1. კრიპტოსპორიდოზი
  2. პარაზიტული ინფექციები (ინფექციები)
  3. ინფექციები
კრიპტოსპორიდოზი

კრიპტოსპორიდოზი წარმოადგენს უმარტივეს – კრიპტოსპორიდუმის მიერ გამოწვეულ ნაწლავურ ინფექციას.

  • ადამიანები იძენენ ინფექციას დაინფიცირებული წყლის ან საკვების მიღებით ან დაინფიცირებულ ადამიანებთან ან ნივთებთან კონტაქტში ყოფნით;

  • შესაძლოა, მოულოდნელად დაიწყოს მუცლის სპაზმები და წყლიანი ფაღარათი, რომელსაც ზოგჯერ თან ერთვის გულისრევა, ღებინება, ცხელება და სისუსტე;

  • ექიმები სვამენ ინფექციის დიაგნოზს, როდესაც ისინი იკვლევენ განავლის ანალიზს პარაზიტების ნიშნების არსებობაზე;

  • ადეკვატური სანიტარული ნორმები და ხელების დაბანა შესაძლოა დაგვეხმაროს ინფექციის გავრცელების თავიდან აცილებაში. ასევე შეიძლება დაგვეხმაროს წყლის ადუღება მისი დალევის წინ;

  • ჯანმრთელი ადამიანები ხშირად გამოჯანმრთელდებიან თავისით, მაგრამ ადამიანები დასუსტებული იმუნური სისტემით საჭიროებენ მკურნალობას მედიკამენტებით.

კრიპტოსპორიდუმის პარაზიტები აინფიცირებენ ადამიანებსა და ბევრი სახეობის ცხოველს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ადამიანი ინფიცირდება ადამიანის ან ცხოველის განავლით დაბინძურებული წყლის ან საკვების მიღებით ან პარაზიტის მქონე ადამიანთან, ნივთთან ან მიწასთან კონტაქტით. კრიპტოსპორიდოზი წარმოადგენს დიარეის ხშირ მიზეზს ბავშვებში, რომლებიც ცხოვრობენ განვითარებად რეგიონებში, სადაც სანიტარული ნორმები ცუდად არის დაცული. ზოგჯერ ის ვითარდება ადამიანებში, რომლებიც მოგზაურობენ ამ ადგილებში. ადამიანები დასუსტებული იმუნური სისტემით, განსაკუთრებით კი შიდსის მქონე ადამიანები, მიდრეკილნი არიან კრიპტოსპორიდოზისადმი და მათ დიდი ალბათობით განუვითარდებათ დაავადების მწვავე, მუდმივი ფორმა.

კრიპტოსპორიდიუმის კვერცხები (ოოცისტები) ძალიან გამძლეა და ხშირად გვხვდება წყლის ზედაპირზე შეერთებულ შტატებში. პარაზიტი არ კვდება გაყინვით ან ქლორის ჩვეული შემცველობის მქონე საცურაო აუზის ან სასმელ წყალში.

სიმპტომები და დიაგნოზი

ინფექციის განვითარებიდან დაახლოებით 7-10 დღის შემდეგ სიმპტომები იწყება მოულოდნელად და ისინი ძირითადად წარმოდგენილია მუცლის სპაზმებითა და მასიური, წყლიანი ფაღარათით. შესაძლებელია აგრეთვე განვითარდეს გულისრევა, ღებინება, მადის დაკარგვა, ცხელება და სისუსტე. ადამიანებში, დასუსტებული იმუნური სისტემით, სიმპტომები ვითარდება თანდათანობით, და ფაღარათი შეიძლება ვარირებდეს მსუბუქიდან მძიმე ფორმამდე (შიდსით დაავადებულმა ადამიანმა შესაძლოა გამოყოს 3-4 გალონი წყლიანი განავალი დღეში).

კრიპტოსპორიდოზის დიაგნოზის დასმის მიზნით ექიმი აგზავნის განავლის ნიმუშს პარაზიტის მიერ გამოყოფილი ცილის აღმოსაჩენად (ანტიგენზე გამოკვლევა). სხვა მიდგომაა განავლის მიკროსკოპის ქვეშ გამოკვლევა, მაგრამ შესაძლოა საჭირო გახდეს განავლის რამდენიმე ნიმუშის ანალიზი პარაზიტის აღმოჩენის მიზნით.

პრევენცია და მკურნალობა

პრევენცია გულისხმობს ადეკვატურ სანიტარულ მეთვალყურეობასა და ხელების დაბანას, განსაკუთრებით კი სამედიცინო დაწესებულებასა და დღის მოვლის დაწესებულებებში და მიწასთან, ცხოველებთან ან დაინფიცირებულ ადამიანებთან კონტაქტის შემდეგ. როდესაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის განყოფილებები აღმოაჩენენ დაავადების ადგილობრივ გავრცელებას, ისინი ურჩევენ ადამიანებს სასმელი წყლის ადუღებას (აგრეთვე აუცილებელია საკვების გასარეცხად და კბილების გასახეხად გამოსაყენებელი წყლის ადუღებაც), მხოლოდ მომზადებული საკვების მიღებასა და არაპასტერიზირებული რძისა და წვენის მიღებისგან თავის არიდებას. ეფექტურია ონკანის წყლის ფილტრები, რომლებიც გამოიყენებენ შებრუნებულ ოსმოსს ან რომელთაც აწერიათ "აბსოლუტური ერთი მიკრონი" ან "გამოკვლეული და სერტიფიცირებულია ნაციონალური სამეცნიერო ფონდის სტანდარტ 53-ით – ცისტების მოცილება/ შემცირება". სხვა ტიპის ფილტრები შესაძლოა არ იყოს ეფექტური.

ჩვეულებრივ, ადამიანები ჯანმრთელი იმუნური სისტემით გამოჯანმრთელდებიან თავისით. გამოჯანმრთელების პროცესის დაჩქარების მიზნით ბავშვებს ეძლევათ ნიტაზოქსანიდი და ის შესაძლოა გამოსადეგი იყოს ჯანმრთელ მოზრდილებშიც. თუმცა, ჩვეულებრივ ის უეფექტოა ადამიანებში, რომლებსაც აქვთ შიდსი და შესაბამისად, დასუსტებული იმუნური სისტემა. თუ შესაძლებელია, უნდა ჩატარდეს მკურნალობა იმუნური სისტემის პრობლემის მოსაგვარებლად. თუ ადამიანი იღებს იმუნური სისტემის დამასუსტებელ პრეპარატებს (იმუნოდეპრესანტებს), თუ შესაძლებელია, უნდა შეწყდეს მათი მიღება ან შემცირდეს დოზები. თუ არ მოხდება იმუნური სისტემის პრობლემის გამოსწორება, ფაღარათი შესაძლოა გაგრძელდეს მთელი ცხოვრების განმავლობაში. შიდსით დაავადებულ ადამიანებში ანტირეტროვირუსულმა პრეპარატებმა შესაძლოა გააუმჯობესონ იმუნური სისტემის ფუნქციონირება და შეამსუბუქონ კრიპტოსპორიდუმ პარვუმით გამოწვეული ფაღარათი, მაგრამ ასეთი ადამიანები შესაძლოა სამუდამოდ დაინფიცირებულნი დარჩნენ. ადამიანებს მწვავე ფაღარათით შესაძლოა დასჭირდეთ მკურნალობა სითხეებით – დასალევი ან ინტრავენური ფორმით, და ფაღარათის საწინააღმდეგო წამლები, როგორიცაა მაგ. ლოპერამიდი. თუმცა, ლოპერამიდი შეიძლება ვერ დაეხმაროს შიდსით დაავადებულ ადამიანებს.