მალარია | მკურნალი.გე
  1. მალარია
  2. პარაზიტული ინფექციები (ინფექციები)
  3. ინფექციები
მალარია

მალარია წარმოადგენს უმარტივესი პლაზმოდიუმის ოთხი სახეობით გამოწვეულ სისხლის წითელი უჯრედების ინფექციას.

  • ჩვეულებრივ, მალარია ვრცელდება დაინფიცირებული მდედრი კოღოს კბენით;

  • ადამიანებს აქვთ შემცივნება კანკალით, რომელსაც მოჰყვება ცხელება და აგრეთვე – თავისა და სხეულის ტკივილები, გულისრევა და დაღლილობის შეგრძნება;

  • ერთ-ერთი სახის მალარიას ახასიათებს სერიოზული სიმპტომები, როგორიცაა დელირიუმი, დაბნეულობა, კრუნჩხვები, კომა, სუნთქვის სერიოზული პრობლემები, თირკმლის უკმარისობა და ზოგჯერ სიკვდილი;

  • ექიმები სვამენ ინფექციის დიაგნოზს სისხლის ნიმუშში უმარტივესების აღმოჩენისას;

  • შესაძლოა დაგვეხმაროს კოღოების გასამრავლებელი ადგილების მოსპობა, მტკნარ წყალში კოღოს მატლების დახოცვა, კბენისგან თავის დაცვა და პრევენციული წამლების მიღება იმ ადგილებში მოგზაურობამდე, სადაც გავრცელებულია მალარია;

  • ინფექციის სამკურნალოდ გამოიყენება ანტიმალარიული წამლები, როგორიცაა ქლოროქვინი.

მალარია ვრცელდება დაინფიცირებული მდედრი კოღოს კბენით. ძალიან იშვიათად დაავადება გადაეცემა დაინფიცირებული დედისგან მის ნაყოფს, დაინფიცრებული სისხლის გადასხმით ან ისეთი ნემსით ინექციის გაკეთებისას, რომელსაც ადრე ხმარობდა მალარიით დაინფიცირებული ადამიანი. არსებობს მალარიის პარაზიტების ოთხი სახეობა, რომელიც აინფიცირებს ადამიანებს: პლაზმოდიუმ ფალციპარუმი, პლაზმოდიუმ ვივაქსი, პლაზმოდიუმ ოვალე და პლაზმოდიუმ მალარია.

მიუხედავად იმისა, რომ წამლებმა და მწერების დამაფრთხობელმა საშუალებებმა გააიშვიათეს მალარიის შემთხვევები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და განვითარებულ ქვეყნებში, მსოფლიოს სხვა რეგიონებში დაავადება გვხვდება ხშირად და შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი. მსოფლიოში მალარიით დაინფიცირებულია 300-500 მილიონი ადამიანი და ყოველ წელს იღუპება 1-2 მილიონი ადამიანი. დაღუპული ადამიანების უმეტესობას წარმოადგენენ 5 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებიც ცხოვრობენ აფრიკაში. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სხვა განვითარებულ ქვეყნებში მალარია ვითარდება იმიგრანტებში, ტროპიკული რეგიონებიდან ჩამოსულ სტუმრებში ან ჩრდილო ამერიკელ მოგზაურებში, რომლებიც დაბრუნდნენ ტროპიკული რეგიონებიდან.

მალარიული ინფექციის სასიცოცხლო ციკლი იწყება მაშინ, როდესაც მდედრი კოღო კბენს მალარიით დაინფიცირებულ ადამიანს. კოღო წოვს სისხლს, რომელიც შეიცავს პარაზიტების რეპროდუქციულ უჯრედებს. კოღოში მოხვედრისას პარაზიტები მრავლდებიან, ვითარდებიან და გადაადგილდებიან კოღოს სანერწყვე ჯირკვლებისკენ. როდესაც კოღო კბენს სხვა ადამიანს, კოღოს ნერწყვთან ერთად ხდება პარაზიტების ადამიანის სისხლში შეყვანა. ახლად დაინფიცირებული ადამიანის ორგანიზმში პარაზიტები გადაადგილდებიან ღვიძლისკენ და კიდევ მრავლდებიან. ჩვეულებრივ, ისინი სრულად განვითარდებიან 1-3 კვირის განმავლობაში, შემდეგ ტოვებენ ღვიძლს და შეაღწევენ ადამიანის სისხლის წითელ უჯრედებში, სადაც კვლავ მრავლდებიან და საბოლოოდ იწვევენ დაინფიცირებული უჯრედების გახეთქვას, რის შედეგადაც გამოიყოფიან პარაზიტები, რომლებიც შეაღწევენ სისხლის სხვა წითელ უჯრედებში.

პლაზმოდიუმ ვივაქსი და პლაზმოდიუმ ოვალე შეიძლება დარჩნენ ღვიძლში ფარული ფორმით, რომლის დროსაც სისხლის მიმოქცევაში პერიოდულად გამოიყოფა პარაზიტები, და სიმტომები ხელახლა ჩნდება. ფარულ ფორმას ვერ კლავს მალარიის საწინააღმდეგო ბევრი პრეპარატი. პლაზმოდიუმ ფალციპარუმი და პლაზმოდიუმ მალარია არ რჩებიან ღვიძლში, თუმცა პლაზმოდიუმ მალარიას ზრდასრული ფორმები შეიძლება არსებობდნენ სისხლის მიმოქცევაში თვეების ან წლების განმავლობაში, სანამ გამოიწვევენ სიმპტომებს.

სიმპტომები და გართულებები

ინფექციის გაჩენის შემდეგ სიმპტომები ჩვეულებრივ ვითარდება რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში, მაგრამ ისინი შესაძლოა გამოვლინდნენ წლების შემდეგაც. მალარიის ყველა ფორმის თავდაპირველი სიმპტომები მსგავსია. როდესაც სკდება დაინფიცირებული სისხლის წითელი უჯრედები და გამოიყოფა პარაზიტები, ადამიანს უვითარდება შემცივნება კანკალით, რომელსაც მოჰყვება ცხელება, ტემპერატურამ შესაძლოა გადააჭარბოს 40°C (104°F). ხშირია დაღლილობა და გაურკვეველი დისკომფორტი, თავის ტკივილი, სხეულის ტკივილი და გულისრევა. ცხელება იკლებს რამდენიმე საათის შემდეგ და ამას მოჰყვება ძლიერი ოფლიანობა და დაღლილობა. თავდაპირველად, ცხელების განვითარება არაპროგნოზირებადია, მაგრამ დროთა განმავლობაში ისინი შესაძლოა გახდნენ პერიოდულნი. ცხელება ჩნდება 48-საათიანი ინტერვალით პლაზმოდიუმ ვივაქსისა და პლაზმოდიუმ ოვალეს დროს და 72-საათიანი ინტერვალით პლაზმოდიუმ მალარიას დროს. პლაზმოდიუმ ფალციპარუმით გამოწვეული ცხელება ხშირად არ არის პერიოდული, მაგრამ შესაძლოა გაჩნდეს 48-საათიანი ინტერვალებით.

როდესაც ინფექცია პროგრესირებს, ელენთა იმატებს ზომაში და ანემია მწვავდება. შესაძლებელია განვითარდეს სიყვითლე. პლაზმოდიუმ ფალციპარუმით დაინფიცირებულ ადამიანებში სისხლში ქვეითდება შაქრის (გლუკოზა) დონე. იმ ადამიანებში, რომლებსაც აქვთ პარაზიტების დიდი რაოდენობა სისხლში – განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ მათ მკურნალობენ წამალ ქინინით, შაქრის დონე შეიძლება გახდეს იმდენად დაბალი, რომ იყოს სიცოცხლისთვის სახიფათო.

სამდღიანი მალარია: მალარიის ეს ფორმა, რომელსაც იწვევს პლაზმოდიუმ ფალციპარუმი, წარმოადგენს მალარიის ყველაზე სახიფათო ფორმას და ზოგჯერ სასიკვდილოც კია. სამდღიანი მალარიის დროს სისხლის დაინფიცირებული წითელი უჯრედები ეწებებიან მცირე ზომის სისხლძარღვების კედლებს და იწვევენ მათ დახშობას, რითიც აზიანებენ ბევრ ორგანოებს – განსაკუთრებით კი, თავის ტვინს (ცერებრული მალარია), ფილტვებს, თირკმლებსა და საჭმლის მომნელებელ ტრაქტს. ცერებრული მალარია წარმოადგენს განსაკუთრებულად სახიფათო გართულებას, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს მაღალი ცხელება, თავის ტკივილი, ძილიანობა, დელირიუმი, დაბნეულობა, კრუნჩხვები და კომა. ის ყველაზე ხშირად გვხვდება ჩვილებში, მცირე ასაკის ბავშვებში, ორსულ ქალებსა და ადამიანებში, რომლებსაც არასდროს ჰქონიათ კონტაქტში მალარიასთან და მოგზაურობენ იმ ადგილებში, სადაც მალარია გავრცელებულია. სამდღიანი მალარიის დროს შესაძლოა ფილტვებში დაგროვდეს სითხე და გამოიწვიოს სუნთქვის სერიოზული გართულება. რამდენიმე ორგანოს დაზიანება იწვევს სისხლის არტერიული წნევის ვარდნას. სხვა სიმპტომებს მიეკუთვნება ფაღარათი, თირკმლის უკმარისობა და სიყვითლე.

შავი წყლის ცხელება წარმოადგენს სამდღიანი მალარიის იშვიათ გართულებას. ის გამოწვეულია სისხლის წითელი უჯრედების დიდი რაოდენობის გასკდომით, რაც იწვევს სისხლის მიმოქცევაში სისხლის პიგმენტის (ჰემოგლობინი) გამოყოფას. ჰემოგლობინი გამოიყოფა შარდით და ეს იწვევს შარდის გამუქებას. თირკმლების დაზიანება შეიძლება იყოს იმდენად მწვავე, რომ საჭირო გახდეს დიალიზი. შავი წყლის ცხელება უხშირესად ვითარდება იმ ადამიანებში, რომლებიც სამკურნალოდ იყენებდნენ ქინინს.

დიაგნოზი

ექიმს ეჭვი მიაქვს მალარიაზე, როდესაც ადამიანს უვითარდება ცხელება და სხვა დამახასიათებელი სიმპტომები იმ ადგილებში მოგზაურობის დროს ან მოგზაურობის შემდეგ, სადაც მალარია გავრცელებულია.

პერიოდული ცხელება ვითარდება მალარიის მქონე ამერიკელი მოგზაურების ნახევარზე ნაკლებში, მაგრამ თუ ის არსებობს, სავარაუდოს ხდის დიაგნოზს. სისხლის ნიმუშის მიკროსკოპით გამოკვლევისას პარაზიტების აღმოჩენა ადასტურებს დიაგნოზს. შესაძლოა საჭირო გახდეს ერთზე მეტი ნიმუში. ლაბორატორიები ცდილობენ განსაზღვრონ ნიმუშში აღმოჩენილი პლაზმოდიუმის სახეობა, რადგანაც მკურნალობა, გართულებები და პროგნოზი განსხვავდება და დამოკიდებულია სახეობაზე. პლაზმოდიუმ ფალციპარუმით გამოწვეული ინფექცია წარმოადგენს კრიტიკულ შემთხვევას და საჭიროებს სასწრაფო შეფასებასა და მკურნალობას.

პრევენცია

კოღოების მაკონტროლებელი ღონისძიებები, რაც გულისხმობს გასამრავლებელი ადგილების მოსპობას და მატლების დახოცვას მტკნარ წყალში, სადაც ისინი სახლობენ – არის ძალიან მნიშვნელოვანი. აგრეთვე, ადამიანებმა, რომლებიც ცხოვრობენ ან მოგზაურობენ იმ ადგილებში, სადაც მალარია ხშირია, უნდა გაატარონ გარკვეული ღონისძიებები, რათა შეზღუდონ კონტაქტი კოღოებთან:

  • გამოიყენონ მწერების დამაფრთხობელი შესაშხურებელი ხსნარები (პერმეთრინი ან პირეთრუმი) სახლში და მიშენებებში;

  • კარებზე და ფანჯრებზე გააკრან დამცავი ბადეები;

  • საწოლებზე გამოიყენონ პერმეთრინით გაჟღენთილი კოღოების საწინააღმდეგო ბადეები;

  • კანის დაუცველ ადგილებზე გამოიყენონ DEET-ის (დიეთილტოლუდამიდი) შემცველი კოღოების დამაფრთხობელი საშუალებები;

  • განთიადიდან მზის ჩასვლამდე ჩაიცვან გრძელი შარვლები და გრძელმკლავიანი მაისურები, რომ დაიცვან საკუთარი თავი კოღოს ნაკბენებისგან;

  • თუ მოსალოდნელია, რომ კონტაქტი კოღოებთან იქნება ხანგრძლივი ან მათი რაოდენობა დიდი იქნება, საჭიროა ტანსაცმლის ჩაცმამდე, მისი დამუშავება პერმეთრინით.

წამლები:საჭიროა წამლების მიღება იმ ადგილებში მოგზაურობის დროს, სადაც მალარია ხშირია, იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ მალარიის განვითარება. პრევენციული წამლის მიღება იწყება მოგზაურობის დაწყებამდე, გრძლდება მოგზაურობის დროს და აგრეთვე – მაღალი რისკის ადგილის დატოვებიდან გარკვეული პერიოდის განმავლობაში (ის სხვადასხვაა თითოეული წამლისთვის). პრევენციული წამლები ამცირებენ, მაგრამ სრულად არ ახდენენ მალარიის განვითარების რისკის ლიკვიდაციას. შესაძლებელია, რამდენიმე წამლის გამოყენება მალარიის პრევენციის (და მკურნლობის) მიზნით. წამლებისადმი რეზისტენტობა წარმოადგენს სერიოზულ პრობლემას, კერძოდ კი საშიში პლაზმოდიუმ ფალციპარუმის შემთხვევაში. წამლის მიმართ რეზისტენტული შტამების გავრცელება განსხვავებულია მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში. შესაბამისად, პრევენციისთვის განკუთვნილი წამლის არჩევანი დამოკიდებულია გეოგრაფიულ ადგილმდებარეობაზე. ინფორმაცია, რომელიც მნიშვნელოვანია გარკვეულ ადგილებში მოგზაურობისას, ხელმისაწვდომია დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრებში.

ქლოროქვინი წარმოადგენს არჩევის პრეპარატს მალარიის პრევენციისთვის მექსიკაში, ცენტრალური ამერიკის რეგიონში – პანამის არხის დასავლეთით, ჰაიტიში, დომინიკის რესპუბლიკასა და ახლო აღმოსავლეთის ზოგიერთ რეგიონში. პლაზმოდიუმ ფალციპარუმის შტამები, რომლებიც რეზისტენტულნი არიან ქლოროქვინის მიმართ, გვხვდება მსოფლიოს სხვა ნაწილებში, სადაც მალარია ხშირია. ამ ადგილებში ეფექტურია დოქსიციკლინი, ატოვაქვინ-პროგუანილის კომბინაცია ან მეფლორქვინი. მეფლორქვინის გამოყენება უკანასკნელ წლებში შემცრიდა იშვიათი, მაგრამ პოტენციურად მწვავე ფსიქიატრიული გვერდითი მოვლენების განვითარების გამო. ის აგრეთვე უეფექტოა ან ნაკლებეფექტურია პლაზმოდიუმ ფალციპარუმის პრევენციისთვის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგონებში (და პერიოდულად სხვა ადგილებშიც)

ვაქცინები მალარიის თავიდან ასაცილებლად ჯერ ექსპერიმენტულ სტადიაშია.

მკურნალობა

სამკურნალო პრეპარატის არჩევანი ეფუძნება პლაზმოდიუმის სახეობას. ქლოროქვინი არის არჩევის პრეპარატი იმ რეგიონებში, სადაც პლაზმოდიუმის სახეობებს არ განუვითარდათ მისდამი რეზისტენტობა. მკურნალობას ემატება პრიმაქვინი იმ ადამიანების ღვიძლში მუდმივად არსებული პარაზიტების დასახოცად, რომლებიც დაინფიცირებული არიან პლაზმოდიუმ ვივაქსით ან პლაზმოდიუმ ოვალეთი. სანამ ადამიანს მისცემენ პრიმაქვინს, ატარებენ სისხლის ანალიზს შედარებით ფართოდ გავრცელებული ენზიმის – გლუკოზა-6 – ფოსფატ დეჰიდროგენაზას დეფიციტის გამოვლენის მიზნით. ადამიანებში გლუკოზა-6 – ფოსფატ დეჰიდროგენაზას დეფიციტით პრიმაქვინმა შესაძლოა გამოიწვიოს მათი სისხლის წითელი უჯრედების დაშლა.

მალარიის მკურნალობა იმ რეგიონებში, სადაც დაფიქსირებულია რეზისტენტობა ქლოროქვინის მიმართ, შესაძლებელია ქინინისა და დოქსიციკლინის კომბინაციით ან გართულებულ შემთხვევებში ატოვაქვინ-პროგუანილით მკურნალობა. ატოვაქვინ-პროგუანილს აქვს უფრო ნაკლები გვერდითი მოვლენა, ვიდრე ქინინს. შესაძლებელია მეფლოქვინის პრევენციისთვის რეკომენდებულ დოზასთან შედარებით უფრო დიდი დოზებით გამოყენება, მაგრამ ხშირია გვერდითი მოვლენები. თუ ადამიანი ვერ დალევს პრეპარატს, შესაძლებელია ქინიდინის ინტრავენურად მიცემა, მაგრამ პაციენტი უნდა იმყოფებოდეს საავადმყოფოში, დაკვირვების ქვეშ, რადგანაც ინტრავენურმა შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის არტერიული წნევის კლება და გულის რიტმის დარღვევები.

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ჩინეთში პლაზმოდიუმ ფალციპარუმის სამკურნალოდ ფართოდ გამოიყენება, ხოლო აფრიკასა და სხვა ადგილებში ბოლო დროს სულ უფრო ხშირად იყენებენ არტემიზინინის პრეპარატებს (როგორიცაა მაგ. არტემეტერი).

ჩვეულებრივ, მათ ნიშნავენ მალარიის საწინააღმდეგო მეორე პრეპარატთან ერთად მალარიის ხელახალი განვითარების თავიდან აცილების მიზნით. ფართოდ გამოიყენება ართემეტერისა და ლუმეფანტრინის კომბინაცია. არტემიზინინის წამლები მოქმედებენ სწრაფად და ზოგადად ხასიათდებიან კარგი ამტანობით.

მოგზაურები, რომლებსაც უვითარდებათ ცხელება იმ ადგილებში მოგზაურობისას, სადაც მალარია ხშირია, დაუყოვნებლივ უნდა გაესინჯონ ექიმს. თუ სამედიცინო მომსახურება არ არის ხელმიწასვდომი, ზოგჯერ, კვალიფიციურ სამედიცინო შეფასებამდე საეჭვო მალარიის სამკურნალოდ რეკომენდებულია თვითმკურალობა ატოვაქვინ-პროგუანილით. ეს მიდგომა განხილულ უნდა იყოს ექიმთან მოგზაურობის წინ.

ქლოროქვინი შედარებით უსაფრთხოა მოზრდილებისთვის, ბავშვებისა და ორსული ქალებისთვის. მას აქვს მწარე გემო და შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავური სიმპტომები, როგორიცაა მუცლის ტკივილი, მადის დაკარგვა, გულისრევა და ფაღარათი. პრეპარატი უნდა მოვარიდოთ ბავშვებს, რადგანაც დოზის გადაჭარბება შესაძლოა იყოს სასიკვდილო.

დოქსიციკლინმა შესაძლოა გამოიწვიოს ნაწლავური სიმპტომები, საშოს სოკოვანი დაავადებები და მზის ძლიერი დამწვრობა ადამიანების მცირე რაოდენობაში. ადამიანებმა უნდა დააყოლონ მას ერთი მთლიანი ჭიქა სითხე და არ უნდა დაწვნენ რამდენიმე საათის განმავლობაში, რათა დარწმუნდნენ, რომ წამალმა მიაღწია კუჭამდე. თუ წამალმა ვერ მიაღწია კუჭს, მან შესაძლოა გამოიწვიოს საყლაპავის გაღიზიანება და ძლიერი ტკივილი. არ შეიძლება დოქსიციკლინის გამოყენება ორსულ ქალებსა და 8 წლამდე ასაკის ბავშვებში, რადგანაც მან შესაძლოა გამოიწვიოს კბილების სამუდამო შეღებვა ნაყოფსა ან ბავშვებში.

მეფლორქვინი იწვევს აქტიურ სიზმრებს. მან ზოგჯერ შესაძლოა გამოიწვიოს მწვავე ფსიქოლოგიური გვერდითი ეფექტები, აგრეთვე კრუნჩხვები იმ ადამიანებში, რომლებსაც ადრე ჰქონდათ კრუნჩხვითი დაავადება. ისინი აზიანებენ გულს იმ ადამიანებში, რომლებიც იღებენ გულის დაავადებების სამკურნალო პრეპარატებს. შესაბამისად, მეფლორქვინი არ გამოიყენება იმ ადამიანებში, რომელთაც აქვთ კრუნჩხვითი დაავადება ან ფსიქიატრიული პრობლემები ან რომლებიც იღებენ გარკვეულ პრეპარატებს გულის დაავადებების სამკურნალოდ. ადამიანებმა, რომლებიც იღებენ ამ პრეპარატს, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ისინი მოგზაურობენ, უნდა მოითხოვონ წერილობითი ინფორმაცია გვერდითი მოვლენების შესახებ.

მალარიის პრევენციისა და მკურნალობისთვის განკუთვნილი წამლებიდან ატოვაქვინ-პროგუანილი წარმოადგენს ყველაზე კარგად ასატან წამალს, მაგრამ ზოგჯერ ის იწვევს გამონაყარის გაჩენას ან ნაწლავურ სიმპტომებს.

ქინინი ხშირად იწვევს თავის ტკივილს, გულისრევას, ღებინებას, მხედველობის დარღვევებს და ყურებში ხმაურს. სიმპტომების ამ კომბინაციას ეწოდება ცინქონიზმი (ქინუნური ქერქით მოწამვლა). პლაზმოდიუმ ფალციპარუმით დაინფიცირებულ ადამიანებში ქინინმა შესაძლოა გამოიწვიოს სისხლის შაქრის დონის დაკლება.

არტემიზინინის პრეპარატები მიიღება ჩინური, მალარიის სამკურნალო მცენარე – ქვინგაოშუსგან, რომელიც აბზინდის ერთ-ერთი სახეობაა (ე.წ. ტკბილი აბზინდა). შეყვანის გზა განსხვავებულია. ზოგიერთი მიიღება დასალევი ფორმით, ხოლო ზოგიერთი – ინტრავენურად ან სანთლის სახით. გვერდითი მოვლენები იშვიათია და მათ მიეკუთვნება მუცლის ტკვილი, ფაღარათი და წამლისმიერი ცხელება.

ანტიმალარიულმა წამლებმა შესაძლოა დააზიანონ ნაყოფი. შესაბამისად, საჭიროა ექსპერტის კონსულტაცია, თუ მკურნალობა ორსულ ქალს სჭირდება.

მკურნალობის დაწყების შემდეგ ადამიანთა უმეტესობის მდგომარეობა უმჯობესდება 24-48 საათში, მაგრამ სამდღიანი მალარიის დროს ცხელება შეიძლება გაგრძელდეს 5 დღის განმავლობაში.