1. გიარდიოზი
  2. პარაზიტული ინფექციები (ინფექციები)
  3. ინფექციები
გიარდიოზი

გიარდიაოზი წარმოადგენს ერთუჯრედიანი უმარტივესი პარაზიტით – Giardia lamblia-თი გამოწვეულ წვრილი ნაწლავების ინფექციას.

  • ადამიანებს შესაძლებელია ჰქონდეთ მუცლის სპაზმი, მეტეორიზმი, გულზიდვა, ფაღარათი, გულისრევა და ზოგადი დაღლილობა;

  • ადამიანები იძენენ ინფექციას დაინფიცირებული წყლის დალევისას ან დაინფიცირებულ განავალთან კონტაქტისას;

  • ექიმები სვამენ ინფექციის დიაგნოზს განავლის ნიმუშის გამოკვლევით;

  • მოგზაურებმა უნდა აადუღონ ახალი წყალი მის დალევამდე;

  • დაინფიცირებულ ადამიანებს მკურნალობენ პარაზიტების საწინააღმდეგო წამლით, როგორიცაა მაგ. ტინიდაზოლი.

გიარდიოზი გვხვდება მთელ მსოფლიოში და ის წარმოადგენს ყველაზე ფართოდ გავრცელებულ ნაწლავურ პარაზიტულ ინფექციას ამერიკის შეერთებულ შტატებში. უმარტივესი გიარდიები ხშირად აბინძურებენ წყალს, მათ შორის ბევრ ტბებსა და ნაკადულებს, მათაც კი, რომლებიც სუფთები ჩანან. ქალაქის წყლით მომმარაგებელი სისტემები არასათანადო ფილტრებით ხელს უწყობენ დაავადების გავრცელებას. ადამიანების უმეტესობა იძენს ინფექციას დაბინძურებული წყლის დალევის დროს, მაგრამ შესაძლებელია განავლით გამოყოფილი ცისტების პირდაპირ – ადამიანიდან ადამიანზე გადაცემაც – ჩვეულებრივ ბავშვებში და სქესობრივ პარტნიორებში. გიარდიოზი ხშირია დღის მოვლის ცენტრებში მყოფ ბავშვებში, ადამიანებში, რომლებიც დაკავებულები არიან ორალურ-ანალური სქესობრივი კონტაქტით და ადამიანებში, რომლებიც მოგზაურობდნენ განვითარებად ქვეყნებში. მომატებული რისკის ქვეშ იმყოფებიან ქვეითი ტურისტები და მოგზაურები, რომლებიც სვამენ დაუმუშავებელ წყალს ნაკადულებიდან და ტბებიდან. გარეული ცხოველები შეიძლება ინახავდნენ პარაზიტებს.

სიმპტომები და დიაგნოზი

ზოგიერთ დაინფიცირებულ ადამიანს არ აქვს სიმპტომები. სხვა ადამიანებში, სიმპტომები ვითარდება დაავადების გაჩენიდან 1-2 კვირის შემდეგ. ჩვეულებრივ, სიმპტომებს მიეკუთვნება მუცლის სპაზმები, მეტეორიზმი, გულზიდვა და წყლიანი, ცუდი სუნის მქონე ფაღარათი. გულისრევა შეიძლება ჩნდებოდეს ან ქრებოდეს. ადამიანებმა შესაძლოა იგრძნონ დაღლილობა და ზოგადი დისკომფორტი და დაკარგონ მადა. მკურნალობის გარეშე ფაღარათი გრძელდება კვირების განმავლობაში. მხოლოდ ადამიანთა მცირე ნაწილს უვითარდება ფაღარათი, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს უფრო დიდხანს. ამ ადამიანებმა შესაძლოა ვეღარ შეიწოვონ საკმარისი რაოდენობით საკვები ნივთიერებები საკვებიდან, რაც გამოიწვევს წონაში კლებას. ზოგჯერ, ქრონიკული გიარდიოზი ხელს უშლის ბავშვების გაზრდას ნორმის შესაბამისად (ამ მდგომარეობას განვითარების შეუძლებლობა ეწოდება).

ხშირად დიაგნოზს სავარაუდოს ხდის სიმპტომები. დიაგნოზის დასმის ყველაზე მარტივ გზას წარმოადგენს განავლის გიარდია ლამბლიას მიერ გამოყოფილ პროტეინებზე (ანტიგენები) გამოკვლევა. პარაზიტი შესაძლოა აგრეთვე აღმოვაჩინოთ განავლის ნიმუშების ან წვრილი ნაწლავის სეკრეტების მიკროსკოპული გამოკვლევისას. თუმცა, იმის გამო, რომ დიდი ხნის განმავლობაში დაინფიცირებული ადამიანები მიდრეკილნი არიან გამოყონ პარაზიტები დროის არაპროგნოზირებადი ინტერვალებით, ხშირად საჭიროა განავლის განმეორებითი მიკროსკოპული გამოკვლევები.

პრევენცია და მკურნალობა

წყლის ადუღება კლავს პარაზიტებს და მოგზაურებისთვის წარმოადგენს ყველაზე უსაფრთხო გზას იმაში დასარწმუნებლად, რომ ზედაპირული წყლების დალევა უსაფრთხოა. ზოგჯერ შესაძლებელია ჭების, რეზერვუარებისა და საცურაო აუზების იოდინითა ან ქლორით დეზინფექცია. ეს მეთოდი ნაკლებ სანდოა, რადგანაც ის დამოკიდებულია თუ რამდენად მღვრიე ან ტალახიანია წყალი (სიმღვრივე), როგორია მისი ტემპერატურა და თუ რა სიხშირით ხდება მისი დეზინფიცირება. ქლორის ის რაოდენობა, რომელიც რუტინულად გამოიყენება დასალევ წყალში, შეიძლება არ იყოს საკმარისი ცისტების მოსაკლავად. ფილტრაციის ზოგიერთ პორტატულ ხელსაწყოს შეუძლია ცისტების წყლიდან მოცილება, მაგრამ თუ რამდენად ეფექტურია გარკვეული ფილტრაციული სისტემა-უცნობია.

სიმპტომების მქონე დაინფიცირებულ ადამიანებს მკურნალობენ ტინიდაზოლის, მეტრონიდაზოლისა ან ნიტაზოქსანიდის დასალევი ფორმებით. სიმპტომების არმქონე დაინფიცირებული ადამიანების მკურნალობა შეიძლება დაგვეხმაროს ინფექციის გავრცელების შეზღუდვაში, მაგრამ ის არაპრაქტიკული და ძვირია. ერთჯერადი დოზით მიღებულ ტინიდაზოლს უფრო ნაკლები გვერდითი ეფექტი აქვს, ვიდრე მეტრონიდაზოლს, რომელიც საჭიროებს რამდენიმე დოზას. ტინიდაზოლის ან მეტრონიდაზოლის მიღების დროს ალკოჰოლის სმამ შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა, ღებინება, წამოწითლება და თავის ტკივილები. ნიტაზოქსანიდი ხელმისაწვდომია თხევადი ფორმითაც, რომელიც გამოსადეგია ბავშვებისთვის. არსებობს ტაბლეტირებული ფორმაც. მას აქვს მცირე რაოდენობით გვერდითი მოვლენები.

ორსულმა ქალებმა არ უნდა მიიღონ მეტრონიდაზოლი ან ტინიდაზოლი. არის თუ არა ნიტაზოქსანიდი უსაფრთხო ორსულობის დროს, უცნობია. შესაბამისად, თუ შესაძლებელია, ორსულთა მკურნალობა უნდა გადაიდოს მანამდე, სანამ ქალი არ იმშობიარებს. თუ სიმპტომები მწვავეა და მკურნალობის გადადება არ შეიძლება, შესაძლებელია პარომომიცინის გამოყენება.