერიული პროსტატიტის დროს სიმპტომები უფრო მძიმედ არის გამოხატული. ზოგიერთი სიმპტომი, როგორებიცაა ცხელება, შარდვის სირთულეები და სისხლი შარდში, შეიძლება ხშირად განმეორდეს. ბაქტერიული ინფექციის შედეგად შეიძლება მოხდეს ჩირქის დაგროვება (აბსცესი) პროსტატაში ან ეპიდიდიმისში (ეპიდიდიმისის ანთება).

დიაგნოზი

პროსტატიტის დიაგნოზს, ჩვეულებრივ, გამოვლენილი სიმპტომებისა და ფიზიკური გასინჯვის საფუძველზე სვამენ. პროსტატა, რექტალური გასინჯვის დროს, არის შეშუპებული და შეხებით მგრძნობიარე, განსაკუთრებით მწვავე ბაქტერიული პროსტატიტის შემთხვევაში. უნდა ჩატარდეს შარდისა და პროსტატის მასაჟით გამოჟონილი სითხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა. შარდის ანალიზით ვლინდება საშარდე სისტემაში ბაქტერიული ინფექციის არსებობა. ამასთან, თუ პროსტატიდან გამოჟონილ სითხეში აღმოჩნდება ინფექცია, ეს უდავოდ მიუთითებს პროსტატაში არსებულ ინფექციაზე. ბაქტერიული ინფექციის გარეშე განვითარებული პროსტატიტის შემთხვევაში შარდის ნაცხში არანაირი ინფექცია არ ვლინდება.

მკურნალობა

ინფექციის არარსებობა: როცა გამოსაკვლევი ნიმუშის დათესვით არ ვლინდება ბაქტერიული ინფექცია, პროსტატიტის მკურნალობა უფრო რთულია. მკურნალობის მეთოდების უმეტესობა ამცირებს სიმპტომებს, მაგრამ არ კურნავს პროსტატიტს. სამკურნალო მეთოდები ასევე გამოიყენება ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტის დროს სიმპტომების შესამსუბუქებლად, თუმცა არ არის დადგენილი, ამგვარი მკურნალობა რატომ შეიძლება იყოს ეფექტიანი.

არამედიკამენტოზურ მკურნალობას მიეკუთვნება პროსტატის პერიოდული მასაჟი (რომელსაც სწორი ნაწლავიდან აკეთებს ექიმი) და თბილი აბაზანები ჯდომით მდგომარეობაში. შესაძლოა, ასევე, რელაქსაციური მეთოდების გამოყენება მენჯის კუნთების სპაზმისა და ტკივილის შესამცირებლად.

მედიკამენტოზური თერაპიის მეთოდებს შორის გამოიყენება განავლის დამარბილებელი საშუალებები, რომლებმაც შეიძლება შეასუსტოს შეკრულობით გამოწვეული დეფეკაციის მტკივნეულობა. ანალგეტიკებმა და ანტიანთებითმა მედიკამენტებმა, გამომწვევი მიზეზების მიუხედავად, შეიძლება შეამციროს ტკივილი და შეშუპება. ალფა-ადრენერგიულმა ბლოკატორებმა (როგორებიცაა დოქსაზოსინი, ტერაზოსინი, ტამსულოსინი და ალფუზოსინი) შეიძლება შეამციროს სიმპტომები პროსტატის შიდა კუნთების რელაქსაციის გზით. ანტიბიოტიკებმა შეიძლება ზოგჯერ შეამციროს სიმპტომები არაბაქტერიული პროსტატიტის დროსაც, თუმცა, ჯერჯერობით გაურკვეველია ასეთ შემთხვევებში ანტიბიოტიკით მკურნალობის ეფექტიანობის მიზეზი. თუ, მკურნალობის მიუხედავად, სიმპტომების სიმძიმე იგივე რჩება, როგორც ბოლო საშუალება, შეიძლება პროსტატის ნაწილობრივი ამოღება განვიხილოთ. პროსტატიტის დესტრუქცია მიკროტალღებით ან ლაზერის ზემოქმედებით წარმოადგენს ალტერნატივას.

ინფექცია: მწვავე ბაქტერიული პროსტატიტის სამკურნალოდ ინიშნება ორალური ანტიბიოტიკები (როგორებიცაა ოფლოქსაცინი, ლევოფლოქსაცინი, ციპროფლოქსაცინი ან ტრიმეთოპრიმსულფა მეტოქსაზოლი), რომლებსაც შეუძლიათ პროსტატის ქსოვილში შეღწევა. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს 30 დღე, რადგან ნაკლები დროით ანტიბიოტიკების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ინფექციის ქრონიზაცია. ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტის მკურნალობა რთულია. ის უნდა გაგრძელდეს 6 კვირა იმ ანტიბიოტიკით, რომელიც პროსტატის ქსოვილში აღწევს. თუ ადგილი აქვს პროსტატის აბსცესს, ჩვეულებრივ, აუცილებელია ჩატარდეს დრენაჟი ქირურგიული მეთოდით.