1. ნაადრევი მენოპაუზა
  2. მენოპაუზა
  3. ქალთა ჯანმრთელობა
ნაადრევი მენოპაუზა

ნაადრევი მენოპაუზა (საკვერცხეების ნაადრევი უკმარისობა) არის 40 წლის ასაკამდე მენსტრუალური ციკლის შეუქცევადი შეწყვეტა, ვინაიდან ოვულაცია წყდება და საკვერცხეებს აღარ შეუძლია ჰორმონების გამომუშავება.

  • სიმპტომები ისეთივეა, როგორიც ჩვეულებრივი მენოპაუზის შემთხვევაში;

  • მიზეზის დასადგენად ტარდება კვლევები;

  • სიმპტომებს ამსუბუქებს ან ამცირებს სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის, ესტროგენები (მხოლოდ რამდენიმე წლით) და სხვა წამლები;

  • ორსულობის ერთადერთი გზა, სურვილის შემთხვევაში, არის სხვა ქალის კვერცხუჯრედების იმპლანტაცია საშვილოსნოში.

ჰორმონულად, ნაადრევი მენოპაუზა ბუნებრივი მენოპაუზის მსგავსია. საკვერცხეები ძალიან მცირე რაოდენობით ესტროგენს გამოიმუშავებს.

ნაადრევ მენოპაუზას მრავალი მიზეზი იწვევს:

  • გენეტიკური დარღვევები: შეიძლება ცვლილე-

ბები განიცადოს ქრომოსომებმა, მათ შორის, სასქესო ქრომოსომებმა. სასქესო ქრომოსომების ცვლილებას მიეკუთვნება ტერნერის სინდრომი და Y ქრომოსომის ანომალია (რომელიც ნორმალურად მხოლოდ მამაკაცებს შორის ვლინდება);

  • ავტოიმუნური დაავადებები: ორგანიზმი გამოიმუშავებს პათოლოგიურ ანტისხეულებს, რომლებიც თავს ესხმიან ორგანიზმის ქსოვილებს, მათ შორის, საკვერცხეებს. ასეთი დაავადებებია, მაგალითად, თიროიდიტი, ვიტილიგო და დიდი მიასთენია;

  • მეტაბოლური დაავადებები: მაგალითად, ადისონის დაავადება და დიაბეტი;

  • ვირუსული ინფექციები: მაგალითად, ყბაყურა;

  • ონკოლოგიური დაავადების გამო ჩატარებული ქიმიოთერაპია;

  • სხივური თერაპია;

  • საკვერცხეების ქირურგიული წესით ამოკვეთა: საშვილოსნოს ქირურგიულად ამოკვეთის (ჰისტერექტომია) შემდეგ მენსტრუალური ციკლი წყდება, მაგრამ მენოპაუზა არ ვითარდება, რადგან საკვერცხეები ფუნქციონირებას აგრძელებს;

  • ტოქსინები: მაგალითად, თამბაქო.

ნაადრევი მენოპაუზის დროს სიმპტომები ისეთივეა, როგორიც ფიზიოლოგიურის შემთხვევაში – წამოხურება და ხასიათის ცვლილებები. Y ქრომოსომის არსებობა ზრდის საკვერცხეების კიბოს განვითარების რისკს.

დიაგნოზი

ექიმი ნაადრევ მენოპაუზას ეჭვობს, როდესაც ქალს 40 წელზე ახალგაზრდა ასაკში მენოპაუზის სიმპტომები ეწყება. ტარდება ორსულობის დასადგენი ტესტი და, დიაგნოზის დადასტურების მიზნით, რამდენჯერმე მოწმდება ესტროგენისა და ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის (ასტიმულირებს საკვერცხის მიერ ესტროგენისა და პროგესტერონის გამომუშავებას) დონე.

დამატებითი ტესტების ჩატარების მიზანია ნაადრევი მენოპაუზის მიზეზების გამოვლენა, ქალის ჯანმრთელობის რისკების შეფასება და მკურნალობის შერჩევა.

35 წელზე ახალგაზრდა ასაკში სასურველია, ჩატარდეს ქრომოსომული ანალიზი. ქრომოსომული პათოლოგიის აღმოჩენის შემთხვევაში, საჭირო იქნება დამატებითი პროცედურები და მკურნალობა.

მკურნალობა

სიმპტომების სამკურნალოდ გამოიყენება ესტროგენები და სხვა საშუალებები, რომლებიც ფიზიოლოგიური მენოპაუზის შემთხვევაში ინიშნება.

თუ ნაადრევი მენოპაუზის შემთხვევაში ქალს დაფეხმძიმება სურს, ექიმები ურჩევენ ინ ვიტრო (სინჯარაში) განაყოფიერებას. სხვა ქალისაგან აღებული კვერცხუჯრედები (დონორის კვერცხუჯრედები), ლაბორატორიულად განაყოფიერების შემდეგ ინერგება საშვილოსნოში. ორსულობის შენარჩუნების მიზნით, ინიშნება ესტროგენი და პროგესტინი. აღნიშნული ტექნოლოგია ქალს დაფეხმძიმების 50%-მდე შანსს აძლევს. სხვა შემთხვევაში შანსი 10%-ზე ნაკლებია.

თუ ქალს Y ქრომოსომა აქვს, საკვერცხეების კიბოს განვითარების რისკის შემცირების მიზნით, საჭიროა საკვერცხეების ქირურგიულად ამოკვეთა.