1. ამენორეა
  2. მენსტრუაციის დარღვევები და პათოლოგიური სისხლდენა საშოდან
  3. ქალთა ჯანმრთელობა
ამენორეა

ამენორეა მენსტრუალური ციკლის არარსებობაა.

  • მენსტრუალური ციკლი შეიძლება არასდროს დაიწყოს ან დაიწყოს და შემდეგ შეწყდეს;

  • ამენორეა სხვადასხვა დაავადების ან ისეთი მედიკამენტების მიღების შედეგია, რომლებიც აზიანებს მენსტრუალური ციკლის რთული ჰორმონული რეგულაციის რომელიმე ნაწილს;

  • მიზეზის მიხედვით, ამენორეას შეიძლება თან ახლდეს სხეულზე ჭარბი თმოვანი საფარველი, თავის ტკივილი, წამოხურება, საშოს სიმშრალე;

  • დიაგნოზი ისმება ქალის მენტრუალური ციკლის ანამნეზით, თუმცა მიზეზის დასადგენად ზოგჯერ საჭიროა ინფორმაცია სიმპტომების თაობაზე, ფიზიკური გასინჯვა და სხვა ტესტები;

  • თუ შესაძლებელია, ტარდება ამენორეის გამომწვევი მიზეზის მკურნალობა;

  • მოზარდ გოგონებს, რომელთაც ციკლი არასდროს ჰქონიათ, მენსტრუაციის დასაწყებად შეიძლება ჰორმონული საშუალებები დაენიშნოთ.

იშვიათად, ქალს სქესობრივი მომწიფება არ ეწყება, შესაბამისად, მენსტრუაცია არასდროს ვლინდება. აღნიშნულ მდგომარეობას პირველადი ამენორეა ეწოდება. სხვა შემთხვევაში, მენსტრუალური ციკლი სქესობრივი მომწიფების პერიოდში იწყება, თუმცა შემდეგ წყდება და მას მეორეული ამენორეა ეწოდება. ამენორეა ნორმალურად ითვლება სქესობრივ მომწიფებამდე, ორსულობის დროს, ძუძუთი კვების პერიოდში და მენოპაუზის შემდგომ.

ამენორეა ასევე კლასიფიცირდება შემდეგი თავისებურებების მიხედვით:

  • მწიფდება (ოვულაციური) თუ არა (ანოვულატორული) კვერცხუჯრედი;

  • სად ვითარდება დარღვევა: ჰიპოთალამუსში (მართავს მენსტრუალური ციკლის მარეგულირებელ ჰორმონებს), ჰიპოფიზში (გამოიმუშავებს ჰორმონებს, რომლებიც ასტიმულირებს საკვერცხეებს) თუ საკვერცხეებში (გამოიმუშავებს მენსტრუალური ციკლის მარეგულირებელ ჰორმონებს);

  • რა სახის დარღვევები განაპირობებს მას – გენეტიკური, სტრუქტურული, ჰორმონული, ავტოიმუნური თუ სხვა.

ქალების უმრავლესობას ანოვულატორული ამენორეა აქვს (რაც ნიშნავს, რომ კვერცხუჯრედი არ მწიფდება).

ამენორეა ორსულობის (მეორეული ამენორეის უხშირესი მიზეზი) ან რაიმე სერიოზული დარღვევის პირველი ნიშანი შეიძლება იყოს, რომელიც შემდგომ შეფასებას საჭიროებს.

მიზეზები

მენსტრუალური ციკლის მარეგულირებელი რთული ჰორმონული სისტემის ნებისმიერ ნაწილში აღმოცენებულმა დარღვევამ შეიძლება ამენორეა გამოიწვიოს. აღნიშნული სისტემა მოიცავს ჰიპოთალამუსს, ჰიპოფიზს, საკვერცხეებს, თირკმელზედა და ფარისებრ ჯირკვლებს. ჩამოთვლილი ორგანოების ფუნქციის მოშლა, იმის მიხედვით, თუ როდის ვითარდება, პირველად ან მეორეულ ამენორეას იწვევს და ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა დაავადება (მათ შორის, გენეტიკური, ჰორმონული და ავტოიმუნური დაავადებები), ინფექციები, სიმსივნეები, ტრავმები, სხივური თერაპია და სხვადასხვა მედიკამენტი.

ზოგიერთი მდგომარეობა, როგორიცაა, მაგალითად, ქვემოთ მოყვანილი პრობლემები, მხოლოდ პირველად ამენორეას იწვევს:

  • საშვილოსნოს ან ფალოპის მილების თანდაყოლილი დეფექტი;

  • ქრომოსომული დაავადებები, როგორიცაა ტერნერის სინდრომი (ამ დროს უჯრედები, ორის ნაცვლად, ერთ X ქრომოსომას შეიცავს).

ზოგი გენეტიკური დაავადების დროს ოვულაცია არასდროს იწყება და სქესობრივი მომწიფება და მეორეული სასქესო ნიშნები ნორმალურად არ ყალიბდება.

ზოგი მდგომარეობა კი, როგორიცაა, მაგალითად, ქვემოთ ჩამოთვლილი, მხოლოდ მეორეულ ამენორეას იწვევს:

  • პოლიკისტური საკვერცხის სინდრომი (ახასიათებს არარეგულარული მენსტრუალური ციკლები ან მისი არარსებობა, სიმსუქნე, მამრობითი სასქესო ჰორმონების მომატებული რაოდენობა და ხშირად საკვერცხეებში კისტების არსებობა);

  • ბუშტნამქერი (სიმსივნე, რომელიც ვითარდება არასწორად განაყოფიერებული კვერცხუჯრედიდან ან პლაცენტიდან);

  • აშერმანის სინდრომი (საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის დანაწიბურება ინფექციის ან ქირურგიული ჩარევის შედეგად);

  • მენსტრუალური ციკლის მქონე ქალების მიერ გარკვეული მედიკამენტების მიღება (მათ შორის, ჰალუცინოგენები, კოკაინი, ოპიოიდები, ქიმიოპრეპარატები, ანტიფსიქოზური საშუალებები, ანტიდეპრესანტები და ორალური კონტრაცეპტივები).

სხვადასხვა დაავადებამ და სტრესმა, შინაგანი თუ სიტუაციური საკითხებიდან გამომდინარე, ამენორეის ნებისმიერი ტიპი შეიძლება გამოიწვიოს. სტრესი გავლენას ახდენს თავის ტვინის მიერ საკვერცხეების ფუნქციის კონტროლზე (ჰორმონების საშუალებით). მაგალითად, გადაჭარბებული ფიზიკური ვარჯიში, კვებითი დარღვევები ან კვების დეფიციტი (ნევროზული ანორექსიის, შიმშილის ან მკაცრი დიეტის დროს) იწვევს თავის ტვინის მიერ ჰიპოფიზისადმი სიგნალის გაგზავნას, რომ შეამციროს საკვერცხის მასტიმულირებელი ჰორმონების გამომუშავება. შედეგად საკვერცხეები ნაკლები რაოდენობით ესტროგენს გამოიმუშავებს და მენსტრუალური ციკლი აღარ იწყება ან წყდება. ასეთივე სტრესი შეიძლება გამოიწვიოს ფსიქიატრიულმა დაავადებებმა, როგორიცაა დეპრესია ან ობსესიურ-კომპულსური დარღვევები.

სიმპტომები

ამენორეას, მიზეზიდან გამომდინარე, შეიძლება ახლდეს ან არ ახლდეს სხვა სიმპტომები. ასეთი შეიძლება იყოს: აკნე, სხეულის ჭარბთმიანობა (ჰირსუტიზმი), ხმის დადაბლება, თავის ტკივილი, მხედველობის დარღვევა, წამოხურება, საშოს სიმშრალე და სქესობრივი ურთიერთობის სურვილის დაქვეითება.

თუ ამენორეა დიდხანს გრძელდება, მან შეიძლება გამოიწვიოს მენოპაუზასთან დაკავშირებული პრობლემები, როგორებიცაა ძვლოვანი სიმკვრივის შემცირება (ოსტეოპოროზი) და გულისა და სისხლძარღვების დაავადებების რისკის ზრდა.

დიაგნოზი

პირველადი ამენორეის დიაგნოზი ისმება, თუ მენსტრუალური ციკლი 16 წლის ასაკამდე არ იწყება. თუ გოგონას სქესობრივი მომწიფების ნიშნები (სარძევე ჯირკვლების განვითარება, ბოქვენის თმიანობა და სიმაღლეში ზრდა) 13 წლის ასაკშიც არ აქვს ან მენსტრუაცია სქესობრივი მომწიფების ნიშნების გამოვლენიდან 5 წელიწადში არ ეწყება, მას სჭირდება შეფასება, შესაძლო პრობლემების გამოვლენის მიზნით. მაგალითად, ექიმები ცდილობენ განსაზღვრონ, ოჯახის სხვა რომელიმე წევრს ხომ არ ჰქონია სქესობრივი მომწიფების შეფერხება ან გენეტიკური დარღვევები.

მეორეული ამენორეის დიაგნოზი ისმება, როდესაც რეპროდუქციული ასაკის ქალს (რომელიც არ არის ორსული, მეძუძური ან მენოპაუზის პერიოდში), რეგულარული ან არარეგულარული მენსტრუალური ციკლების მიუხედავად, სულ მცირე, 6 თვეა შეუწყდა მენსტრუაცია. ზოგჯერ მეორეული ამენორეის დიაგნოზი ისმება, თუ, რეგულარული ციკლების ფონზე, მენსტრუაცია მხოლოდ 3 თვეა შეწყვეტილი. ექიმი სვამს კითხვებს მედიკამენტების მიღების, ფიზიკური ვარჯიშის, კვების თავისებურებებისა და სხვა ისეთი ფაქტორების თაობაზე, რომელთაც შეიძლება ამენორეა გამოიწვიოს.

სქესობრივი მომწიფების ნიშნების მქონე გოგონებს და რეპროდუქციული ასაკის ქალებს, ორსულობის გამორიცხვის მიზნით, ორსულობის დასადგენი ტესტი უტარდებათ.

ფიზიკური გასინჯვა ექიმს ეხმარება შეაფასოს, დაწყებულია თუ არა სქესობრივი მომწიფება და ნორმალურად მიმდინარეობს თუ არა იგი. ფასდება სარძევე ჯირკვლების განვითარება და სქესობრივი მომწიფების სხვა ნიშნების არსებობა, როგორიცაა ბოქვენისა და იღლიის ფოსოს თმიანობა. გენიტალური ორგანოების ნორმალური განვითარების შეფასებისა და დარღვევების გამოვლენის მიზნით, ტარდება მენჯის გასინჯვა.

მიზეზების დადასტურების ან გამოვლენის მიზნით, შეიძლება საჭირო გახდეს შემდეგი კვლევების ჩატარება:

  • ისაზღვრება სისხლში ჰორმონების დონე;

  • ჰიპოფიზის სიმსივნის გამოვლენის მიზნით, ტარდება თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ);

  • საკვერცხეების ან თირკმელზედა ჯირკვლების სიმსივნის სადიაგნოზოდ, შეიძლება კომპიუტერული ტომოგრაფიის (კტ), მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ან ულტრასონოგრაფიის ჩატარება;

  • სისხლდენის პროვოცირების მიზნით, ინიშნება ჰორმონები (ესტროგენი და პროგესტინი). მიღებული შედეგი ექიმს ეხმარება, განსაზღვროს, პათოლოგიური კერა საშვილოსნოშია, ჰიპოფიზში თუ ჰიპოთალამუსში.

მკურნალობა

მიზეზის გამოვლენის შემდეგ, თუ შესაძლებელია, ტარდება შესაბამისი მკურნალობა, მაგალითად, სიმსივნის მოკვეთა. ზოგი დაავადება, მაგალითად, ტერნერის სინდრომი და სხვა გენეტიკური დაავადებები, არ იკურნება.

თუ გოგონას მენსტრუალური ციკლი არასდროს ჰქონია და ჩატარებული კვლევის შედეგები ნორმაშია, სქესობრივი მომწიფების წინსვლის შეფასების მიზნით, 3-6 თვეში ერთხელ უტარდება გამოკვლევა. პროგესტინი და ზოგჯერ ესტროგენი შეიძლება დაინიშნოს მენსტრუალური ციკლის გამოწვევის და მეორეული სასქესო ნიშნების განვითარების, მაგალითად, სარძევე ჯირკვლების ზრდის სტიმულაციის მიზნით.

თუ ქალი ორსულობას გეგმავს, კვერცხუჯრედის მომწიფების გამოწვევის მიზნით, შეიძლება დაენიშნოს ჰორმონული საშუალებები.

ამენორეასთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიცაა ოსტეოპოროზი ან ჭარბთმიანობა, საჭიროებს სათანადო მკურნალობას.