შაქრიანი დიაბეტი (დაავადებით გართულებული ორსულობა) | მკურნალი.გე
  1. შაქრიანი დიაბეტი (დაავადებით გართულებული ორსულობა)
  2. დაავადებით გართულებული ორსულობა
  3. ქალთა ჯანმრთელობა
შაქრიანი დიაბეტი (დაავადებით გართულებული ორსულობა)

ქალებში, ვისაც დიაბეტი დაორსულებამდეც ჰქონდა, ფეხმძიმობისას პრობლემების რისკი დამოკიდებულია დაავადების ხანგრძლივობასა და მისი გართულებების, მაგალითად, მაღალი არტერიული წნევისა და თირკმლის დაზიანების არსებობაზე.

გესტაციური დიაბეტი: ქალების 1-3%-ს ორსულობისას შაქრიანი დიაბეტი უვითარდება. ამას გესტაციური, ანუ ორსულთა, დიაბეტი ეწოდება. დიაგნოსტირებისა და მკურნალობის გარეშე ეს პათოლოგია ზრდის ქალისა და ნაყოფის ჯანმრთელობის პრობლემების, ნაყოფის სიკვდილის რისკს. გესტაციური დიაბეტი უფრო ხშირია ჭარბწონიან ქალებში და ზოგ ეთნიკურ ჯგუფში, განსაკუთრებით კი – ამერიკელ ინდიელებში, წყნარი ოკეანის კუნძულების მოსახლეობაში, მექსიკური, ინდური და აზიური წარმოშობის ქალებში. ქალების უმრავლესობას გესტაციური დიაბეტი იმიტომ უვითარდება, რომ ორგანიზმს საკმარისი ინსულინის წარმოქმნა არ შეუძლია. ამ ნივთიერებაზე მოთხოვნილება ორსულობის ბოლო პერიოდში იზრდება, რადგან მეტი ინსულინია საჭირო სისხლში შაქრის (გლუკოზის) მზარდი დონის დასარეგულირებლად. ზოგ ქალს შესაძლოა დაორსულებამდეც ჰქონდა დიაბეტი, მაგრამ დაავადება ამ დრომდე არ დადგინდა.

ექსპერტების უმრავლესობის აზრით, უმჯობესია ექიმებმა ყველა ორსული გამოიკვლიონ გესტაციურ დიაბეტზე. სისხლში შაქრის დონის გასაზომად ანალიზი კეთდება.

ორსულთა დიაბეტით გამოწვეული საფრთხეები: თუ შაქრიანი დიაბეტი ცუდად კონტროლდებოდა ორსულობის ადრეულ პერიოდში, იზრდება ადრეული აბორტისა და ნაყოფის განვითარების მძიმე მანკების რისკი. დიაბეტის მქონე დედების ახალშობილები უფრო დიდი წონისანი არიან, ვიდრე ჯანმრთელი ქალებისა. თუ დაავადება ცუდად კონტროლდება, ბავშვის წონა საკმაოდ დიდი შეიძლება იყოს. დიდი ზომის ნაყოფს უფრო უჭირს საშოში გამოვლა მშობიარობისას, რაც ზრდის მისი ტრავმირების რისკს. შესაბამისად, ხშირად საკეისრო კვეთა ხდება საჭირო. ამასთანავე, ამ დროს ნაყოფის ფილტვებიც უფრო ნელა მწიფდება. შაქრიანი დიაბეტის მქონე ქალებში ასევე გაზრდილია პრეეკლამფსიის (ორსულთა პათოლოგია, რომლის დროსაც არტერიული წნევის მატება აღინიშნება) რისკი.

დიაბეტით დაავადებულ ქალთა ახალშობილებში მომატებულია სისხლში შაქრისა და კალციუმის დონის დაცემის, ბილირუბინის შემცველობის მატების საშიშროება.

მკურნალობა

ორსულობისას გართულებების რისკის შემცირება სისხლში შაქრის დონის მუდმივად გაკონტროლებით შეიძლება. მთელი ამ დროის განმავლობაში გლუკოზის შემცველობა მაქსიმალურად მიახლოებული უნდა იყოს ნორმასთან.

თუ დიაბეტის მქონე ქალს დაორსულება სურს, ექიმი მას ურჩევს, რომ დაუყოვნებლივ დაიწყოს სისხლში შაქრის დონის გაკონტროლება აქტიურად (მაგ., შესაბამისი დიეტის დაცვა, ვარჯიში და, საჭიროების შემთხვევაში, ინსულინის გამოყენება), თუ მანამდე ამას არ აკეთებდა. აუცილებელია რაციონიდან შაქრის დიდი რაოდენობით შემცველი საკვების ამოღება და, ზოგადად, ისე კვება, რომ ორსულობისას წონაში მატება ზომიერი იყოს.

დიაბეტით დაავადებული ორსულების უმრავლესობას დღეში რამდენჯერმე უწევს სისხლში შაქრის დონის გაზომვა სახლის პირობებში. გესტაციური დიაბეტის მქონე ქალებს ასწავლიან, როგორ გააკეთონ ეს სპეციალური აპარატით. თუ შაქრის შემცველობა მაღალია, ორსულს შესაძლოა ინსულინი დაენიშნოს.

დიაბეტის გაკონტროლება განსაკუთრებით ფეხმძიმობის გვიან პერიოდშია მნიშვნელოვანი. ამ დროს სისხლში შაქრის დონე, როგორც წესი, იზრდება, რადგან ორგანიზმი ნაკლებად მგრძნობიარე ხდება ინსულინისადმი. ეს ნაწილობრივ იმიტომ ხდება, რომ მზარდი პლაცენტა ინსულინის საწინააღმდეგო ეფექტის მქონე ჰორმონებს წარმოქმნის. ამ დროს, როგორც წესი, ინსულინის მიღება უფრო მაღალი დოზითაა საჭირო.

თუ ნაადრევი მომშობიარება იგეგმება (მაგ., ნაყოფის დიდი წონის გამო), ექიმმა შესაძლოა ნაყოფის გარშემო არსებული სითხის (ამნოიონური სითხის) მცირე რაოდენობა გამოიღოს ანალიზისთვის. ამ პროცედურას ამნიოცენტეზი ეწოდება და იგი ექიმებს ეხმარება, დაადგინონ, საკმარისად მომწიფებულია თუ არა ნაყოფის ფილტვები დამოუკიდებლად სუნთქვისთვის.

დიაბეტის მქონე დედების ახალშობილებს სამშობიაროშივე უზომავენ შაქრის, კალციუმისა და ბილირუბინის დონე სისხლში, რადგან მათ ხშირად ამ მაჩვენებლების დარღვევა აღენიშნებათ. პატარებს, ასევე, ყურადღებით აკვირდებიან ამ პათოლოგიების ნიშნების დროულად გამოსავლენად.

დიაბეტით დაავადებულ ქალებში მშობიარობის შემდეგ ინსულინის საჭიროება მაშინვე მკვეთრად ეცემა, მაგრამ დაახლოებით 1 კვირაში ორსულობამდელ მდგომარეობას უბრუნდება.

მშობიარობის შემდეგ გესტაციური დიაბეტი, როგორც წესი, გაივლის. თუმცა, ამ პათოლოგიის მქონე ბევრ ქალს მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტი უვითარდება უფროს ასაკში.