დისფუნქციური სისხლდენა საშვილოსნოდან | მკურნალი.გე
  1. დისფუნქციური სისხლდენა საშვილოსნოდან
  2. მენსტრუაციის დარღვევები და პათოლოგიური სისხლდენა საშოდან
  3. ქალთა ჯანმრთელობა
დისფუნქციური სისხლდენა საშვილოსნოდან

დისფუნქციური სისხლდენა საშვილოსნოდან მენსტრუალური ციკლის ჰორმონული სარეგულაციო მექანიზმის დარღვევის შედეგად განვითარებული სისხლდენაა.

  • სისხლდენა ვითარდება ხშირი ან არარეგულარული ინტერვალებით, დიდხანს გრძელდება ან ძალზე ჭარბია;

  • დაავადების დიაგნოზი ისმება, როდესაც ფიზიკური გასინჯვით, ულტრასონოგრაფიით და სხვა კვლევებით სისხლდენის ჩვეული მიზეზები გამოირიცხება;

  • ტარდება ენდომეტრიუმის ბიოფსია;

  • სისხლდენის მართვა შესაძლებელია ესტროგენითა და პროგესტინით ან, ზოგჯერ, მხოლოდ რომელიმე მათგანით;

  • ბიოფსიით პათოლოგიური ცვლილებების გამოვლენის შემთხვევაში, მკურნალობა მოიცავს მაღალი დოზებით პროგესტინს და ზოგჯერ საშვილოსნოს ამოკვეთას.

ყველაზე უფრო ხშირად, დისფუნქციური სისხლდენა რეპროდუქციული ასაკის დასაწყისში და დასასრულს ვლინდება: შემთხვევათა 20% მოზარდ გოგონებზე მოდის და 50%-ზე მეტი – 45 წელზე უფროსი ასაკის ქალებზე. შემთხვევათა 90%-ში საკვერცხეებში კვერცხუჯრედი არ მწიფდება (ანოვულაცია). აქედან გამომდინარე, ორსულობა შეუძლებელია.

დისფუნქციური სისხლდენა, ძირითადად, მაშინ ვითარდება, როდესაც კვერცხუჯრედის მომწიფების შემდეგ, თუ მისი განაყოფიერება არ მოხდა, ესტროგენის დონე, შემცირების ნაცვლად, კვლავ მომატებული რჩება. ესტროგენის მომატებული დონე არ ბალანსდება პროგესტერონის სათანადო რაოდენობით. ასეთ შემთხვევაში, კვერცხუჯრედი ვერ მწიფდება. შედეგად, საშვილოსნოს ლორწოვანი გარსი (ენდომეტრიუმი) თანდათან სქელდება (ჩამოფცქვნის და ნორმალური მენსტრუალური ციკლის დაწყების ნაცვლად). აღნიშნულ მდგომარეობას ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია ეწოდება. ლორწოვანი გარსი არასრულად და არარეგულარულად ჩამოიშლება, რაც სისხლდენას იწვევს. სისხლდენას არარეგულარული, გახანგრძლივებული და ზოგჯერ ჭარბი ხასიათი აქვს. ასეთი სახის სისხლდენა ხშირია იმ ქალებს შორის, რომელთაც პოლიკისტური საკვერცხის სინდრომი აქვთ, ასევე, ზოგჯერ – ენდომეტრიოზის მქონეთა შორის. ესტროგენის მაღალი დონე, რომელიც პროგესტერონით არ ბალანსდება, ზრდის ენდომეტრიუმის კიბოს განვითარების რისკს, მათ შორის, ახალგაზრდა ქალებს შორის.

დისფუნქციური სისხლდენა საშვილოსნოდან მენოპაუზის ადრეული ნიშანი შეიძლება იყოს.

სიმპტომები

სისხლდენა ჩვეულებრივი მენსტრუალური ციკლისაგან განსხვავებულია შემდეგი მახასიათებლების მიხედვით:

  • უფრო ხშირია (21 დღეზე ნაკლები ხანგრძლივობით ვლინდება – პოლიმენორეა);

  • ხანგრძლივია ან მეტი რაოდენობით სისხლი იკარგება, ვიდრე მენზესის დროს (7 დღეზე ხანგრძლივი ან 3 უნციაზე (90 მლ) მეტი რაოდენობით სისხლის დანაკარგი – მენორაგია);

  • ვლინდება ხშირად და არარეგულარულად მენსტრუალურ ციკლებს შორის (მეტრორაგია).

რეგულარული მენსტრუალური ციკლების დროს განვითარებული სისხლდენა შეიძლება იყოს პათოლოგიური ან არაპროგნოზირებულ დროს დაიწყოს. ზოგ ქალს მენსტრუალურ ციკლთან დაკავშირებული სიმპტომებიც აქვს, მაგალითად, სარძევე ჯირკვლების მტკივნეულობა და შეშუპება.

თუ სისხლდენა გრძელდება, ქალს შეიძლება რკინის დეფიციტი და, ზოგჯერ, ანემია განუვითარდეს.

დიაგნოზი

საშვილოსნოდან დისფუნქციური სისხლდენა სავარაუდოა, როდესაც სისხლდენა არარეგულარული ინტერვალებითაა ან ჭარბია. მისი დიაგნოზი ისმება საშოდან სისხლდენის სხვა შესაძლო მიზეზების გამორიცხვის შემდეგ. ასეთ მიზეზებს მიეკუთვნება სასქესო ორგანოების პათოლოგიები (როგორიცაა პოლიკისტური საკვერცხის სინდრომი), ანთება, სისხლის შედედების დარღვევა, ორსულობა, ორსულობის გართულება და ჩასახვის საწინააღმდეგო და სხვა მედიკამენტების მიღება.

სისხლდენის პათოლოგიური ხასიათის დასადგენად, ექიმი კითხვებს სვამს მისი მახასიათებლების შესახებ. სხვა მიზეზების გამორიცხვის მიზნით, იგი პაციენტს ეკითხება სხვა სიმპტომებისა და შესაძლო მიზეზების თაობაზეც (როგორებიცაა მედიკამენტების მიღება, სხვა დაავადებების არსებობა, ბიფრომული კვანძები და ორსულობასთან დაკავშირებული გართულებები). ტარდება ფიზიკური გასინჯვა. სისხლის საერთო ანალიზი ექიმს ეხმარება, განსაზღვროს დაკარგული სისხლის ოდენობა და ანემიის არსებობა.

სავარაუდო მიზეზების გამოსაკვლევი ტესტები შეიძლება ჩატარდეს გამოკითხვისა და ფიზიკური გასინჯვის შედეგად მიღებული მონაცემების მიხედვით. მაგალითად, ჩატარდეს სისხლის ანალიზები – სისხლის შედედებისათვის საჭირო დროის ან გარკვეული ჰორმონების დონის განსაზღვრისათვის.

წარმონაქმნების ან საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის გასქელების გამოსავლენად, ხშირად გამოიყენება ტრანსვაგინალური ულტრასონოგრაფია (მცირე ზომის გადამწოდი ჩადგმულია საშოში). საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის კიბოს (ენდომეტრიუმის კიბოს) განვითარების მაღალი რისკის დროს, მედიკამენტური მკურნალობის დაწყებამდე ტარდება ენდომეტრიუმის ბიოფსია. მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან ქალები შემდეგი მახასიათებლებით:

  • ასაკი 35 წლიდან ზევით

  • სიმსუქნე

  • პოლიკისტური საკვერცხის სინდრომი

  • მაღალი არტერიული წნევა

  • დიაბეტი

  • მკურნალობის მიუხედავად, მუდმივი, არარეგულარული ან ჭარბი სისხლდენა

  • საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის გასქელება (ულტრასონოგრაფიით გამოვლენილი)

  • ულტრასონოგრაფიით მიღებული გაურკვეველი მონაცემები

საშვილოსნოდან დისფუნქციური სისხლდენის მქონე ქალების უმრავლესობას ჩამოთვლილთაგან ერთი ან მეტი მდგომარეობა აღენიშნება, რის გამოც ბიოფსიას საჭიროებს.

მკურნალობა

მკურნალობა დამოკიდებულია ქალის ასაკზე, სისხლდენის ინტენსივობაზე, საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის სისქესა და იმაზე, სურს თუ არა ქალს მომავალში ბავშვის გაჩენა.

როდესაც საშვილოსნოს ლორწოვანი გასქელებულია, მაგრამ მისი უჯრედები ნორმალურია, სისხლდენის მართვა ჰორმონული საშუალებების მიღებითაა შესაძლებელი.

  • მძიმე სისხლდენის დროს შეიძლება კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივების გამოყენება (ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები ესტროგენითა და პროგესტინით);

  • ძალიან მძიმე სისხლდენის დროს, ესტროგენი შეიძლება ინტრავენურად დაინიშნოს მანამ, სანამ სისხლდენა არ შეჩერდება. ზოგჯერ, იმავდროულად ან 2-3 დღის შემდგომ ინიშნება პროგესტინი. ზოგჯერ, სისხლდენა იმდენად მძიმეა, რომ საჭირო ხდება სითხეების ინტრავენური და სისხლის გადასხმა. ძალზე იშვიათად, საშვილოსნოში იდგმება კათეტერი და იბერება, რათა მოახდინოს ზეწოლა სისხლმდენ სისხლძარღვებზე და ამგვარად შეაჩეროს სისხლდენა.

სისხლდენა, ჩვეულებრივ,12-24 საათში წყდება. სისხლდენის შეჩერების შემდეგ, განმეორებითი სისხლდენის პრევენციის მიზნით, შეიძლება დაინიშნოს დაბალდოზიანი ორალური კონტრაცეპტივები, სულ მცირე 3 თვით.

ზოგი ქალისთვის არ შეიძლება მკურნალობის დანიშვნა კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივებით ან ესტროგენით. ასეთია პოსტმენოპაუზის ასაკის ქალები და ისინი, ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მნიშვნელოვანი რისკი აქვთ. ამგვარ შემთხვევებში შეიძლება პროგესტინის შემცველი საშვილოსნოს შიდა საშუალების (სშს) გამოყენება ან პროგესტინის დანიშვნა საინექციო ან აბის სახით. ამავე მკურნალობის დანიშვნა შეიძლება, როდესაც ესტროგენის შემცველი საშუალებები შედეგს არ იძლევა.

თუ ქალს დაორსულება სურს და სისხლდენა არცთუ ძლიერია, ჰორმონული საშუალებების ნაცვლად შეიძლება დაენიშნოს დასალევი კლომიფენი. იგი ასტიმულირებს ოვულაციას.

თუ საშვილოსნოს ლორწოვანი სქელი რჩება ან, ჰორმონული საშუალებებით მკურნალობის მიუხედავად, სისხლდენა გრძელდება, ჩვეულებრივ, საჭირო ხდება საშვილოსნოს ყელის გახსნა და გამოფხეკა (დილატაცია (D) და კიურეტაჟი (C)). ამ დროს საშვილოსნოს ლორწოვანი გარსიდან ქსოვილებს მოფხეკით აცილებენ. პროცედურამ შეიძლება სისხლდენა შეამციროს, მაგრამ ზოგ შემთხვევაში იწვევს ენდომეტრიუმის დანაწიბურებას (აშერმანის სინდრომი), რამაც შესაძლოა მენსტრუაციის შეწყვეტა (ამენორეა) გამოიწვიოს.

თუ საშვილოსნოს ლორწოვანი გარსი პათოლოგიურ უჯრედებს შეიცავს (განსაკუთრებით, 35 წელზე უფროსი ასაკის ქალებში, რომელთაც ორსულობა აღარ სურთ), იწყება მკურნალობა პროგესტინის მაღალი დოზებით. მკურნალობიდან 3-6 თვეში ტარდება ბიოფსია. თუ ამ დროს პათოლოგიური უჯრედები აღმოჩნდება, კეთდება ჰისტერექტომია, რადგან პათოლოგიური უჯრედები სიმსივნურად შეიძლება გადაგვარდეს. პოსტმენოპაუზის ასაკში პროგესტინი არ გამოიყენება და ჰისტერექტომია ტარდება.