ორსულობამდე არსებული რისკფაქტორები | მკურნალი.გე
  1. ორსულობამდე არსებული რისკფაქტორები
  2. მაღალი რისკის ორსულობა
  3. ქალთა ჯანმრთელობა
ორსულობამდე არსებული რისკფაქტორები

ზოგიერთი რისკფაქტორი ორსულობამდე არსებობს. ასეთებს მიეკუთვნება ქალის ზოგიერთი ფიზიკური და სოციალური მახასიათებელი, წინა ორსულობის დროს გამოვლენილი პრობლემები და დაავადებები, რომლებიც ქალს უკვე აქვს.

ფიზიკური მახასიათებლები

ორსულობის რისკებზე გავლენას ახდენს ქალის შემდეგი მახასიათებლები:

ასაკი: 15 წლის ან უფრო ახალგაზრდა გოგონებს მომატებული აქვთ პრეეკლამფსიის განვითარების რისკი (მაღალი წნევის სახეობა, რომელიც ორსულობის დროს ვითარდება). ახალგაზრდა გოგონებს, ასევე, მომატებული აქვთ ნაადრევი მშობიარობის და ანემიის განვითარების რისკი. მაღალია ანემიის ან მცირეწონიანი ბავშვის (ორსულობის ვადასთან შედარებით მცირე წონის) დაბადების რისკიც.

35 წლის და უფროსი ასაკის ქალებს მომატებული აქვთ ისეთი პრობლემების განვითარების რისკი, როგორიცაა მაღალი არტერიული წნევა, გესტაციური დიაბეტი (დიაბეტი, რომელიც ორსულობის დროს ვითარდება), ნაყოფის ქრომოსომული ანომალიები და მკვდრადშობადობა. გაზრდილია მშობიარობის დროს ისეთი გართულებების განვითარების რისკიც, როგორიცაა პრეეკლამფსია, პლაცენტის ნაადრევად აცლა ან არასწორ ადგილას მიმაგრება (პლაცენტის წინამდებარეობა), გაძნელებული მშობიარობა.

სხეულის მასა: ქალებს, რომლებიც ორსულობამდე 100 ფუნტზე (45 კგ) ნაკლებს იწონიან, მოსალოდნელია მცირე წონის, პატარა ახალშობილი გაუჩნდეთ.

მსუქან ქალებს შესაძლებელია დიდი ახალშობილი გაუჩნდეთ, რაც ხშირ შემთხვევაში მშობიარობას ართულებს. ასევე, მსუქან ქალებს მომატებული აქვთ გესტაციური დიაბეტის, მაღალი არტერიული წნევის ან პრეეკლამფსიის განვითარების რისკი. მოსალოდნელია, რომ ორსულობა 42 კვირა ან მეტ ხანს გაგრძელდეს (ვადაგადაცილებული ორსულობა) და საკეისრო კვეთის ჩატარება გახდეს საჭირო.

სიმაღლე: 5 ფუტზე (150 სმ) დაბალი სიმაღლის ქალებს შესაძლებელია ვიწრო მენჯი ჰქონდეთ, რაც მშობიარობის დროს აძნელებს ნაყოფის გადაადგილებას მენჯსა და საშოში (სამშობიარო არხში). მაგალითად, ნაყოფის მხრები შესაძლოა გაიჭედოს ბოქვენის ძვალთან. აღნიშნულ გართულებას მხრების დისტოცია ეწოდება. დაბალ ქალებს შორის, ასევე, მოსალოდნელია ნაადრევი მშობიარობა და შედარებით პატარა ახალშობილის დაბადება.

რეპროდუქციული სისტემის პათოლოგიები: საშვილოსნოსა და მისი ყელის სტრუქტურული პათოლოგიები ზრდის გართულებული მშობიარობის, ორსულობის შეწყვეტის ან ნაყოფის არასწორი პოზიციის ჩამოყალიბების რისკს და საკეისრო კვეთის ოპერაციის საჭიროებას. აღნიშნული პათოლოგიებია ორმაგი საშვილოსნო ან სუსტი ყელი (ყელის უკმარისობა), რომელიც, ნაყოფის ზრდასთან ერთად, თანდათან ფართოვდება (დილატირდება).

სოციალური მახასიათებლები

დაუქორწინებელი ან დაბალი სოციალურეკონომიური სტატუსი ზრდის ორსულობის დროს სხვადასხვა პრობლემის განვითარების რისკს. მიზეზი, რომლითაც აღნიშნული მახასიათებლები ზრდის რისკს, უცნობია, თუმცა, სავარაუდოდ, იგი დაკავშირებულია სხვა მახასიათებლებთან, რომლებიც მეტად ხშირია ასეთ ქალებს შორის. მაგალითად, ასეთ ქალებს შორის მაღალია თამბაქოს მოხმარების ალბათობა და ნაკლებად სავარაუდოა, რომ იკვებებოდნენ ჯანსაღი საკვებით და იღებდნენ სათანადო სამედიცინო მომსახურებას.

პრობლემები წინა ორსულობის დროს

როდესაც ქალს ორსულობის დროს რაიმე პრობლემა აქვს, იმავე პრობლემის განვითარება მომდევნო ორსულობის დროსაც მოსალოდნელია. ამგვარი პრობლემები გულისხმობს ჩამოთვლილთაგან რომელიმეს:

  • ნაადრევი ახალშობილი

  • მცირეწონიანი ჩვილი

  • ჩვილი, რომელიც 10 ფუნტზე (4500 გ) მეტს იწონის

  • თანდაყოლილი დეფექტების მქონე ახალშობილი

  • ორსულობის შეწყვეტა

  • გვიანი (ვადაგადაცილებული) მშობიარობა (ორსულობის 42 კვირის შემდეგ)

  • რეზუს ფაქტორით შეუთავსებლობა, რის გამოც ნაყოფისათვის სისხლის გადასხმაა საჭირო

  • მშობიარობა, რომელიც საკეისრო კვეთას საჭიროებს

  • ჩვილის დაღუპვა მშობიარობამდე ან დაბადების შემდეგ მალე (მკვდრად შობადობა)

ქალს შეიძლება ისეთი დაავადება ჰქონდეს, რომელიც კვლავ განვითარდება. მაგალითად, დიაბეტის მქონე ქალებში მაღალია ალბათობა, რომ გაუჩნდეთ 10 ფუნტზე (4,500 კგ) მეტი სხეულის მასის მქონე ბავშვი.

თუ ქალს ჰყავდა გენეტიკური დაავადებების ან თანდაყოლილი დეფექტების მქონე ბავშვი, სავარაუდოა, სხვა ბავშვიც მსგავსი პრობლემით დაიბადოს. ორსულობის დაგეგმვამდე, მიზანშეწონილია, რომ ბავშვს, მკვდრად შობადობის შემთხვევაშიც კი, და ასევე ორივე მშობელს გენეტიკური ტესტირება ჩაუტარდეთ. თუ ასეთი ქალი კვლავ დაფეხმძიმდება, ისეთი კვლევები, როგორებიცაა მაღალი გარჩევადობის მქონე ულტრასონოგრაფია, ქორიონის ბუსუსების კვლევა და ამნიოცენტეზი, მას ნაყოფის გენეტიკური დარღვევების ან თანდაყოლილი დეფექტების განსაზღვრაში დაეხმარება. ქალი შეიძლება გაიგზავნოს შესაბამის სპეციალისტთან.

ხუთი ან მეტი ორსულობა ზრდის ძალიან სწრაფი მშობიარობის და მშობიარობის შემდეგ ძლიერი სისხლდენის რისკს. ტყუპი ან მრავალნაყოფიანი ორსულობის დროს იზრდება პლაცენტის არასწორად მიმაგრების ალბათობა (პლაცენტის წინამდებარეობა).

ორსულობამდე განვითარებული დაავადებები

ქალს ორსულობამდე შესაძლოა ჰქონდეს დაავადებები, რომლებმაც ორსულობის დროს შეიძლება გაზარდოს სხვადასხვა პრობლემის განვითარების რისკი. ქალი აღნიშნული საკითხის თაობაზე უნდა ესაუბროს ექიმს და სცადოს, ორსულობის დადგომამდე მისი ფიზიკური მდგომარეობა საუკეთესო იყოს. ორსულობის დადგომის შემდეგ შესაძლებელია, მას სპეციალური მეთვალყურეობა დასჭირდეს, ხშირად – ინტერდისციპლინური გუნდის მიერ. გუნდი შეიძლება შედგებოდეს მეანის (რომელიც დაავადებათა მართვის სპეციალისტიცაა), სხვადახვა პრობლემის მართვის სპეციალისტებისა და ჯანდაცვის სფეროს სხვა წარმომადგენლებისგან (როგორიცაა დიეტოლოგი).