1. შისტოსომოზი
  2. პარაზიტული ინფექციები (ინფექციები)
  3. ინფექციები
შისტოსომოზი

შისტოსომოზი (ბილარზიაზი) წარმოადგენს ინფექციას – გამოწვეულს ბრტყელი ჭიებით, რომლებსაც შისტოსომები ეწოდებათ.

  • ადამიანები იძენენ ინფექციას ბრტყელი ჭიებით დაბინძურებულ მტკნარ წყალში ცურვის ან ბანაობის დროს;

  • ინფექციას თან ახლავს გამონაყარი, რომლიც იწვევს ქავილს (მოცურავის ქავილი), რამდენიმე კვირის შემდეგ კი იწყება ცხელება, შემცივნება, კუნთთა მტკივნეულობა, დაღლილობა, გულისრევა, მუცლის ტკივილი და სხვა სიმპტომები, რომლებიც დამოკიდებულია დაზიანებულ ორგანოზე;

  • ექიმები ადასტურებენ დიაგნოზს განავლის ან შარდის ნიმუშში კვერცხების აღმოჩენით;

  • ინფექციას მკურნალობენ პრაზიქვანტელით შისტოსომოზი ზეგავლენას ახდენს 200 მილიონზე მეტ ადამიანზე სამხრეთ ამერიკის, აფრიკისა და აზიის ტროპიკულ და სუბტროპიკულ რეგიონებში. ადამიანებში შისტოსომოზის შემთხვევების უმეტესობას იწვევს შისტოსომას 5 სახეობა;

  • შისტოსომა ჰემატობიუმი აინფიცირებს საშარდე ტრაქტს, კერძოდ შარდის ბუშტსაც;

  • შისტოსომა მანსონი, შისტოსომა იაპონიკუმ, შისტოსომა მეკონგი და შისტოსომა ინტერკალატუმ აინფიცირებენ ნაწლავებსა და ღვიძლს. შისტოსომა მანსონი ფართოდ გავრცელებულია აფრიკაში და ის წარმოადგენს ერთადერთ შისტოსომას დასავლეთ ჰემისფეროში.

ადამიანი შისტოსომოზს იძენს მტკნარ წყალში, ცურვის, ნიჩბოსნობის ან ბანაობის დროს, თუ წყალი დაბინძურებულია პარაზიტის თავისუფლად მოცურავე ფორმით. შისტოსომოზი მრავლდება წყალში მცხოვრები ლოკოკინების გარკვეულ სახეობებში, რომელთაგანაც გამოიყოფიან იმისთვის, რომ თავისუფლად იცურონ წყალში. როდესაც პარაზიტები შეხვდებიან ადამიანის კანს, ხვრეტენ მას და გადაადგილდებიან სისხლის მიმოქცევის მეშვეობით ფილტვებამდე, სადაც მათგან ყალიბდება მოზრდილი ჭიები. სისხლის მიმოქცევის მეშვეობით მოზრდილი ჭიები ხვდებიან თავიანთ საბოლოო საცხოვრებელ ადგილებში – ნაწლავებისა ან შარდის ბუშტის მცირე ზომის ვენებში, სადაც ისინი სახლობენ წლების განმავლობაში. მოზრდილი ჭიები დებენ დიდი რაოდენობით კვერცხებს ნაწლავების ან შარდის ბუშტის კედლებში. კვერცხები იწვევენ ქსოვილის ადგილობრივ დაზიანებასა და ანთებას, რაც იწვევს წყლულების გაჩენას, სისხლდენასა და ნაწიბუროვანი ქსოვილის განვითარებას. ზოგიერთი კვერცხი გამოიყოფა განავლით ან შარდით. თუ დაინფიცირებული ადამიანების შარდი ან განავალი ხვდება მტკნარ წყალში, კვერცხები იჩეკება და პარაზიტი შეაღწევს ლოკოკინებში – ციკლი იწყება თავიდან.

შისტოსომა მანსონი და შისტოსომა იაპონიკუმი ჩვეულებრივ სახლობენ ნაწლავების მცირე ზომის ვენებში. ზოგიერთი კვერცხი სისხლის მიმოქცევის მეშვეობით აღწევს ღვიძლს. ამის შედეგად განვითარებულმა ღვიძლის ანთებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლში ნაწიბუროვანი ქსოვილის გაჩენა და იმ ვენაში (კარის ვენა) წნევის მომატება, რომლის მეშვეობითაც ხდება სისხლის გადატანა საჭმლის მომნელებელი სისტემიდან ღვიძლამდე. კარის ვენაში წნევის მომატებამ (პორტული ჰიპერტენზია) შეიძლება გამოიწვიოს ელენთის გადიდება და სისხლდენა საყლაპავის ვენებიდან.

შისტოსომა ჰემატობიუმის კვერცხები ჩვეულებრივ სახლობენ შარდის ბუშტში და ზოგჯერ იწვევენ წყლულების გაჩენას, შარდში სისხლის ჩაღვრასა და ნაწიბუროვანი ქსოვილის წარმოქმნას. შისტისომა ჰემატობიუმით გამოწვეული ქრონიკული ინფექცია ზრდის შარდის ბუშტის სიმსივნის განვითარების რისკს.

შისტოსომოზის ყველა სახეობას შეუძლია სხვა ორგანოების დაზიანებაც, როგორებიცაა ფილტვები, ზურგის ტვინი და თავის ტვინი. კვერცხები, რომლებიც აღწევენ ფილტვებს, იწვევენ ანთებას და ფილტვის არტერიებში წნევის აწევას (ფილტვისმიერი ჰიპერტენზია).

სიმპტომები და დიაგნოზი

როდესაც შისტოსომები პირველად აღწევენ კანში, ვითარდება მქავანა გამონაყარი (მოცურავის ქავილი). დაახლობით 4-8 კვირის შემდეგ (როდესაც მოზრდილი ჭია იწყებს კვერცხების დადებას) ვითარდება ცხელება, შემცივნება, კუნთთა ტკივილი, დაღლილობა, გაურკვეველი დისკომფორტი, გულისრევა და მუცლის ტკივილი. შესაძლებელია ლიმფური კვანძების დროებითი გადიდება და შემდეგ ისინი უბრუნდება ჩვეულ ზომას. გვიანი სიმპტომების ამ ჯგუფს ეწოდება კატაიამას ცხელება.

სხვა სიმპტომების განვითარება დამოკიდებულია დაზიანებულ ორგანოებზე:

  • თუ ქრონიკულად დაინფიცირებულია ნაწლავის სისხლძარღვები: აღინიშნება დისკომფორტი მუცლის არეში და სისხლდენა (ჩანს განავალში), რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ანემია;

  • თუ დაზიანებულია ღვიძლი და წნევა კარის ვენაში მომატებულია: გადიდებულია ღვიძლი და ელენთა ან აღინიშნება დიდი რაოდენობით სისხლით ღებინება;

  • თუ ქრონიკულად დაინფიცირებულია შარდის ბუშტი: პაციენტს აწუხებს მტკივნეული, ხშირი შარდვა, სისხლიანი შარდი და მომატებულია შარდის ბუშტის სიმსივნის განვითარების რისკი;

  • თუ ქრონიკულად დაინფიცირებულია საშარდე ტრაქტი: ანთებამ და საბოლოდ, ნაწიბუროვანი ქსოვილის ჩამოყალიბებამ, შესაძლოა გამოიწვიოს შარდსადინრების დახშობა;

  • თუ ქრონიკულად დაინფიცირდება თავისა ან ზურგის ტვინი (იშვითია): აღინიშნება კრუნჩხვები ან კუნთთა სისუსტე.

მოგზაურებს და ემიგრანტებს იმ ადგილებიდან, სადაც შისტოსომოზი ხშირია, უნდა კითხონ უცურავიათ ან უნიჩბოსნიათ თუ არა მტკნარ წყალში. ექიმები ადასტურებენ დიაგნოზს განავლის ან შარდის ნიმუშის კვერცხების არსებობაზე გამოკვლევისას. ჩვეულებრივ, საჭიროა რამდენიმე ნიმუში. შესაძლებელია სისხლის გამოკვლევების ჩატარება, რათა განისაზღვროს, დაინფიცირებულია ადამიანი შისტოსომა მანსონით თუ სხვა სახეობით, მაგრამ ტესტი ვერ განსაზღვრავს ინფექციის სიმწვავეს ან იმას, თუ რამდენი ხანი აქვს ადამიანს ეს ინფექცია. ხანდახან ექიმი იღებს ნაწლავის ან შარდის ბუშტის ქსოვილის ნიმუშს მიკროსკოპის ქვეშ კვერცხების არსებობაზე გამოკვლევის მიზნით. შესაძლებელია ულტრაბგერითი გამოკვლევის ჩატარება საშარდე ტრაქტის ან ღვიძლის შისტოსომოზის სიმწვავის ხარისხის დადგენის მიზნით.

პრევენცია და მკურნალობა

შისტოსომოზის პრევენციის საუკეთესო გზას წარმოადგენს ისეთ ადგილებში ცურვისგან, ბანაობისა და ნიჩბოსნობისგან თავის არიდება, სადაც ცნობილია, რომ მტკნარი წყალი შეიცავს შისტოსომებს. მკურნალობის მიზნით გამოიყენება პრაციკვანტელის 2-3 დასალევი დოზა 1 დღის განმავლობაში.