1. ნაწლავის ჭიებით გამოწვული ინფექცია
  2. პარაზიტული ინფექციები (ინფექციები)
  3. ინფექციები
ნაწლავის ჭიებით გამოწვული ინფექცია

ნაწლავის ჭიებით გამოწვეული ინფექცია (ენტერობიოზი) გამოწვეულია ნაწლავის მრგვალი ჭიით – Enterobius vermicularis-ით და ის ჩვეულებრივ ხშირია ბავშვებში.

  • ადამიანები იძენენ ინფექციას მრგვალი ჭიების კვერცხების გადაყლაპვისას;

  • ხშირად მათ არ აქვთ სიმპტომები ანალური ხვრელის გარშემო ქავილის გარდა;

  • ინფექციის დიაგნოზის დასმა შეიძლება კვერცხებისა და ზოგჯერ მოზრდილი ნაწლავის ჭიების ანალური ხვრელის გარშემო პოვნისას;

  • დიაგნოზის დასმისას ერთხელ მიცემული პარაზიტების საწინაღმდეგო წამალი, როგორიცაა მაგ. ალბენდაზოლი და განმეორებით მისი მიცემა კიდევ ერთხელ – 2 კვირის შემდეგ, კურნავს ინფექციას.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ნაწლავის ჭიები წარმოადგენენ მრგვალი ჭიებით გამოწვეულ ყველაზე ხშირ ინფექციას ბავშვებში.

ინფექცია ჩნდება, როდესაც იყლაპება ნაწლავის ჭიის კვერცხები. წვრილ ნაწლავში კვერცხები გადაიქცევიან ლარვებად და შემდეგ გადაადგილდებიან მსხვილი ნაწლავისკენ. იქ, ისინი მწიფდებიან 2-6 კვირაში და მოზრდილი ჭიები წყვილდებიან. კვერცხების განვითარების შემდეგ, მოზრდილი მდედრი ჭია გადაადგილდება სწორი ნაწლავისკენ და გამოდის ანალური ხვრელით, რომ დადოს კვერცხები. კვერცხები გროვდება წებოვან, ჟელატინისებრ მასაში, რომლებიც ეწებება ანალური ხვრელის გარშემო არსებულ კანს. ამ ადგილიდან კვერცხები შესაძლოა გავრცელდეს ფრჩხილებზე, ტანსაცმელზე, სათამაშოებსა და საკვებზე. კვერცხებს შეუძლიათ გადარჩნენ ორგანიზმის გარეთ 3 კვირის განმავლობაში, ოთახის ტემპერატურაზე. კვერცხები ხშირად ხვდება პირში დაბინძურებული თითების ან საკვების მეშვეობით. ბავშვებს შეუძლიათ ხელახლა დააინფიცირონ საკუთარი თავები ჭიის კვერცხების ანალური მიდამოდან პირისკენ გადატანის გზით. ბავშვები, რომლებიც წოვენ საკუთარ ცერა თითს, იმყოფებიან ინფექციის განვითარების მომატებული რისკის ქვეშ, ისევე როგორც მოზრდილები, რომლებიც ცხოვრობენ ბავშვებთან ერთად ან რომელთაც აქვთ ორალურ-ანალური სქესობრივი კონტაქტები.

სიმპტომები და დიაგნოზი

ბევრ ბავშვს, რომელიც ნაწლავის ჭიის მტარებელია, არავითარი სიმპტომი არ აქვს. თუმცა, ზოგიერთ მათგანს აწუხებს ქავილი ანალური ხვრელის მიდამოში, რადგანაც კვერცხები და მათ გარშემო არსებული წებოვანი ნივთიერება იწვევენ კანის გაღიზიანებას. ქავილის დროს კანი შეიძლება აიქერცლოს და დაინფიცირდეს ბაქტერიებით. გოგონებში ნაწლავის ჭიებმა შესაძლოა გამოიწვიონ საშოს ქავილი და გაღიზიანება.

დიაგნოზი ისმება ანალური ხვრელის მიდამოში კვერცხების და, შედარებით იშვიათად, მოზრდილი ნაწლავის ჭიების აღმოჩენით. კვერცხების მოპოვება შესაძლებელია ანალური ხვრელის გარშემო არსებულ ნაკეცებზე გამჭვირვალე ლენტის წებოვანი ნაწილის დადებით. კვერცხები უნდა მოვიპოვოთ დილით, სანამ ბავშვი გავა კუჭში ან მოიწმინდავს მიდამოს. ლენტი გამოკვლევის მიზნით უნდა მიიტანოთ ექიმთან. მოზრდილი ჭიების აღმოსაჩენად საუკეთესო გზაა ბავშვის ანალური ხვრელის დათვალიერება მისი დაძინებიდან 1-2 საათის შემდეგ. ჭიები თეთრი და თმის სისქისანი არიან, მაგრამ მოძრაობენ და ამიტომ არიან ხილულნი შეუიარაღებელი თვალისთვის.

მკურნალობა

ნაწლავის ჭიით გამოწვეულ ინფექციას კურნავს ალბენდაზოლის, მებენდაზოლისა ან პირანტელის ერთჯერადი დოზა, რომელიც მეორდება ორი კვირის შემდეგ. წარმატებული მკურნალობის მიუხედავად ინფექციის ხელახლა განვითარება ხშირია. შესაბამისად, ექიმები იძლევიან რეკომენდაციას, რომ მკურნალობა უნდა ჩაიტაროს ოჯახის ყველა წევრმა. აუცილებელია ტანსაცმლის, თეთრეულისა და სათამაშოების ხშირი გარეცხვა და გარემოს მტვერსასრუტით გაწმენდა კვერცხების მოცილების მიზნით. ქავილის საწინააღმდეგო კრემების ან მალამოების წასმა ანალური ხვრელის მიდამოში ამსუბუქებს სიმპტომებს.