თრომბოემბოლიური დაავადებები | მკურნალი.გე
  1. თრომბოემბოლიური დაავადებები
  2. დაავადებით გართულებული ორსულობა
  3. ქალთა ჯანმრთელობა
თრომბოემბოლიური დაავადებები

ამერიკის შეერთებულ შტატებში ორსულ ქალთა სიკვდილის უპირველესი მიზეზი თრომბოემბოლიური დაავადებებია. ამ დროს სისხლძარღვებში თრომბები წარმოიქმნება. ისინი შეიძლება სისხლის ნაკადს გაჰყვეს და რომელიმე არტერია დაახშოს. თრომბოემბოლიის განვითარების რისკი გაზრდილი რჩება მშობიარობიდან 6-8 კვირის განმავლობაში. ყველაზე ხშირად თრომბით გამოწვეული გართულებები მშობიარობის პროცესში აღმოცენებული დაზიანებების შედეგია. ამის რისკი საკეისრო კვეთის დროს ბევრად მაღალია, ვიდრე ვაგინალური, ბუნებრივი მშობიარობისას. თრომბები, როგორც წესი, ქვედა კიდურების ზედაპირულ ვენებში წარმოიქმნება, თრომბოფლებიტის გამო, ან ღრმა ვენებში – ღრმა ვენების თრომბოზის დროს. ამის სიმპტომებია: შეშუპება, წვივების ტკივილი და მტკივნეულობა. სიმპტომების სიმძიმე არაა დაკავშირებული დაავადების სიმძიმესთან. ღრმა ვენების თრომბოზი მენჯის ვენებშიც შეიძლება განვითარდეს, რაც ზოგჯერ უსიმპტომოდ მიმდინარეობს. მენჯის ან ქვედა კიდურების ღრმა ვენებიდან თრომბი ფილტვში შეიძლება მოხვდეს და ერთი ან რამდენიმე არტერია დაახშოს. ამას ფილტვის ემბოლია ეწოდება და სიცოცხლისთვის საშიში პათოლოგიაა.

დიაგნოზი და მკურნალობა

თუ ქალს ორსულობისას თრომბოზის სიმპტომები გამოუვლინდა, ქვედა კიდურების სისხლძარღვებში თრომბების აღმოსაჩენად დოპლერული ულტრასონოგრაფია კეთდება (მისი მეშვეობით სისხლის დინება ფასდება).

როცა ექიმს ფილტვის ემბოლიაზე აქვს ეჭვი, დიაგნოზის დასადასტურებლად კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ) შეიძლება ჩატარდეს. კტ ორსულობისას მეტ-ნაკლებად უსაფრთხოა. თუკი ფილტვის ემბოლიის დიაგნოზი მაინც ვერ დაისვა აბსოლუტური სიზუსტით, საჭირო ხდება სპეციალური პროცედურა – ფილტვების ანგიოგრაფია.

თრომბის აღმოჩენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ იწყება ჰეპარინით (ანტიკოაგულანტით) მკურნალობა. მისი შეყვანა შესაძლებელია ვენაში (ინტრავენურად) ან კანქვეშ (სუბკუტანეურად). ჰეპარინი არ გადის პლაცენტას და არ აყენებს ზიანს ნაყოფს. მკურნალობა მშობიარობიდან კიდევ 6-8 კვირა გრძელდება, მანამ, სანამ თრომბის წარმოქმნის რისკი მომატებულია. მშობიარობის შემდეგ ჰეპარინის ნაცვლად ვარფარინის გამოყენებაც შეიძლება. იგი დასალევი სახით არსებობს, გართულებების უფრო ნაკლები რისკი აქვს, ვიდრე ჰეპარინს, და უსაფრთხოა მეძუძური დედებისთვის.

ქალებს, რომელთაც წინა ორსულობისას თრომბოზი განუვითარდათ, მომდევნო ფეხმძიმობების დროს შესაძლოა ჰეპარინი ხელახლა დაენიშნოთ, რათა თრომბის განმეორებით წარმოქმნა ავიცილოთ თავიდან.