მიკროსპორიდოზი | მკურნალი.გე
  1. მიკროსპორიდოზი
  2. პარაზიტული ინფექციები (ინფექციები)
  3. ინფექციები
მიკროსპორიდოზი

მიკროსპორიდოზი წარმოადგენს უმარტივესი მიკროსპორიდიათი გამოწვეულ ინფექციას.

  • ეს ინფექცია სიმპტომებს იწვევს მხოლოდ დაქვეითებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანებში, როგორებიც არიან შიდსით დაავადებულნი;

  • სიმპტომები განსხვავებულია, აღინიშნება ქრონიკული ფაღარათი შიდსით დაავადებულ ადამიანებში, მუცლის ტკვილი, ცხელება, წონაში კლება, მუდმივი ხველა, თავის ტკივილი, ცხვირში გაჭედვა და თვალის გაღიზიანება;

  • ექიმები სვამენ ინფექციის დიაგნოზს დაინფიცირებული ქსოვილის ნიმუშში უმარტივესების აღმოჩენისას;

  • პარაზიტების საწინააღმდეგო პრეპარატებს შეუძლიათ ინფექციების კონტროლი და არა მისი სრულად აღმოფხვრა.

მიკროსპორიდიას რამდენიმე სახეობა იწვევს სიმპტომებს ადამიანებში, მაგრამ სიმპტომები ძირითადად ჩნდება შიდსის ან იმუნური სისტემის დამასუსტებელი რაიმე სხვა დაავადების მქონე პაციენტებში. ამ პროტოზოამ შეიძლება დააინფიციროს ნაწლავები, სანაღვლე ტრაქტი, რქოვანა, კუნთები, სასუნთქი ტრაქტი, საშარდე ტრაქტი და ზოგჯერ, ტვინიც. ინფექცია შესაძლოა გავრცელდეს მთელ ორგანიზმში.

მიკროსპორიდიები ვრცელდებიან სპორების მეშვეობით. ისინი ორგანიზმში აღწევენ გადაყლაპვის ან შესუნთქვის გზით ან თვალის მეშვეობით. მიკროსპორიდიები ვრცელდებიან ადამიანიდან ადამიანზე ან ცხოველთან კონტაქტისას. ორგანიზმის შიგნით, სპორები ხვრეტენ უჯრედს და უშვებენ მასში მასალას, რომელიც გადაიქცევა სპორებად. შემდეგ სპორები ვრცელდება მთელ სხეულში, იწვევს ანთებას ან გამოიყოფა სუნთქვით, განავლით ან შარდით.

სიმპტომები და დიაგნოზი

სიმპტომები განსხვავებულია და დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელმა სახეობამ გამოიწვია ინფექცია და რამდენად კარგად ფუნქციონირებს ადამიანის იმუნური სისტემა. ადამიანებს ჯანმრთელი იმუნური სისტემით, ჩვეულებრივ, არ აქვთ სიმპტომები, მაგრამ მიკროსპორიდოზმა შეიძლება გამოიწვიოს ქრონიკული ფაღარათი შიდსით დაავადებულ ადამიანებში. სხვა სიმპტომები შესაძლოა იყოს მუცლის ტკივილი, სიყვითლე, ცხელება, წონაში კლება, გახანგრძლივებული ხველა, გვერდის ტკივილი, კუნთების ტკივილი, თავის ტკივილი, ცხვირში გაჭედვა და თვალის გაღიზიანება, კერძოდ – სიწითლე, მხედველობის დაბინდვა. თუ ინფექცია მწვავეა, შესაძლოა განვითარდეს სიმბრმავე.

მიკროსპორიდოზის დიაგნოზის დასმის მიზნით ექიმები მიკროსკოპის ქვეშ იკვლევენ დაზიანებული ქსოვილის ნიმუშს. გამოიყენება სპეციალური მეთოდები, რომლებიც უმარტივესებს მეტად ხილვადს ხდის. ზოგჯერ გამოკვლევისთვის საჭირო ხდება განავალი, შარდი, სისხლი, ამონახველი, თავ-ზურგტვინის სითხე (მიღებული ლუმბალური პუნქციით), რქოვანა (მიღებული მოფხეკით) ან სხვა ქსოვილი (მიღებული ბიოფსიის შემდეგ).

მკურნალობა

თუ იმუნური სისტემა ნორმალურად ფუნქციონირებს, მკურნალობა იშვიათადაა საჭირო. თუ არა, დასალევი ალბენდაზოლი ან ფუმალგინი შეიძლება დაგვეხმაროს ინფექციის კონტროლში, მაგრამ ისინი ვერ ახერხებენ ინფექციის მოცილებას. თვალის სიმპტომებს ამსუბუქებს ალბენდაზოლისა და ფუმალგინის შემცველი თვალის წვეთების გამოყენება. თუ ისინი ვერ შველიან, შესაძლოა საჭირო გახდეს რქოვანის აღდგენითი ოპერაცია (კერატოპლასტიკა). შიდსის მქონე ადამიანებში ანტირეტროვირუსულმა პრეპარატებმა შეიძლება შეამცირონ სიმპტომები.