1. ორსულობის დროს განვითარებული რისკფაქტორები
  2. მაღალი რისკის ორსულობა
  3. ქალთა ჯანმრთელობა
ორსულობის დროს განვითარებული რისკფაქტორები

ორსულობის დროს შესაძლებელია ისეთი პრობლემის ან მდგომარეობის განვითარება, რომელიც ორსულობას მაღალი რისკის ქვეშ დააყენებს. მაგალითად, ორსულ ქალს შეიძლება მოუწიოს შეხებამ ისეთ ფაქტორებთან, რომლებიც თანდაყოლილ დეფექტებს იწვევს (ტერატოგენული ფაქტორები). ასეთია გამოსხივება, ზოგიერთი ქიმიური საშუალება, წამლები ან ინფექცია. ასევე, შეიძლება განვითარდეს დაავადება. ზოგი დაავადება ორსულობასთანაა დაკავშირებული (ორსულობის გართულება), ზოგი ორსულობას პირდაპირ არ უკავშირდება. დაავადებების აღმოცენება ორსულობის დროს მოსალოდნელია იმიტომ, რომ ეს მდგომარეობა ქალის ორგანიზმში მრავალ ცვლილებას იწვევს.

წამლები

ორსულობის დროს ზოგიერთი წამლის მიღებამ შეიძლება თანდაყოლილი დეფექტების განვითარება გამოიწვიოს. ამის მაგალითებია: იზოტრეტინიონი (გამოიყენება მძიმე ფორმის აკნეს სამკურნალოდ), ზოგიერთი კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალება, ლითიუმი, გარკვეული ანტიბიოტიკები (მაგალითად, სტრეპტომიცინი, კანამიცინი და ტეტრაციკლინი), თალიდომიდი, ვარფარინი და ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორი (თუ ორსული მას ბოლო 2 ტრიმესტრის განმავლობაში იღებს). ისეთი საშუალებების მიღებამ, რომლებიც ფოლატების (ფოლიუმის მჟავა) ეფექტს ბლოკავს, მაგალითად, იმუნოსუპრესანტი მეტოტრექსატი ან ანტიბიოტიკი ტრიმეთოპრიმი, ასევე, შეიძლება გამოიწვიოს თანდაყოლილი დეფექტების განვითარება. ფოლატების დეფიციტის დროს, მაღალია თანდაყოლილი დეფექტების მქონე ბავშვის დაბადების რისკი. ადრეული ორსულობისას, ქალს კითხვებს უსვამენ აღნიშნული საშუალებების მიღების თაობაზე.

ქალებს, ასევე, ეკითხებიან ე.წ. გასართობი საშუალებების (ფსიქოსტიმულატორების) მიღების თაობაზე. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ალკოჰოლს, კოკაინს და ნიკოტინს (მწეველებს შორის). ჩამოთვლილმა საშუალებებმა შესაძლოა ორსულობის შეწყვეტა, მცირეწონიანი ახალშობილის ან თანდაყოლილი დეფექტების განვითარება გამოიწვიოს:

  • ალკოჰოლი: გონებრივი განვითარების შეფერხება (ინტელექტუალური უუნარობა) ან თანდაყოლილი დეფექტები. შესაძლებელია ნაყოფის ალკოჰოლური სინდრომის განვითარება.

  • კოკაინი: მომატებულია პლაცენტის ნაადრევად აცლის (პლაცენტის აცლა), ნაადრევი მშობიარობის, მკვდრადშობადობის რისკი. ნაყოფი შესაძლოა არ გაიზარდოს ისე, როგორც მოსალოდნელი იყო.

  • თამბაქოს მოხმარება: მომატებულია მკვდრადშობადობის და ორსულობის გართულებების – ნაადრევი მშობიარობის, პლაცენტის წინამდებარეობის, პლაცენტის აცლისა და სანაყოფე გარსების ნაადრევი გახევის – რისკი. ნაყოფი შესაძლოა არ გაიზარდოს ისე, როგორც მოსალოდნელი იყო და სავარაუდოა, რომ ბავშვს ჰქონდეს ქცევითი პრობლემები და ინტელექტუალური უნარების შეზღუდვა.

ორსულობის გართულებები

ორსულობის გართულებები არის პრობლემები, რომლებიც მხოლოდ ორსულობისას ვითარდება. გართულებებმა შესაძლოა გავლენა იქონიოს ქალზე, ნაყოფზე ან ორივეზე. მაგალითად, შესაძლოა განვითარდეს ისეთი გართულება, როგორიცაა პლაცენტის არასწორ ადგილას მიმაგრება (პლაცენტის წინამდებარეობა), ასევე, ნორმალურად მიმაგრებული პლაცენტის ნაადრევად აცლა, რაც ორსულობის დროს საშოდან სისხლდენას იწვევს. მძიმე სისხლდენის დროს, მაღალია ნაყოფის დაკარგვის, შოკური მდგომარეობის განვითარებისა და დროული მკურნალობის გარეშე – მშობიარობის დროს დაღუპვის რისკი.