ქირურგიული ჩარევა | მკურნალი.გე
  1. ქირურგიული ჩარევა
  2. დაავადებით გართულებული ორსულობა
  3. ქალთა ჯანმრთელობა
ქირურგიული ჩარევა

ფეხმძიმე ქალს შეიძლება განუვითარდეს რაიმე დაავადება, რომელიც მუცლის ღრუზე ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს. ასეთი ოპერაცია ხშირად ოდნავ ზრდის ნაადრევი მშობიარობის რისკს და შეიძლება გამოიწვიოს აბორტიც, განსაკუთრებით კი ორსულობის ადრეულ ეტაპზე. შესაბამისად, თუ ეს შესაძლებელია, ოპერაცია დროში გადავადდება ხოლმე. თუმცაღა, საჭიროების შემთხვევაში, ქირურგიული ჩარევა დროულად უნდა გაკეთდეს და ხშირად მაინც საკმაოდ უსაფრთხოა.

აპენდიციტი: თუ ორსულობისას აპენდიციტი განვითარდა, ჭია ნაწლავის, ანუ აპენდიქსის, ამოსაკვეთი ოპერაცია (აპენდექტომია) დაუყოვნებლივ ტარდება, რადგან მისი გასკდომა სასიკვდილო შეიძლება იყოს. აპენდექტომია, როგორც წესი, არ ვნებს ნაყოფს და არ იწვევს აბორტს. თუმცა, ამ დაავადების დიაგნოსტირება საკმაოდ ძნელი შეიძლება იყოს ორსულობისას. აპენდიციტის მოვლითი ტკივილი საშვილოსნოს შეკუმშვების დროს აღმოცენებულს ჰგავს, რაც ხშირია ფეხმძიმეებში. ორსულობის ვადის მატებასთან ერთად ჭია ნაწლავიც ზემოთ, მუცლის ღრუში გადანაცვლდება, ასე რომ, აპენდიციტის დროს ტკივილი უჩვეულო ადგილას შეიძლება განვითარდეს.

საკვერცხის ცისტა: თუ საკვერცხის ცისტა ორსულობის დროსაც შენარჩუნდა, ოპერაცია ხშირად 14 კვირამდე არ ტარდება. ცისტა შესაძლოა იმ ჰორმონებს გამოიმუშავებდეს, რომლებიც ორსულობის შენარჩუნებას უწყობს ხელს და იგი ხშირად მკურნალობის გარეშეც გაიწოვება. თუმცაღა, თუ ცისტა ან სხვა რამე მოცულობითი წარმონაქმნი იზრდება, მტკივნეულია ან ზოგი თავისებურება აქვს (ულტრასონოგრაფიულ გამოსახულებაზე), ოპერაცია შესაძლოა ორსულობის 14 კვირამდეც გაკეთდეს. ასეთი წარმონაქმნი შეიძლება ავთვისებიანიც იყოს.

ნაწლავის დახშობა: ორსულობისას ნაწლავის სანათურის დახშობა ძალიან მძიმე პათოლოგიაა. თუ შედეგად ნაწლავის განგრენა და პერიტონიტი (მუცლის ღრუს ამომფენი გარსის ანთება) განვითარდა, ქალს შესაძლოა მუცელი მოეშალოს და, ამასთან, მის სიცოცხლესაც საფრთხე დაემუქროს. ორსულობისას ნაწლავის დახშობის სიმპტომების გამოვლენისას, დაუყოვნებლივ კეთდება დიაგნოსტიკური ოპერაცია, განსაკუთრებით, თუ წინა პერიოდში მუცლის ღრუზე ქირურგიული ჩარევაა ჩატარებული ან მისი ინფექცია აღინიშნებოდა.