ლენტისებრი ჭიებით გამოწვეული ინფექცია | მკურნალი.გე
  1. ლენტისებრი ჭიებით გამოწვეული ინფექცია
  2. პარაზიტული ინფექციები (ინფექციები)
  3. ინფექციები
ლენტისებრი ჭიებით გამოწვეული ინფექცია

ლენტისებრი ჭიებით გამოწვეული ნაწლავის ინფექცია მაშინ ჩნდება, როდესაც ადამიანი იკვებება ღორისან ძროხის უმი, დაინფიცირებული ხორცით ან მტკნარი წყლის თევზით.

  • ადამიანები იძენენ ლენტისებრ ჭიებს ცუდად მომზადებული ხორცით ან მტკნარი წყლის თევზებით კვების დროს, რომლებიც შეიცავენ ლენტისებრი ჭიების ცისტებს;
  • ლენტისებრი ჭიები ნაწლავებში ჩვეულებრივ არ იწვევენ სიმპტომებს, მაგრამ მათ შესაძლოა გამოიწვიონ დისკომფორტი მუცელში, ფაღარათი და მადის დაკარგვა;
  • ლენტისებრ ჭიებს, რომლებიც იწვევენ სხეულში ცისტების ჩამოყალიბებას, უკავშირდება სხვადასხვასიმპტომების განვითარება, როგორიცაა მაგ. თავის ტკივილი, კრუნჩხვები და დაბნეულობა;
  • ექიმები სვამენ ინფექციის დიაგნოზს განავალის ნიმუშში ჭიის ნაწილების ან კვერცხების ან სხეულის ნებისმიერ ადგილას რადიოლოგიურად ცისტების აღმოჩენისას ან სისხლის გამოკვლევების საფუძველზე;
  • ხორცისა და მტკნარი წყლის თევზების საგულდაგულოდ მომზადება შეიძლება დაგვეხმაროს ინფექციის თავიდან აცილებაში;
  • სამკურნალოდ გამოიყენებენ პარაზიტების საწინააღმდეგო პრეპარატებს, როგორიცაა მაგ. პრაზიქვანტელი, ხოლო სიმპტომების შემსუბუქების მიზნით გამოიყენებენ კორტიკოსტეროიდებს.

ლენტისებრი ჭიების რამდენიმე სახეობას, როგორიცაა ტენია საგინატა (ძროხის ხორცის ლენტისებრი ჭია),ტენია სოლიუმ ( ღორის ხორცის ლენტისებრი ჭია) და დიფილობროტრიუმ ლატუმ (თევზის ლენტისებრი ჭია),შეუძლია ადამიანებში ინფექციის გამოწვევა.

ძროხის ლენტისებრი ჭია

ღორისა და ძროხის ხორცის ლენტისებრი ჭიები არიან დიდი ზომის, ბრტყელი ჭიები, რომლებიც ცხოვრობენ ნაწლავებში და მათმა სიგრძემ შეიძლება მიაღწიოს 4,5-9,1 მეტრს. განავლით გამოიყოფა ჭიის კვერცხებისმტარებელი ნაწილები (პროგლოტიდები). არანამკურნალებ შემთხვევებში, ადამიანის მიერ გარემოში გამოიყოფა განავალი, კვერცხები შესაძლოა გადაყლაპონ შუალედურმა მასპინძლებმა, როგორებიცაა ღორი, საქონელი ან (თევზების ლენტისებრი ჭიების შემთხვევაში) მცირე ზომის კიბოსმაგვარები, რომლებსაც შემდეგყლაპავენ თევზები. შუალედურ მასპინძელში კვერცხებიდან იჩეკებიან ლარვები. ლარვები იჭრებიან ნაწლავის კედელში და სისხლის მიმოქცევის მეშვეობით გადაიტანებიან კუნთებისკენ და ქსოვილებისკენ, სადაც ისინი ქმნიან ცისტებს. ადამიანები იძენენ პარაზიტს უმი ან ცუდად მომზადებული ხორცით ან გარკვეული ტიპის მტკნარი წყლის თევზებით კვების დროს. ცისტები სკდება და გადაიქცევა ჭიის მოზრდილ ფორმად, რომელიც ემაგრება ნაწლავის კედელს. ამის შემდეგ, ჭიები იზრდებიან სიგრძეში და იწყებენ კვერცხების წარმოქმნას.

ლენტისებრი ჭიების სიგრძემ შეიძლება მიაღწიოს 4,5-9,1 მეტრს

მხოლოდ ღორის ლენტისებრი ჭიის შემთხვევაში, ადამიანი, რომელიც გადაყლაპავს კვერცხებს, შესაძლოა გახდეს შუალედური მასპინძელი (ადამიანი არ შეიძლება იყოს შუალედური მასპინძელი სხვა ლენტისებრი ჭიებისთვის). მათ შესაძლოა გადაყლაპონ ღორის ლენტისებრი ჭიის კვერცხები საკვებთან ან ადამიანის განავლით დაბინძურებულ წყალთან ერთად ან გადაიტანონ კვერცხები საკუთარ პირში დაინფიცირებულ ადამიანთან ან დაინფიცირებულ ტანსაცმელთან და ავეჯთან კონტაქტის შემდეგ. ან კვერცხებმა შესაძლოა მიაღწიონ კუჭს, თუ მოხდება პროგლოტიდების ნაწლავიდან უკუგადასვლა. როგორც ცხოველურ შუალედურ მასპინძლებში, კვერცხები გადაიქცევიან ლარვებად. ლარვები შეაღწევენ ნაწლავის კედელში და გადაადგილდებიან თავის ტვინისკენ, კუნთების ან სხვა ორგანოებისკენ ან კანქვეშა ქსოვილში, სადაც ისინი ყალიბდებიან ცისტებად (ცისტიცერკები). ადამიანებში დაავადების ამ ფორმას ეწოდება ცისტიცერკოზი.

სიმპტომები და დიაგნოზი

მიუხედავად იმისა, რომ ლენტისებრი ჭიები ნაწლავებში არ იწვევენ სიმპტომებს, ზოგიერთ ადამიანში ვითარდება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა მუცლის ზედა ნაწილის დისკომფორტი, ფაღარათი და მადის დაკარგვა. ზოგჯერ, ადამიანებმა ლენტისებრი ჭიით შეიძლება იგრძნონ ჭიის ნაწილის გამოსვლა ანალური ხვრელით გარეთ ან დაინახონ ლენტისებრი ჭიის ნაწილი განავალში. თევზის ლენტისებრმა ჭიამ შესაძლოა გამოიწვიოს ანემია, რადგანაც ის შეიწოვს ვიტამინ B12-ს, რომელიც აუცილებელია სისხლის წითელი უჯრედების მომწიფებისთვის.

ცისტიცერკოზის მქონე ადამიანებში ცისტები თავის ტვინსა და მის მფარავ ქსოვილებში (მენინგეალური გარსები) იწვევს თავის ტკივილებს, კრუნჩხვებს, დაბნეულობას ან სხვა ნევროლოგიურ სიმპტომებს. იშვიათად, ცისტები ვითარდება თვალებში და იწვევს სიბრამვის განვითარებას ან ზურგის ტვინში – და ზოგჯერ იწვევს კუნთთა სისუსტეს ან დამბლას.

ექიმი სვამს ლენტისებრი ჭიის მიერ გამოწვეული ნაწლავური ინფექციის დიაგნოზს განავლის ნიმუშში ჭიის ნაწილების ან კვერცხების აღმოჩენისას. ადამიანებში ცისტიცერკოზით, თავის ტვინსა ან სხვა ქსოვილებში არსებული ცისტების დანახვა შესაძლებელია კომპიუტერული ტომოგრაფიის (კტ) ან მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევის (მრტ) გამოყენებით. სარგებლის მომტანი შეიძლება იყოს სისხლის გამოკვლევები ღორის ლენტისებრი ჭიის ანტისხეულებზე.

პრევენცია და მკურნალობა

პირველი რიგის თავდაცვა ლენტისებრი ჭიებისგან არის ხორცისა და მტკნარი წყლის თევზების საგულდაგულოდ მომზადება 57ºჩ (135ºF)-ზე მეტ ტემპერატურაზე. გახანგრძლივებულმა გაყინვამ შესაძლოა აგრეთვე დახოცოს ცისტები. შესაბამისად, არ შეიძლება მტკნარი წყლის თევზებისგან სუშის დამზადება, მათი ჭამა შეიძლება მხოლოდ მოხარშვის, კარგად გაყინვისა ან მარილის ხსნარით დამუშავების შემდეგ. შებოლვა და გამოშრობა არ კლავს ცისტებს. თავდაცვის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს დატრენინგებული ინსპექტორების მიერ ხორცისა და თევზის ყურადღებიანი დათვალიერება. ცისტები ჩანს დაინფიცირებულ ხორცში. ნარჩენებისადმი ადამიანების ადეკვატური მოპყრობა წყვეტს ჭიის სიცოცხლის ციკლს და ამით გვეხმარება ცირტიცერკოზის თავიდან აცილებაში.

ადამიანს ლენტისებრი ჭიით გამოწვეული ნაწლავური ინფექციის დროს მკურნალობენ პრაზიქვანტელის ერთჯერადი დასალევი დოზით. ჩვეულებრივ, ცისტიცერკოზს არ მკურნალობენ, გამონაკლისს წარმოადგენს ტვინში განვითარებული ცისტიცერკოზი. თუ დაინფიცირებულ ადამიანს აქვს სიმპტომები, უკეთდება კორტიკოსტეროიდები (როგორიცაა მაგ. პრედნიზოლონი) ანთების შემცირების მიზნით.

პარაზიტების საწინააღმდეგო პრეპარატების (როგორიცაა ალბენდაზოლი ან პრაზიქვანტელი) კორტიკოსტეროდებთან ერთად მიცემის საკითხი დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე, როგორებიცაა სიმპტომები და ცისტების რაოდენობა და მდებარეობა თავის ტვინში. ეს პრეპარატები არ გამოიყენება თვალსა და ზურგის ტვინში არსებული ცისტების სამკურნალოდ, რადგანაც მათ შეუძლიათ გამოიწვიონ მწვავე, ადგილობრივი ანთებითი რეაქცია.