მენსტრუალური ციკლი | მკურნალი.გე
  1. მენსტრუალური ციკლი
  2. ქალის რეპროდუქციული სისტემის ბიოლოგია
  3. ქალთა ჯანმრთელობა
მენსტრუალური ციკლი

მენსტრუაცია არის საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის (ენდომეტრიუმი) ჩამოშლა, რომელსაც თან ახლავს სისხლდენა. იგი მეორდება დაახლოებით ყოველთვიურად, ციკლურად, ქალის რეპროდუქციული პერიოდის განმავლობაში, ორსულობის გამოკლებით. მენსტრუაცია სქესობრივი მომწიფების პერიოდიდან იწყება (მენარქე) და წყდება მენოპაუზაში.

განსაზღვრების მიხედვით, მენსტრუალური ციკლი იწყება სისხლდენის პირველი დღიდან, რომელიც პირველ დღედ ჩაითვლება. სრული ციკლი შემდგომი მენსტრუაციის დაწყებამდე მთავრდება. მენსტრუალური ციკლი 25-36 დღემდე გრძელდება. ქალების მხოლოდ 10-15%-ს აქვს ზუსტად 28-დღიანი ციკლი. ჩვეულებრივ, ციკლის ხანგრძლივობა ძირითადად ცვალებადია და ინტერვალებიც ყველაზე ხანგრძლივია მენარქეს შემდეგ და მენოპაუზამდე რამდენიმე წელი.

მენსტრუალური სისხლდენა 3-დან 7 დღემდე, საშუალოდ 5 დღე გრძელდება. დაკარგული სისხლის რაოდენობა 0,5 დან 2,5 უნციამდეა (14-70გ). ჰიგიენური საფენი ან ტამპონი, სახეობის მიხედვით, ერთ უნციამდე (28,6გ) სისხლს იკავებს. მენსტრუალური სისხლი, ტრავმის დროს წამოსული სისხლისაგან განსხვავებით, არ დედდება, თუ მენსტრუალური სისხლდენა ძალიან ძლიერი არაა.

მენსტრუალური ციკლი ჰორმონებით რეგულირდება. მალუთეინიზირებელი და ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონები ჰიპოფიზის მიერ გამომუშავდება, ხელს უწყობს ოვულაციას და ასტიმულირებს საკვერცხის მიერ ესტროგენებისა და პროგესტერონის გამომუშავებას. ესტროგენი და პროგესტერონი, თავის მხრივ, ასტიმულირებს საშვილოსნოსა და სარძევე ჯირკვლებს და ამზადებს მათ მოსალოდნელი განაყოფიერებისათვის. ციკლი სამი ფაზისაგან შედგება: ფოლიკულური (კვერცხუჯრედის მომწიფებამდე), ოვულაციური (კვერცხუჯრედის მომწიფება) და ლუთეინური ფაზა (კვერცხუჯრედის მომწიფების შემდეგ).

ფოლიკულური ფაზა: ფაზა იწყება მენსტრუალური სისხლდენის პირველი დღიდან (დღე 1). ფაზის მნიშვნელოვანი მოვლენაა საკვერცხეში ფოლიკულების განვითარება.

ფოლიკულური ფაზის დასაწყისში, საშვილოსნოს ლორწოვანი გარსი (ენდომეტრიუმი) სქელია სითხისა და საკვები ნივთიერებების გამო, რომლებიც ემბრიონის საკვებადაა განკუთვნილი. თუ კვერცხუჯრედი არ განაყოფიერდება, ესტროგენებისა და პროგესტერონის დონე მცირდება. შედეგად ენდომეტრიუმის ზედა ფენა ჩამოიშლება და მენსტრუალური სისხლდენა იწყება.

ამ დროისათვის მცირედით იზრდება ჰიპოფიზის მიერ ფოლიკულო-მასტიმულირებელი ჰორმონის გამოყოფა. აღნიშნული ჰორმონი ასტიმულირებს 3-დან 30-მდე ფოლიკულის ზრდა-განვითარებას. თითო ფოლიკული ერთ კვერცხუჯრედს შეიცავს. მოგვიანებით, როდესაც აღნიშნული ჰორმონის დონე მცირდება, მხოლოდ ერთი ფოლიკული გააგრძელებს ზრდას (ეწოდება დომინანტური ფოლიკული). მალევე, იგი დაიწყებს ესტროგენის გამომუშავებას, ხოლო სხვა ფოლიკულები განილევა.

ფოლიკულური ფაზა საშუალოდ 13-14 დღეს გრძელდება. სამი ფაზიდან, აღნიშნული ფაზა ხანგრძლივობის მხრივ ყველაზე ცვალებადია. მენოპაუზის მოახლოებისას იგი თანდათან მოკლდება. ფაზა სრულდება მალუთეინიზირებელი ჰორმონის მკვეთრი მომატებით (პიკური მატება). ჰორმონის პიკური მატება იწვევს ფოლიკულიდან კვერცხუჯრედის გადმოსვლას (ოვულაცია).

ოვულაციური ფაზა: ფაზა იწყება მალუთეინიზირებელი ჰორმონის მკვეთრი მატებით. აღნიშნული ჰორმონი ასტიმულირებს დომინანტური ფოლიკულის საკვერცხის ზედაპირზე თანდათან ამობერვას, საბოლოოდ მის გასკდომას და კვერცხუჯრედის გამოთავისუფლებას. ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის დონე ნაკლები ხარისხით იმატებს. მისი მატების მნიშვნელობა ბოლომდე ნათელი არაა.

ოვულაციის ფაზა 16-დან 32 საათამდე გრძელდება და სრულდება ფოლიკულიდან კვერცხუჯრედის გადმოსვლით.

კვერცხუჯრედის გადმოსვლიდან 12-24 საათში, მალუთეინიზირებელი ჰორმონის პიკური მომატების გამოვლენა შესაძლებელია შარდში ჰორმონის განსაზღვრით და იგი გამოიყენება ქალის ფერტილური (ნაყოფიერი) პერიოდის დასადგენად. კვერცხუჯრედის განაყოფიერება შესაძლებელია მისი გამოთავისუფლებიდან მხოლოდ 12 საათის განმავლობაში. განაყოფიერების ალბათობა მაღალია, როდესაც კვერცხუჯრედის გამოთავისუფლებამდე სპერმა რეპროდუქციულ ტრაქტში იმყოფება.

ოვულაციის პერიოდში ზოგი ქალი მუცლის ქვედა ნაწილში, რომელიმე მხარეზე ყრუ ტკივილს გრძნობს. აღნიშნული ტკივილი ცნობილია mittelschmerz-ის სახელით (მენსტრუალური ციკლის შუა პერიოდის ტკივილი). ტკივილი რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე შეიძლება გაგრძელდეს, შეიგრძნობა იმავე მხარეზე, სადაც ფოლიკულიდან კვერცხუჯრედი გამოთავისუფლდება, თუმცა ტკივილის ზუსტი მიზეზი უცნობია. შეიძლება ტკივილი უსწრებდეს ან მოსდევდეს ფოლიკულის გასკდომას და ყველა ციკლის დროს არ ვლინდებოდეს. კვერცხუჯრედის მომწიფება საკვერცხეებში თანმიმდევრული მონაცვლეობით არ მიმდინარეობს. ერთი საკვერცხის ამოკვეთის შემთხვევაში, დარჩენილ საკვერცხეში კვერცხუჯრედი ყოველთვიურად მწიფდება.

ლუთეინური ფაზა: ფაზა ოვულაციის შემდეგ იწყება, გრძელდება 14 დღემდე (თუ განაყოფიერება არ განვითარდა) და სრულდება მენსტრუაციის დაწყებამდე. ამ პერიოდში, გამსკდარი ფოლიკული კვერცხუჯრედის გამოთავისუფლების შემდეგ იხურება და წარმოიქმნება ყვითელი სხეული, რომელიც მზარდი რაოდენობით პროგესტერონს გამოიმუშავებს. ყვითელი სხეული საშვილოსნოს ორსულობისათვის ამზადებს. მის მიერ გამომუშავებული პროგესტერონი იწვევს ენდომეტრიუმის გასქელებას და, პოტენციური ნაყოფის საკვებად, ავსებს სითხითა და ნუტრიენტებით (საკვები დანიშნულების ნივთიერებებით).

პროგესტერონი იწვევს საშვილოსნოს ყელის ლორწოს გასქელებას, რაც აძნელებს საშვილოსნოში სპერმისა და ბაქტერიების შეღწევას. პროგესტერონი, ლუთეინური ფაზის განმავლობაში, ასევე იწვევს სხეულის ტემპერატურის მსუბუქ მატებას, რაც მენსტრუალური ციკლის დაწყებამდე ნარჩუნდება. ტემპერატურის მატება გამოიყენება ოვულაციის დასადგენად. ლუთეინური ფაზის უმეტეს ნაწილში ესტროგენის დონე მომატებულია. ესტროგენი ასევე ასტიმულირებს ენდომეტრიუმის გასქელებას.

ესტროგენისა და პროგესტერონის დონის მატება იწვევს სარძევე სადინარების გაფართოებას (დილატაციას), რის შედეგადაც სარძევე ჯირკვლები შუპდება და მტკივნეული ხდება.

თუ კვერცხუჯრედი არ განაყოფიერდა, ყვითელი სხეული 14 დღის შემდეგ უკუგანვითარებას განიცდის და ახალი მენსტრუალური ციკლი დაიწყება. თუ კვერცხუჯრედი განაყოფიერდა, მზარდი ემბრიონის ირგვლივ არსებული უჯრედები იწყებენ ჰორმონის გამომუშავებას, რომელსაც ადამიანის ქორიონული გონადოტროპინი ეწოდება. აღნიშნული ჰორმონი ხელს უწყობს ყვითელი სხეულის შენარჩუნებას, რომელიც პროგესტერონის სინთეზს გააგრძელებს მანამ, სანამ მზარდი ნაყოფი თავად არ დაიწყებს საკუთარი ჰორმონების გამომუშავებას. ორსულობის ტესტები დაფუძნებულია ადამიანის ქორიონული გონადოტროპინის მომატებული რაოდენობის გამოვლენაზე.