სქესობრივი მომწიფება | მკურნალი.გე
  1. სქესობრივი მომწიფება
  2. ქალის რეპროდუქციული სისტემის ბიოლოგია
  3. ქალთა ჯანმრთელობა
სქესობრივი მომწიფება

სქესობრივი მომწიფება გარკვეული მოვლენებისა და ცვლილებების შედეგია, რასაც მოჰყვება მოზრდილისთვის დამახასიათებელი ფიზიკური ნიშნებისა და გამრავლების უნარის განვითარება. აღნიშნული ფიზიკური ცვლილებები რეგულირდება ჰიპოფიზის მიერ გამომუშავებული მალუთეინიზირებელი და ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონების დონის ცვლილებით. დაბადებისას აღნიშნული ჰორმონების დონე მაღალია, თუმცა რამდენიმე თვეში მცირდება და დაბალი რჩება სქესობრივი მომწიფების პერიოდამდე. სქესობრივი მომწიფების ადრეულ პერიოდში მალუთეინიზირებელი და ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონების დონე იმატებს და ახდენს სასქესო ჰორმონების გამომუშავების სტიმულაციას. სასქესო ჰორმონების (თავდაპირველად, ესტროგენი) მომატება იწვევს ფიზიკური ცვლილებების განვითარებას, მათ შორის, სარძევე ჯირკვლების, საკვერცხეების, საშვილოსნოსა და საშოს ზრდას. აღნიშნული ცვლილებები სქესობრივი მომწიფების პერიოდში თანმიმდევრულად ვლინდება, რაც სქესობრივ მომწიფებას განაპირობებს.

სქესობრივი მომწიფების პირველი ნიშანია სარძევე ჯირკვლების განვითარების დაწყება (ჯირკვლების გაჯირჯვება). აშშ-ში მცხოვრებ გოგონებს აღნიშნული ცვლილებები 8-13 წლის ასაკში უვლინდებათ. მალევე იწყებს ზრდას ბოქვენისა და იღლიის თმოვანი საფარველი. ინტერვალი სარძევე ჯირკვლების გაჯირჯვებიდან პირველი მენსტრუალური ციკლის დაწყებამდე, ჩვეულებრივ 2,5 წელია. აშშ-ში გოგონებს პირველი მენსტრუალური ციკლი საშუალოდ 13 წლის ასაკიდან ეწყებათ. იცვლება გოგონების სხეულის მოყვანილობა და მატულობს სხეულის ცხიმის რაოდენობა.

სქესობრივი მომწიფების თანმხლები სწრაფი ზრდა ბოქვენისა და იღლიის თმოვანი საფარველის ზრდის პერიოდიდან იწყება. ზრდის ტემპი ყველაზე სწრაფია სქესობრივი მომწიფების ადრეულ პერიოდში (მენსტრუალური ციკლის დაწყებამდე) და პიკს 12 წლის ასაკისათვის აღწევს. შემდეგ ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად კლებულობს და, ჩვეულებრივ, 14-16 წლის ასაკში ჩერდება.