1. მშობიარობის შემდგომი დეპრესია
  2. მშობიარობის შემდგომი პერიოდი
  3. ქალთა ჯანმრთელობა
მშობიარობის შემდგომი დეპრესია

მშობიარობის შემდგომი დეპრესია უკიდურესად გამოხატული სევდაა და დაკავშირებულია მშობიარობის შემდეგ, პირველი კვირებისა და თვეების განმავლობაში განვითარებულ ფსიქოლოგიურ დარღვევებთან.

  • ქალებს, რომელთაც წარსულში ჰქონდათ დეპრესია, მოსალოდნელია, მშობიარობის შემდგომი დეპრესია განუვითარდეთ;

  • ქალი თავს უკიდურესად სევდიანად გრძნობს, ტირის, გაღიზიანებულია და ცუდ გუნებაზეა, შეიძლება დაკარგოს ყოველდღიური აქტივობებისა და ბავშვისადმი ინტერესი;

  • ეფექტიანია კონსულტირებისა და ანტიდეპრესანტების კომბინაცია.

მშობიარობის შემდგომი სევდა ან უმწეობის შეგრძნება მშობიარობიდან 3 დღის განმავლობაში საკმაოდ ხშირი მოვლენაა. ქალი არ უნდა შეშფოთდეს აღნიშნული შეგრძნებების გამო, ვინაიდან იგი, ჩვეულებრივ, 2 კვირის განმავლობაში გაივლის. მშობიარობის შემდგომი დეპრესია ხასიათის უფრო სერიოზული ცვლილებაა. იგი რამდენიმე კვირა ან თვე გრძელდება და გავლენას ახდენს ყოველდღიურ აქტივობაზე. პრობლემა ქალების 10-15%-ს შორის ვლინდება. ძალზე იშვიათად, ვითარდება კიდევ უფრო მძიმე დაავადება, რომელსაც მშობიარობის შემდგომი ფსიქოზი ეწოდება.

მშობიარობის შემდეგ განვითარებული სევდის ან დეპრესიის მიზეზები ნათელი არაა, თუმცა, მის განვითარებას შეიძლება ხელი შეუწყოს შემდეგმა ფაქტორებმა:

  • დეპრესია ან სხვა ფსიქოლოგიური დაავადებები, რომლებიც ორსულობამდე არსებობდა ან მის შემდეგ განვითარდა;

  • დეპრესიის არსებობა ახლო ნათესავებს შორის (ოჯახური ისტორია);

  • ჰორმონების რაოდენობის უეცარი დაქვეითება (ესტროგენების, პროგესტერონისა და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების);

  • ბავშვის ყოლასა და მოვლასთან დაკავშირებული სტრესი (გართულებული მშობიარობა, ძილის უკმარისობა, დაღლა, თავისუფლების დაკარგვა, იზოლაციისა და უსარგებლობის განცდა);

  • სოციალური მხარდაჭერის არარსებობა;

  • მეუღლესთან უთანხმოება;

  • სხვა მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული სტრესორები, როგორიცაა ფინანსური სირთულეები ან საცხოვრებელი ადგილის ცვლილება.

თუ ქალს დეპრესია ორსულობამდეც ჰქონდა, ამის თაობაზე ექიმს ან ბებიაქალს უნდა უამბოს. ამგვარი დეპრესია ხშირად ვითარდება მშობიარობის შემდგომ პერიოდშიც. დეპრესია ხშირია ორსულობის დროს და მშობიარობის შემდგომი დეპრესიის მნიშვნელოვანი რისკფაქტორია.

სიმპტომები

სიმპტომები შეიძლება იყოს ხშირად ტირილი, ხასიათის ცვლილება, გაღიზიანება, ისევე, როგორც უკიდურესი სევდის განცდა. შედარებით იშვიათია უკიდურესი დაღლილობა, ყურადღების კონცენტრაციის სირთულე, ძილის დარღვევა, სექსისა და სხვა აქტივობებისადმი ინტერესის დაკარგვა, შფოთვა, მადის ცვლილება, არასრულფასოვნებისა და უიმედობის განცდა. ქალს უჭირს საქმის კეთება, შეიძლება დაკარგოს ბავშვისადმი ინტერესი.

მშობიარობის შემდგომი ფსიქოზის დროს, დეპრესია შეიძლება კომბინირებული იყოს თვითმკვლელობასთან დაკავშირებულ ან ძალადობრივ ფიქრებთან, ჰალუცინაციებთან ან უჩვეულო ქცევებთან. ზოგჯერ მშობიარობის შემდგომი ფსიქოზი ბავშვის დაზიანების სურვილსაც მოიცავს.

შეიძლება დეპრესია მეუღლესაც განუვითარდეს, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს სტრესს.

მკურნალობის გარეშე, მშობიარობის შემდგომი დეპრესია შესაძლოა თვეები ან წლები გაგრძელდეს და დედას ბავშვთან კონტაქტი არ ჰქონდეს. ამის გამო შესაძლოა ბავშვს ემოციური, სოციალური და შემეცნებასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნას. ყოველი სამი ან ოთხი ქალიდან ერთს, რომელსაც მშობიარობის შემდგომი დეპრესია ჰქონდა, იგი კვლავ შეიძლება განუვითარდეს.

დიაგნოზი

ადრეული დიაგნოზი და მკურნალობა მნიშვნელოვანია ქალისა და მისი ბავშვისათვს. ქალმა ექიმს უნდა მიმართოს, თუ უგუნებოდ არის, უჭირს ჩვეული საქმიანობის შესრულება მშობიარობიდან 2 კვირაზე მეტი ხნის შემდეგ ან აქვს ფიქრები თვითდაზიანების ან ჩვილისთვის ზიანის მიყენების თაობაზე. თუკი ოჯახის წევრები და მეგობრები შენიშნავენ სიმპტომებს, ამის თაობაზე ქალს უნდა ესაუბრონ და წაახალისონ, მიმართოს ექიმს.

ექიმმა ქალს შეიძლება სთხოვოს, შეავსოს კითხვარი, რომელიც დეპრესიის გამოსავლენადაა განკუთვნილი. ასევე შეიძლება ჩატარდეს სისხლის ანალიზი იმის დასადგენად, ამ მდგომარეობის გამომწვევი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები ხომ არ არის.

მკურნალობა

თუ ქალი თავს უგუნებოდ გრძნობს, სავსებით საკმარისია ოჯახის წევრებისა და მეგობრებისგან მხრდაჭერის მიღება. თუმცა, დეპრესიის დიაგნოზის დასმის შემთხვევაში, ასევე, საჭიროა პროფესიონალური დახმარების გაწევა. ტიპურ შემთხვევაში, რეკომენდებულია, კონსულტირებისა და ანტიდეპრესანტების კომბინაცია. მშობიარობის შემდგომი ფსიქოზის შემთხვევაში, ქალს შესაძლოა ჰოსპიტალიზაცია დასჭირდეს. სასურველია, იგი გადაყვანილ იქნეს ისეთ განყოფილებაში, სადაც მეთვალყურეობის ქვეშ იქნება და თან ბავშვთან ერთად ყოფნის შესაძლებლობა ექნება. ზოგჯერ, საჭიროა დაინიშნოს ანტიფსიქოზური საშუალებები, აგრეთვე, ანტიდეპრესანტები.

ძუძუთი კვებაზე მყოფმა ქალმა, იმის დასაზუსტებლად, შეძლებს თუ არა მკურნალობის პერიოდში ძუძუთი კვების გაგრძელებას, ზემოაღნიშნული საშუალებების მიღებამდე, ექიმთან უნდა გაიაროს კონსულტაცია. არსებობს მრავალი საშუალება, რომელთა გამოყენების შემთხვევაში ქალის მიერ ჩვილის ძუძუთი კვების გაგრძელება ნებადართულია.