ავტოიმუნური დაავადებები, მათ შორის, გრეივსის დაავადებაც უფრო ხშირია ქალებში, განსაკუთრებით კი – ორსულებში. პათოლოგიური ანტისხეულები, რომლებიც ამ დროს წარმოიქმნება, შეიძლება გადავიდეს პლაცენტაში და ნაყოფის ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვიოს. ორსულობა სხვადასხვა ავტოიმუნურ დაავადებაზე სხვადასხვანაირ გავლენას ახდენს.
სისტემური წითელი მგლურა: სისტემური წითელი მგლურა ორსულობის დროს შეიძლება პირველად გამოვლინდეს, დამძიმდეს ან, პირიქით, უფრო მსუბუქად მიმდინარეობდეს. იმის წინასწარმეტყველება, როგორ გავლენას მოახდენს ფეხმძიმობა დაავადებაზე, შეუძლებელია, მაგრამ გამწვავება ყველაზე ხშირად მშობიარობიდან ცოტა ხანში ვითარდება.
წითელი მგლურას მქონე ქალებს ხშირად, ასევე, აღენიშნებათ განმეორებითი აბორტები, ნაყოფის ზრდაში ჩამორჩენა და ნაადრევი მშობიარობა. თუ ამ დაავადების გართულებები განვითარდა (მაგ., თირკმლის დაზიანება ან მაღალი არტერიული წნევა), ნაყოფის ან ახალშობილის დაღუპვის რისკი კიდევ უფრო მეტია.
ორსულებში მგლურას ანტისხეულებმა შეიძლება პლაცენტა გაიაროს და ნაყოფში შეაღწიოს. შედეგად მას უვითარდება გულისცემის შენელება, ანემია, თრომბოციტებისა და სისხლის თეთრი უჯრედების ნაკლებობა. თუმცაღა, ეს ანტისხეულები ნელ-ნელა ქრება ბავშვის დაბადებიდან რამდენიმე კვირაში და მათ მიერ გამოწვეული პრობლემებიც გაივლის, გარდა გულისცემის შენელებისა. სისტემური წითელი მგლურას მქონე ქალებმა ორსულობისას პრედნიზონი (კორტიკოსტეროიდი) უნდა დალიონ.
მძიმე მიასთენია: ეს დაავადება, რომელიც კუნთების სისუსტით ვლინდება, როგორც წესი, მძიმე ან გამოუსწორებელ გართულებებს არ იწვევს ორსულობისას. თუმცაღა, ქალს შესაძლოა მოუწიოს წამლების (მაგ., ნეოსტიგმინის) უფრო მაღალი დოზით მიღებამ, კორტიკოსტეროიდების ან იმუნიტეტის დამთრგუნველი (იმუნოდეპრესანტი) საშუალებების დამატებამაც. ძალიან იშვიათად, დაავადებულ ორსულს მშობიარობისას შეიძლება სუნთქვაში დახმარება დასჭირდეს (ასისტირებული ვენტილაცია).
დაავადების გამომწვევ ანტისხეულებს პლაცენტაში გასვლაც შეუძლიათ. შესაბამისად, მძიმე მიასთენიის მქონე დედების შვილებიდან, ხუთიდან ერთი ბავშვი ამ პათოლოგიით იბადება. თუმცაღა, კუნთების სისუსტე ამ ახალშობილებში ძირითადად გარდამავალია, რადგან დედისგან მიღებული ანტისხეულები ნელ-ნელა ქრება, თავად ჩვილის ორგანიზმში კი ისინი არ წარმოიქმნება.
იმუნური (იდიოპათიური) თრომბოციტოპენიური პურპურა (ითპ): ითპ-ის დროს სისხლში თრომბოციტების (სისხლის ფირფიტების) რიცხვი მცირდება. თრომბოციტები უჯრედისმაგვარი ნაწილაკებია, რომლებიც შედედების პროცესში მონაწილეობს.მათი რიცხვის შემცირებამ (თრომბოციტოპენიამ) შეიძლება დედასა და ახალშობილში ჭარბი სისხლდენა გამოიწვიოს. ორსულობისას, მკურნალობის გარეშე დაავადება ხშირად უფრო მძიმდება ხოლმე. ითპ-ის მქონე ფეხმძიმეებში თრომბოციტების რიცხვის გაზრდა და სისხლის შედედების უნარის გაუმჯობესება კორტიკოსტეროიდების, როგორც წესი, პრედნიზონის დასალევად დანიშვნით შეიძლება. თუმცა, ეს მედიკამენტი ნაყოფის ზრდაში ჩამორჩენის ან ნაადრევი მშობიარობის რისკს ზრდის.
იმ ქალებს, რომელთაც თრომბოციტების სახიფათოდ დაბალი რაოდენობა აღენიშნებათ, მშობიარობამდე ცოტა ხნით ადრე იმუნოგლობულინის მაღალი დოზა ენიშნებათ ვენაში გადასასხმელად. მკურნალობის ეს მეთოდი დროებით ზრდის თრომბოციტების რაოდენობას და აუმჯობესებს სისხლის შედედების უნარს. შედეგად, მშობიარობა უსაფრთხოდ შეიძლება წარიმართოს და ქალმა ბუნებრივად იმშობიაროს უკონტროლო სისხლდენის განვითარების გარეშე.
ორსულებს თრომბოციტულ მასას მხოლოდ მაშინ უსხამენ, როცა საკეისრო კვეთაა საჭირო და სისხლის ფირფიტების რიცხვი იმდენად მცირეა, რომ ძლიერი სისხლდენა შეიძლება დაიწყოს. იშვიათად, როცა მკურნალობის მიუხედავად თრომბოციტების რაოდენობა მაინც ძალიან დაბალია, ამოკვეთენ ელენთას, ორგანოს, რომელიც ნორმაში იჭერს და შლის სისხლის ძველ უჯრედებსა და თრომბოციტებს. ამ ოპერაციისთვის საუკეთესო დრო მეორე ტრიმესტრია.
დაავადების გამომწვევმა ანტისხეულებმა პლაცენტაშიც შეიძლება გააღწიოს და ნაყოფში მოხვდეს. თუმცაღა, ეს იშვიათად ახდენს გავლენას მისი თრომბოციტების რაოდენობაზე.
რევმატოიდული ართრიტი: თუ ართრიტმა გავა-თეძოს სახსარი ან ხერხემლის ქვედა (წელის) ნაწილი დააზიანა, ქალს შეიძლება მშობიარობა გაუჭირდეს. სხვა მხრივ, ეს დაავადება ნაყოფზე გავლენას არ ახდენს. რევმატოიდული ართრიტის სიმპტომები შესაძლოა შემსუბუქდეს ორსულობისას, მაგრამ ისინი, როგორც წესი, საწყის მდგომარეობას უბრუნდება მშობიარობის შემდეგ.