პოლიკისტური საკვერცხის სინდრომი | მკურნალი.გე
  1. პოლიკისტური საკვერცხის სინდრომი
  2. მენსტრუაციის დარღვევები და პათოლოგიური სისხლდენა საშოდან
  3. ქალთა ჯანმრთელობა
პოლიკისტური საკვერცხის სინდრომი

პოლიკისტური საკვერცხის სინდრომი მოიცავს მენსტრუალური ციკლის დარღვევას და მამრობითი სასქესო ჰორმონის (ანდროგენების) მატებას.

  • ტიპურ შემთხვევაში, ქალები მსუქნები არიან და აქვთ არარეგულარული ციკლი ან ამენორეა, ზოგ შემთხვევაში ადგილი აქვს ხმის დადაბლებას, სარძევე ჯირკვლების ზომის შემცირებას, აკნეს და ჭარბთმიანობას;

  • ექიმები დიაგნოზს სიმპტომების საფუძველზე სვამენ, თუმცა შეიძლება ჩატარდეს ჰორმონების რაოდენობის განსაზღვრა სისხლში და ულტრასონოგრაფია;

  • ფიზიკურმა ვარჯიშმა, წონის კლებამ და ესტროგენისა და პროგესტინის ან მხოლოდ პროგესტინის მიღებამ შეიძლება შეამსუბუქოს სიმპტომები (მათ შორის, ჭარბთმიანობა) და ჰორმონების რაოდენობის ნორმალიზება განაპირობოს;

  • თუ ქალს დაორსულება სურს, წონის დაკლება და კლომიფენის მიღება, ზოგჯერ მეტფორმინთან ერთად, ასტიმულირებს კვერცხუჯრედის მომწიფებას.

პოლიკისტური საკვერცხის სინდრომი აღენიშნება ქალების 5-10%-ს. ამერიკის შეერთებულ შტატებში იგი უნაყოფობის ყველაზე ხშირი მიზეზია. მისი სახელწოდება წარმოდგება საკვერცხეში განვითარებული სითხით ავსებული მრავალი ბუშტისაგან (კისტები), რომელთა არსებობა საკვერცხის ზომაში მატებას განაპირობებს.

ძირითადი მიზეზი ჰიპოფოზოს მიერ მალუთეინიზირებელი ჰორმონის ჭარბად გამოყოფაა. მალუთეინიზირებელი ჰორმონის სიჭარბე ზრდის მამრობითი ჰორმონების (ანდროგენები) წარმოქმნას. მამრობითი სასქესო ჰორმონების დიდი რაოდენობა ზრდის მეტაბოლური სინდრომის (მაღალი არტერიული წნევა, ქოლესტეროლის რაოდენობის მატება და ინსულინისადმი რეზისტენტობის ზრდა) რისკს. თუ მამრობითი ჰორმონის დონე მაღალი რჩება, იზრდება დიაბეტის, გულისა და სისხლძარღვების დაავადების, არტერიული ჰიპერტენზიის რისკი. ამავე დროს, ზოგი მამრობითი ჰორმონი ესტროგენად გარდაიქმნება და სისხლში მისი დონე იმატებს. პროგესტერონი არასაკმარისია, რომ მომატებული ესტროგენის დონე დააბალანსოს. თუ აღნიშნული მდგომარეობა დიდი ხნით გრძელდება, საშვილოსნოს ლორწოვანი გარსი (ენდომეტრიუმი) შეიძლება მნიშვნელოვნად გასქელდეს (მდგომარეობას ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია ეწოდება) და მოიმატოს საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის კიბოს (ენდომეტრიუმის კიბო) განვითარების რისკმა.

ქალების დიდ ნაწილში სხეულის უჯრედები ინსულინის ეფექტისადმი რეზისტენტული ხდება (ეწოდება ინსულინისადმი რეზისტენტობა ან პრედიაბეტი). ინსულინი ეხმარება შაქარს (გლუკოზას), შევიდეს უჯრედში და მოხმარდეს ენერგიის წარმოქმნას. როდესაც უჯრედები მის ეფექტს ეწინააღმდეგება, შაქარი სისხლში გროვდება, პანკრეასი ცდილობს შეამციროს სისხლში შაქრის დონე და ამისთვის მეტი რაოდენობით ინსულინს გამოიმუშავებს. თუ ინსულინისადმი რეზისტენტობა საშუალო ან მძიმეა, დიაბეტის დიაგნოზი ისმება.

სიმპტომები

სიმპტომების განვითარება ტიპურია სქესობრივი მომწიფების მომენტისთვის და დროთა განმავლობაში თანდათან უარესდება. სიმპტომები განსხვავებულია ქალებს შორის.

ზოგ შემთხვევაში მენსტრუაცია სქესობრივი მომწიფების პერიოდიდან არ იწყება. ტიპურია არარეგულარული სისხლდენა საშოდან ან ამენორეა. შესაბამისად, საკვერცხეში კვერცხუჯრედი არ მწიფდება (ანოვულაცია). ასეთ ქალებს, ასევე, უვითარდებათ მამრობითი ჰორმონების მომატებულ რაოდენობასთან დაკავშირებული სიმპტომები. ამ პროცესს მასკულინიზაცია ან ვირილიზაცია ეწოდება. ვირილიზაციის სიმპტომებია: აკნე, ხმის დადაბლება, სარძევე ჯირკვლების ზომაში შემცირება, კუნთოვანი მასისა და სხეულის თმოვანი საფარველის ზრდა (ჰირსუტიზმი). თმოვანი საფარველი იზრდება მამაკაცური ტიპით (მაგალითად, გულმკერდსა და სახეზე) და თხელდება საფეთქლებთან.

ქალების უმრავლესობა მსუქანია. ჭარბი რაოდენობით ინსულინი ხელს უწყობს წონის მატებას ან აძნელებს მის კლებას. ინსულინის სიჭარბემ შეიძლება გამოიწვიოს იღლიის, კეფის უკანა ნაწილისა და კანის ნაოჭების გამუქება და გასქელება (მდგომარეობას შავი აკანტოზი ეწოდება).

დიაგნოზი

დიაგნოზს სიმპტომების საფუძველზე სვამენ. ტარდება სისხლში ფოლიკულომასტიმულირებელი და მამრობითი ჰორმონების განსაზღვრა. საკვერცხეების მდგომარეობის შესაფასებლად, მასში მრავლობითი კისტური წარმონაქმნებისა და საკვერცხის ან თირკმელზედა ჯირკვლების სიმსივნის გამოსავლენად კეთდება ულტრასონოგრაფია. აღნიშნული სიმსივნეები დიდი რაოდენობით მამრობით სასქესო ჰორმონს გამოიმუშავებს და, ამგვარად, აქვს ისეთივე სიმპტომები, როგორიც პოლიკისტური საკვერცხის სინდრომს.

აღნიშნული სინდრომის მქონე ქალებს, მეტაბოლური სინდრომის გამოსავლენად, სისხლის წნევისა და სისხლში შაქრის რაოდენობის განსაზღვრა უტარდებათ. ასევე ტარდება კუშინგის სინდრომის სადიაგნოსტიკო ტესტები. ხშირად, საშვილოსნოს სიმსივნის არარსებობაში დარწმუნების მიზნით, ლორწოვანის (ენდომეტრიუმის) ბიოფსიაც ტარდება.

მკურნალობა

მკურნალობის არჩევა დამოკიდებულია სიმპტომების ტიპსა და სიმძიმეზე, ქალის ასაკსა და მის გეგმებზე ორსულობასთან დაკავშირებით.

თუ ინსულინის დონე მაღალია, შესაძლოა ეფექტიანი იყოს მისი დაქვეითება. ინსულინის რაოდენობის შემცირებაში მნიშვნელოვანია რეგულარული ფიზიკური აქტივობა (სულ მცირე 30 წუთი დღეში) და საკვებ რაციონში ნახშირწყლების (პურეული, მაკარონი, კარტოფილი და ტკბილეული) შეზღუდვა. ცალკეულ შემთხვევაში, წონის კლება ინსულინის დონეს იმდენად ამცირებს, რომ საკმარისია ოვულაციის დასაწყებად. წონის კლება ეხმარება თმოვანი საფარველისა და საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის გასქელების რისკის შემცირებაში.

მეტფორმინი, რომელიც ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ გამოიყენება, შეიძლება დაინიშნოს ინსულინისადმი მგრძნობელობის მოსამატებლად, რაც შეამცირებს მის რაოდენობას სისხლში. აღნიშნული მედიკამენტი შეიძლება დაეხმაროს ქალს წონის დაკლებაში და ოვულაცია და მენსტრუალური ციკლები აღდგეს. თუ ქალი იღებს მეტფორმინს და არ სურს დაორსულება, უნდა გამოიყენოს ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები.

თუ ქალი ორსულებას გეგმავს, შეიძლება ეფექტიანი იყოს წონის დაკლება. თუ ეს უშედეგო აღმოჩნდება, შეიძლება კლომიფენით მკურნალობის ცდა. აღნიშნული მედიკამენტი ასტიმულირებს ოვულაციას. თუ კლომიფენიც უშედეგოა და ქალს ინსულინრეზისტენტობა აქვს, შეიძლება მეტფორმინი დაეხმაროს, ვინაიდან ინსულინის დონის დაქვეითება ოვულაციის სტიმულირებას განაპირობებს. ჩამოთვლილი მედიკამენტების უეფექტობის შემთხვევაში, შეიძლება სხვა საშუალებებით მკურნალობის დაწყება. ასეთ საშუალებებს მიეკუთვნება ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონი (საკვერცხეების სტიმულაციისათვის), გონადოტროპინ-რილიზინგ ჰორმონის აგონისტი (ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის გამომუშავების სტიმულაციისათვის) და ადამიანის ქორიონული გონადოტროპინი (ოვულაციის გამოსაწვევად).

ქალებმა, რომელთაც ორსულობა არ სურთ, შეიძლება მიიღონ პროგესტინი ან კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივი (ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება, რომელიც შეიცავს ესტროგენს და პროგესტინს). ორივე სახის მკურნალობამ შეიძლება შეამციროს ესტროგენის მომატებული რაოდენობით გამოწვეული ენდომეტრიუმის კიბოს განვითარების რისკი და, ასევე, შეამციროს მამრობითი ჰორმონების რაოდენობა. თუმცა ორალური კონტრაცეპტივები არ ენიშნებათ ქალებს მენოპაუზის ასაკში და არც იმ ქალებს, რომელთაც გულისა და სისხლძარღვების დაავადებების მომატებული რისკი აქვთ.

სხეულზე ჭარბად განვითარებული თმა შეიძლება გაუფერულდეს ან მოცილებული იქნეს ელექტროლიზით, მექანიკურად ამოღებით, ცვილის საშუალებით, სპეციალური თმის მოსაცილებელი სითხეებით ან კრემებით (დეპილატორებით), ლაზერით. არ არსებობს ჭარბი თმის სრულყოფილად და სრულად მოსაცილებელი მედიკამენტური მკურნალობა. თმის მოსაცილებლად მიმართავენ შემდეგ საშუალებებს:

  • ეფლორნიტინის კრემი ეხმარება სახიდან არასასურველი თმის მოცილებაში;

  • შესაძლოა ორალური კონტრაცეპტივების გამოყენება, მაგრამ ეფექტისათვის, რომელიც ხშირად უმნიშვნელოა, საჭიროა მათი მიღება რამდენიმე თვის განმავლობაში;

  • სპირონოლაქტონს, მედიკამენტს, რომელიც აჩერებს მამრობითი ჰორმონების წარმოქმნას და მოქმედებას, შეუძლია შეამციროს სხეულზე არასასურველი თმის რაოდენობა. გვერდითი ეფექტებია შარდის რაოდენობის მატება და სისხლის წნევის დაქვეითება (ზოგჯერ იწვევს გულის წასვლას). სპირონოლაქტონი არახელსაყრელ გავლენას ახდენს ნაყოფზე, ამიტომ სქესობრივად აქტიურ ქალებს, რომლებიც აღნიშნულ საშუალებას იღებენ, რეკომენდაცია უნდა მიეცეთ, გამოიყენონ კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდები;

  • ციპროტერონი, მძლავრი პროგესტინი, რომელიც მამრობითი სასქესო ჰორმონების მოქმედებას ბლოკავს, სხეულის არასასურველ თმიანობას 50-75%-ით ამცირებს. იგი მრავალ ქვეყანაში გამოიყენება, თუმცა ნებადართული არ არის აშშ-ში.

შესწავლილ იქნა გონადოტროპინ-რილიზინგ ჰორმონების აგონისტებით და ანტაგონისტებით სხეულის არასასურველი თმიანობის მკურნალობა. მედიკამენტების ორივე ჯგუფი ამცირებს საკვერცხეების მიერ სასქესო ჰორმონების გამომუშავებას, მაგრამ ორივე მათგანს შეუძლია გამოიწვიოს ძვლის განლევა და ოსტეოპოროზის განვითარება.