ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები (დაავადებით გართულებული ორსულობა) | მკურნალი.გე
  1. ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები (დაავადებით გართულებული ორსულობა)
  2. დაავადებით გართულებული ორსულობა
  3. ქალთა ჯანმრთელობა
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები (დაავადებით გართულებული ორსულობა)

ფარისებრი ჯირკვლის დაავადება ქალს დაორსულებამდეც შეიძლება ჰქონდეს ან ფეხმძიმობის დროს განუვითარდეს. ორსულობის დროს ეს პათოლოგიები იმავე სიმპტომებით ვლინდება, ნაყოფზე მათი ზეგავლენა კი დამოკიდებულია თავად დაავადებასა და სამკურნალოდ გამოყენებულ წამლებზე. მაგრამ, ზოგადად, საფრთხეები შემდეგია:

  • ზედმეტად აქტიური ფარისებრი ჯირკვალი (ჰიპერთირეოიდიზმი): ნაყოფის ზრდის შენელება ან შეფერხება, მკვდრადშობადობა;

  • ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება (ჰიპოთირეოიდიზმი): ბავშვის გონებრივი ჩამორჩენილობა და აბორტი.

ჰიპოთირეოიდიზმის ყველაზე ხშირი მიზეზი ორსულებში ჰაშიმოტოს თირეოიდიტი და გრეივსის დაავადების მკურნალობაა.

თუ ქალს აქვს ან ოდესმე ჰქონდა ფარისებრი ჯირკვლის დაავადება, ორსულობისას და შემდეგ იგი და ბავშვი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. ექიმები რეგულარულად ამოწმებენ ცვლილებებსა და სიმპტომებს, ატარებენ სისხლის ანალიზს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონის განსასაზღვრად.

ჰაშიმოტოს თირეოიდიტი: ეს ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული ანთებაა, რომელსაც ავტოიმუნური რეაქცია იწვევს – როცა იმუნური სისტემის ფუნქციონირება ირღვევა და იგი საკუთარ ქსოვილებს ესხმის თავს. ორსულობისას იმუნიტეტი დაქვეითებულია, ამიტომ ეს დაავადება ნაკლებად გამოხატულიც შეიძლება იყოს ამ პერიოდში. თუმცაღა, ზოგ ქალს ჰიპოთირეოიდიზმი ან ჰიპერთირეოიდიზმი უვითარდება, რასაც მკურნალობა ესაჭიროება.

ქვემწვავე თირეოიდიტი: ფარისებრი ჯირკვლის უეცრად განვითარებული ანთება ხშირია ორსულობისას. ჯირკვალი შეიძლება გადიდდეს, ჩამოყალიბდეს ჩიყვი და გახდეს მტკივნეული. ჩიყვი, როგორც წესი, სასუნთქი გზების ინფექციის დროს ან შემდეგ ჩნდება. შესაძლოა განვითარდეს ჰიპერთირეოიდიზმი და გამოვლინდეს მისი სიმპტომებიც, მაგრამ ეს დროებითია. ქვემწვავე თირეოიდიტს, როგორც წესი, მკურნალობა არ ესაჭიროება.

მშობიარობის შემდგომი თირეოიდიტი: მშობიარობიდან პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში შესაძლოა განვითარდეს ფარისებრი ჯირკვლის ანთება, რაც მისი ფუნქციის გაძლიერებას იწვევს. შესაძლოა ეს დაავადება ავტოიმუნურმა რეაქციამ გამოიწვიოს. იგი ზოგჯერ რჩება, პერიოდულად ხელახლა ვითარდება ან თანდათან მძიმდება.

გრეივსის დაავადება: ამ დროს პათოლოგიური ანტისხეულები ფარისებრ ჯირკვალს ასტიმულირებს და მისი ჰორმონების დიდი რაოდენობით გამომუშავებას იწვევს. ანტისხეულებს პლაცენტაში გასვლა და ნაყოფის ფარისებრი ჯირკვლის სტიმულირებაც შეუძლიათ. შედეგად, შეიძლება განვითარდეს მისი გულისცემის აჩქარება და ზრდაში ჩამორჩენა. ნაყოფის ფარისებრი ჯირკვალი შესაძლოა ზომაში გაიზარდოს და ჩიყვიც ჩამოყალიბდეს. ძალიან იშვიათად, ჩიყვი იმხელაა, რომ საშოსმხრივ მშობიარობასაც უშლის ხელს.

ორსულობისას გრეივსის დაავადებას, როგორც წესი, პროპილთიოურაცილის უმცირესი ეფექტური დოზით მკურნალობენ, რაც დასალევად ინიშნება. რეგულარულად ტარდება ქალის გამოკვლევა და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონის განსაზღვა სისხლში, რადგან პროპილთიოურაცილი პლაცენტაში გაივლის. ამ წამალმა შეიძლება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირება დააქვეითოს და ხელი შეუშალოს ნაყოფში ფარისებრი ჰორმონების საკმარისი რაოდენობით წარმოქმნას. იგი ზოგჯერ ნაყოფის ჩიყვსაც იწვევს. ამ დაავადების სამკურნალოდ სინთეზური თირეოიდული ჰორმონებიც გამოიყენება, მაგრამ ისინი ორსულობისას პროპილთიოურაცილთან ერთად არ ინიშნება. ამ ჰორმონებს შეუძლიათ პროპილთიოურაცილის მაღალი დოზით გამოწვეული გართულებების გადაფარვა და ნაყოფის ჰიპოთირეოიდიზმის გამოწვევა. პროპილთიოურაცილის ნაცვლად მეთიმაზოლის გამოყენებაც შეიძლება.

ხშირად გრეივსის დაავადება მსუბუქდება მესამე ტრიმესტრში, რის შედეგადაც შესაძლებელი ხდება წამლის დოზის შემცირება ან საერთოდ მოხსნა.

ორსულობისას გრეივსის დაავადების სადიაგნოსტიკოდ და სამკურნალოდ არ შეიძლება რადიოაქტიური იოდის გამოყენება, რადგან იგი ნაყოფის ფარისებრ ჯირკვალს აზიანებს.

თუ ფარისებრი ჯირკვლის შტორმი (ჯირკვლის ფუნქციის უეცრად, მეტისმეტად გაძლიერება) განვითარდა ან სიმპტომები დამძიმდა, ქალს შეიძლება ბეტა ბლოკერები (მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო საშუალებები) დაენიშნოს. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია ფარისებრი ჯირკვლის ამოკვეთა მეორე ტრიმესტრში. ოპერაციიდან 24 საათის შემდეგ იწყება სინთეზური ფარისებრი ჰორმონებით მკურნალობა. ამ შემთხვევაში ეს მედიკამენტები ნაყოფის დაზიანებას არ იწვევს.