გარეთა სასქესო ორგანოები | მკურნალი.გე
  1. გარეთა სასქესო ორგანოები
  2. ქალის რეპროდუქციული სისტემის ბიოლოგია
  3. ქალთა ჯანმრთელობა
გარეთა სასქესო ორგანოები

გარეთა სასქესო ორგანოები მოიცავს: ბოქვენის შემაღლებას, დიდ სასირცხო ბაგეებს, მცირე სასირცხო ბაგეებს, ბართოლინის ჯირკვლებსა და კლიტორს. მიდამოს, სადაც ჩამოთვლილი ორგანოებია განლაგებული, ვულვა ეწოდება. გარეთა სასქესო ორგანოებს სამი ძირითადი ფუნქცია აკისრია:

  • სხეულში სპერმის შეღწევის ხელშეწყობა

  • შიგნითა სასქესო ორგანოების დაცვა ინფექციის გავრცელებისაგან

  • სქესობრივი სიამოვნების მიღება

ბოქვენის შემაღლება მომრგვალო ფორმის, ცხიმოვანი ქსოვილისაგან შემდგარი ბორცვია ბოქვენის ძვალზე. სქესობრივი მომწიფების პერიოდიდან იგი თმოვანი საფარველით იფარება. ბოქვენის არე ცხიმის გამომყოფ ჯირკვლებს შეიცავს, რომლებიც გამოიმუშავებს სქესობრივი ლტოლვის განვითარებაში მონაწილე ნივთიერებებს (ფერომონებს). დიდი სასირცხო ბაგეები (უფრო ზუსტად, დიდი ბაგეები) შედარებით დიდი ზომის, რბილი ქსოვილისაგან წარმოქმნილი კანის ნაკეცია, რომელიც ფარავს და იცავს სხვა გარეთა სასქესო ორგანოებს. იგი მამაკაცებში სათესლე პარკის შესაბამისი წარმონაქმნია. დიდი სასირცხო ბაგეები საოფლე და ცხიმოვან ჯირკვლებს შეიცავს, რომლებიც საპოხი დანიშნულების სეკრეტს გამოიმუშავებენ. სქესობრივი მომწიფების შემდეგ, დიდ ბაგეებზე თმოვანი საფარველი ვითარდება.

მცირე სასირცხო ბაგეები (უფრო ზუსტად, მცირე ბაგეები), შეიძლება ძალიან მცირე ზომის ან 2 ინჩამდე (5 სმ-მდე) სიგანის იყოს. მცირე ბაგეები უშუალოდ დიდი ბაგეების შიგნით მდებარეობს და გარს აკრავს საშოსა და შარდსადენის ხვრელებს. სისხლძარღვებით უხვად მომარაგება მას ვარდისფერ შეფერილობას აძლევს. სექსუალური სტიმულების მოქმედებით, აღნიშნული სისხლძარღვები სისხლით ივსება, რაც მათ შეშუპებას აძლიერებს და სტიმულაციისადმი უფრო მგრძნობიარეს ხდის.

დიდი ბაგეების ქვემოთ, საშოს შესავალსა და ანუსს შორის არსებულ სივრცეს, შორისი ეწოდება. იგი სიმაღლეში 1-დან 2 ინჩამდე (2-5 სანტიმეტრამდე) იცვლება.

დიდი ბაგეები და შორისი დაფარულია კანით, რომელიც სხეულის სხვა მიდამოების კანის მსგავსია. კანი სქელი, მშრალი და ზოგჯერ ქერცლიანია. მის საპირისპიროდ, მცირე ბაგეები დაფარულია ლორწოვანი გარსით, რომლის ზედაპირიც სპეციალური უჯრედების მიერ გამომუშავებული სითხით მუდმივად სველდება.

საშოს არხს საშოს შესავალს უწოდებენ. იგი პენისის შესავალია სქესობრივი კონტაქტის დროს. ამავე გზით გამოდის გარეთ მენსტრუალური სისხლი, გამონადენი და ბავშვი – მშობიარობისას. სტიმულაციით, ბართოლინის ჯირკვლები (მოთავსებულია საშოს შესავლის გვერდებზე) გამოჰყოფენ სქელ სითხეს, რომელსაც სქესობრივი კავშირის დროს საპოხი ფუნქცია აკისრია. შარდსადენის ხვრელი, რომლითაც შარდის ბუშტიდან შარდი გარეთ გამოიყოფა, საშოს შესავლის წინ და ზემოთ მდებარეობს.

კლიტორი მოთავსებულია მცირე ბაგეების ზედა შესართავთან. ის მცირე ზომის წარმონაქმნია, რომელიც მამაკაცებში პენისის შესაბამისია. კლიტორი, პენისის მსგავსად, ძალზე მგრძნობიარეა სექსუალური სტიმულაციისადმი და ერექციას განიცდის. ამ მიდამოს სტიმულაცია ორგაზმს იწვევს.