ინფექციები (დაავადებით გართულებული ორსულობა) | მკურნალი.გე
  1. ინფექციები (დაავადებით გართულებული ორსულობა)
  2. დაავადებით გართულებული ორსულობა
  3. ქალთა ჯანმრთელობა
ინფექციები (დაავადებით გართულებული ორსულობა)

ორსულობის დროს ხშირად განვითარებული ინფექციების უმრავლესობა, მაგ. კანისა და სასუნთქი სისტემისა, მძიმე გართულებებს არ იწვევს. თუმცა, ზოგი ინფექცია ნაყოფს შეიძლება გადაეცეს მშობიარობისას ან მანამდე, გამოიწვიოს მისი ავადობა, აბორტი ან ნაადრევი მშობიარობა.

სქესობრივად გადამდები დაავადებები, რომლებიც გართულებებს იწვევს ორსულობისას, შემდეგია:

  • ქლამიდიურ ინფექციას შეუძლია გამოიწვიოს ნაადრევი მშობიარობა და სანაყოფე გარსების ნაადრევი დარღვევა. ის ასევე იწვევს თვალის ანთებას (კონიუნქტივიტს) ახალშობილებში;

  • ახალშობილებში შეიძლება განვითარდეს გონორეული კონიუნქტივიტიც;

  • სიფილისი დედიდან ნაყოფს პლაცენტის გავლით შეიძლება გადაეცეს, იგი განვითარების მრავალ მანკს იწვევს;

  • ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ) ნაყოფს დაავადებული და უმკურნალებელი დედიდან შემთხვევათა მეოთხედში გადაეცემა. ექსპერტების რეკომენდაციით აივ-ინფიცირებულმა ქალებმა ერთი ან მეტი ანტირეტროვირუსული მედიკამენტი უნდა მიიღონ ორსულობისას. ზიდოვუდინის მიღებისას აივ-ის ნაყოფისთვის გადაცემის რისკი მცირდება და 7%-ზე ნაკლებია. რამდენიმე წამლის ერთდროულად გამოყენებისას კი ეს მაჩვენებელი 2-3%-მდე ჩამოდის. ზოგ აივ-ინფიცირებულ ორსულში წინასწარ დაგეგმილმა საკეისრო კვეთამ შეიძლება კიდევ უფრო შეამციროს ვირუსის გადაცემის რისკი ნაყოფზე. ორსულობა, როგორც ჩანს, არ აჩქარებს აივ ინფექციის პროგრესირებას;

  • გენიტალური ჰერპესი ახალშობილს ბუნებრივი მშობიარობისას გადაეცემა. ინფიცირებულ ჩვილებს შესაძლოა თავის ტვინის სიცოცხლისთვის სახიფათო დაავადება, ჰერპესული ენცეფალიტი განუვითარდეთ. ახალშობილებში ჰერპესულმა ინფექციამ ასევე შეიძლება დააზიანოს სხვა შინაგანი ორგანოები, გამოიწვიოს კანისა და პირის ღრუს წყლულების გაჩენა, თავის ტვინის გამოუსწორებელი დაზიანება და სიკვდილიც კი. თუ ქალს ჰერპესული წყლულები სასქესო ორგანოებზე ორსულობის გვიან პერიოდში განუვითარდა ან ჰერპესი პირველად ამ დროს დაემართა, უმჯობესია საკეისრო კვეთა გაკეთდეს, რათა ინფექცია ბავშვს არ გადაეცეს. თუ წყლულები არ ვლინდება და ქალი უფრო ადრე ინფიცირდა, გადაცემის რისკი ძალიან მცირეა.

ინფექციები, რომლებიც სქესობრივად არ გადაეცემა, მაგრამ ორსულობისას გართულებების გამოწვევა შეუძლია, შემდეგია:

  • წითურა იწვევს განვითარების მანკებს, განსაკუთრებით კი გულისა და შიგნითა ყურის;

  • ციტომეგალოვირუსული ინფექცია პლაცენტის გავლით ნაყოფს შეიძლება გადაედოს და დააზიანოს მისი ღვიძლი და ტვინი;

  • ჩუტყვავილა თვითნებური აბორტის რისკს ზრდის. მას შეუძლია დააზიანოს ნაყოფის თვალები ან გამოიწვიოს კიდურების მანკები, სიბრმავე და გონებრივი ჩამორჩენილობა. ნაყოფის თავი ნორმაზე პატარა შეიძლება იყოს.

  • ტოქსოპლაზმოზი უმარტივესით გამოწვეული ინფექციაა და ზოგჯერ იწვევს თვითნებურ აბორტს, ნაყოფის სიკვდილსა და განვითარების მძიმე მანკებს;

  • ლისტერიოზი ბაქტერიული ინფექციაა. იგი ზრდის ნაადრევი მშობიარობის, აბორტისა და მკვდრადშობადობის რისკს. ინფექცია შესაძლოა ახალშობილებსაც გამოუვლინდეთ;

  • საშოს ბაქტერიული ინფექციები (მაგ. ბაქტერიული ვაგინოზი) შეიძლება გახდეს ნაადრევი მშობიარობის ან სანაყოფე გარსების ნაადრევი დარღვევის მიზეზი;

  • ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტი ზრდის აბორტისა და ნაადრევი მშობიარობის რისკს.

იმის დასადგენად, უმკურნალონ თუ არა ორსულს ანტიმიკრობული საშუალებებით, ექიმები აწონ-დაწონიან, ერთი მხრივ, წამლის დანიშვნისა და, მეორე მხრივ, ინფექციის მოსალოდნელ რისკებს. ზოგი ანტიბაქტერიული წამალი, მაგალითად, პენიცილინები, ცეფალოსპორინები და ერითრომიცინი, ზოგადად უსაფრთხოდ ითვლება ორსულთათვის. სხვა ანტიბიოტიკები კი, მათ შორის ტეტრაციკლინი და ფტორქინოლონები, ზოგჯერ ნაყოფის ჯანმრთელობის მხრივ გართულებებს იწვევს.