ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებები (დაავადებით გართულებული ორსულობა) | მკურნალი.გე
  1. ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებები (დაავადებით გართულებული ორსულობა)
  2. დაავადებით გართულებული ორსულობა
  3. ქალთა ჯანმრთელობა
ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებები (დაავადებით გართულებული ორსულობა)

ქალებში, რომელთავ ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტი ან ღვიძლის დანაწიბურება (ციროზი) აქვთ, უფრო მაღალია აბორტისა და ნაადრევი მშობიარობის რისკი. ციროზის დროს საყლაპავის გარშემო შეიძლება წარმოიქმნას ვარიკოზული, გაგანიერებული ვენები (საყლაპავის ვარიკოზები). ორსულობა მცირედ ზრდის ამ ვენებიდან ძლიერი სისხლდენის რისკს, განსაკუთრებით კი ბოლო სამი თვის განმავლობაში.

ღვიძლის ან ნაღვლის ბუშტის მხრივ გართულებები ფეხმძიმობისას ჰორმონულმა ცვლილებებმა შეიძლება გამოიწვიოს. ზოგი ასეთი ცვლილება მხოლოდ მსუბუქ, გარდამავალ სიმპტომებს იწვევს.

ორსულთა ქოლესტაზი: ორსულობისას ნორმალური ჰორმონული ცვლილებების გამო ნელდება ნაღვლის მოძრაობა სანაღვლე სადინარებში. ამას ქოლესტაზი ეწოდება. ყველაზე შესამჩნევი გამოვლინება მთელი სხეულის ქავილია (ხშირად ორსულობის ბოლო რამდენიმე თვეში). გამონაყარი არ აღინიშნება. თუ ქავილი ძალიან შემაწუხებელია, ქოლესტირამინი ინიშნება.

ეს დარღვევა ხშირად თავისით გაივლის მშობიარობის შემდეგ, მაგრამ მომდევნო ორსულობების დროს ხელახლა განვითარება ახასიათებს.

ღვიძლის გაცხიმოვნება ორსულობისას: ეს იშვიათი პათოლოგია შეიძლება ორსულობის ბოლო პერიოდში განვითარდეს. მისი მიზეზი უცნობია. სიმპტომები მოიცავს: გულისრევას, ღებინებას, დისკომფორტს მუცლის არეში და სიყვითლეს. დაავადება სწრაფად შეიძლება დამძიმდეს და ღვიძლის უკმარისობა განვითარდეს.

დიაგნოზი ეფუძნება ღვიძლის ფუნქციურ კვლევებსა და დასტურდება ამ ორგანოს ბიოფსიით. ექიმმა შეიძლება ქალს ორსულობის დაუყოვნებლივ შეწყვეტა ურჩიოს. მძიმე შემთხვევებში ქალისა და ნაყოფის სიკვდილის რისკი მაღალია, მაგრამ გადარჩენილი ორსულები სრულიად გამოჯანმრთელდებიან. დაავადება, როგორც წესი, მომდევნო ორსულობების დროს ხელახლა არ ვითარდება.

ნაღვლის კენჭები: ფეხმძიმე ქალები, რომელთაც ნაღვლის კენჭები უვითარდებათ, მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. თუ კენჭმა ნაღვლის ბუშტი დაახშო ან ინფექცია გამოიწვია, შეიძლება ოპერაცია გახდეს საჭირო. ქირურგიული ჩარევა, როგორც წესი, უსაფრთხოა ქალისა და ნაყოფისთვის.