ნაწლავური პრობლემები | მკურნალი.გე
  1. ნაწლავური პრობლემები
  2. ჩვილების და მცირე ასაკის ბავშვების პრობლემები
  3. ბავშვთა ჯანმრთელობა
ნაწლავური პრობლემები

  • ნაწლავურ პრობლემებს აქვს ბევრი გამომწვევი მიზეზი გასტროენტერიტის, ინფექციის, დიეტური ბოჭკოს ნაკლებობის და სხვა სპეციფიკური დაავადებების სახით;

  • ნაწლავური პრობლემების ძირითადი სიმპტომები მოიცავს თხელი და წყლის მასების შემცველი განავლის (დიარეა) ან მკვრივი და მშრალი განავალის არსებობას (ყაბზობა);

  • მკურნალობა დამოკიდებულია გამომწვევზე და შესაძლოა გულისხმობდეს ანტიბიოტიკების მიღების შეწყვეტას, რაც იწვევს დიარეას ან ყაბზობას, სითხეების და ელექტროლიტების მიცემას, საკვებში მეტი ბოჭკოს მიღებას, წამლების მიღებას ქრონიკული ყაბზობის შემსუბუქებისთვის.

ჯანმრთელი ბავშვის ნაწლავთა მოქმედების ჯერადობა და კონსისტენცია იცვლება ასაკისა და დიეტის მიხედვით. მაგალითად, ბავშვები, რომლებიც იკვებებიან ძუძუს რძით, აქვთ მდოგვისფერი განავალი, რომელიც არის რბილი და აკუწული. თუმცა, განმეორებადი, წყლის მასების შემცველ ნაწლავთა მოქმედება, რომელიც გრძელდება 12 საათზე მეტხანს, არასდროსაა ნორმალური.

დიარეა: დიარეა არის გახშირებული, წყლის მასების შემცველი ნაწლავთა მოქმედება. მწვავე დიარეა იწყება უეცრად და მცირდება ერთ ან რამდენიმე დღეში. მწვავე დიარეა უმეტესად გამოწვეულია ვირუსული გასტროენტერიტით, რაც განსაკუთრებით სავარაუდოა, როდესაც ღებინებას თან ახლავს დიარეა. როგორც წესი, დაავადება იწყება ღებინებით, რომელიც შემდეგ მცირდება და გრძელდება დიარეით. მწვავე დიარეა აგრეთვე შეიძლება გამოწვეული იყოს ბაქტერიული ან პარაზიტული ინფექციებით; სხეულის ნებისმიერ ადგილას არსებული ინფექციით, როგორიცაა სასუნთქი გზების ინფექცია; ანტიბიოტიკების გვერდითი მოვლენით. მწვავე დიარეა საყურადღებოა, რადგან შეუძლია გამოიწვიოს დეჰიდრატაცია. ამიტომ, მთავარი მკურნალობაა სითხის და ელექტროლიტების მიწოდება. ბაქტერიული ინფექციების დროს ინიშნება ანტიბიოტიკები. დიარეის გამომწვევი ანტიბიოტიკის მიღება უნდა შეწყდეს მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდგომ.

ქრონიკული დიარეა გრძელდება კვირებიდან თვეებამდე. ჩვილებში და პატარა ბავშვებში მისი ყველაზე ხშირი გამომწვევები შედარებით უვნებელი მდგომარეობებია: საკვებისმიერი ალერგია ან შაქრის მალაბსორბცია (ლაქტოზის აუტანლობა). ქრონიკული დიარეის მიზეზი შესაძლებელია იყოს: ცელიაკიის დაავადება და კისტური ფიბროზი. ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში ქრონიკული დიარეის მთავარი მიზეზებია კვების დეფიციტი და პარაზიტული დაავადებები.

ყაბზობა: ყაბზობა არის ნაწლავთა იშვიათი მოქმედება მკვრივი, მშრალი განავლით. ყაბზობის ამოცნობა ზოგჯერ ძნელია, რადგან ზოგიერთ ჩვილს და პატარა ბავშვს ნორმაში ნაწლავთა მოქმედება 3-4 დღეში ერთხელ აქვს. ზოგადად, ბავშვებს აღენიშნებათ ყაბზობა, როდესაც არ აქვთ დეფეკაცია 5 ან მეტი დღის განმავლობაში, განავალი არის მკვრივი და იწვევს ტკივილს, ან როდესაც პამპერსში ან განავალში არის სისხლის წვეთები.

ჩვილებში ყაბზობა გამოწვეულია, როგორც წესი, დეჰიდრატაციით, საკვებში არასაკმარისი ბოჭკოს არსებობით ან კვების ხასიათის ცვლილებით. იშვიათად, ყაბზობის მიზეზი შეიძლება იყოს სამედიცინო დარღვევები, როგორიცაა ნაწლავის არაადეკვატური ნერვული მომარაგება (ჰირშპრუნგის დაავადება), ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დაბალი დონე, კალციუმის ან კალიუმის პათოლოგიები. ზოგიერთი წამლის გამოყენება (ანტიჰისტამიები, ანტიქოლინერგული წამლები, ოპოიდები) ასევე ხშირი მიზეზია.

ყაბზობის მკურნალობა დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე. 2 წელზე ნაკლები ასაკის ახალშობილებს, რომლებიც იღებენ საკმარისი რაოდენობით ხელოვნურ საკვებს ან დედის რძეს, შეიძლება დავუმატოთ 1 ჩაის კოვზი მსუბუქი სიმინდის სიროფი დილის და საღამოს კვებაში. ვაშლი და ქლიავის წვენი ეფექტურია 2-დან 4 თვემდე ასაკის ჩვილებში. 4 თვიდან 1 წლამდე ასაკის ჩვილების მდგომარეობა უმჯობესდება ბოჭკოს დიდი შემცველობის მქონე მარცვლეულის, გარგარის ან ქლიავის წვენის მიღების შემდგომ. 1 წელზე მეტი ასაკის მქონე ბავშვებს უნდა მიეცეთ დიდი რაოდენობით ბოჭკოს შემცველი საკვები, როგორიცაა ხილი, ბარდა, მარცვლეული, კრეკერები, ლობიო და ისპანახი. მშობლებმა არ უნდა მისცენ საფაღარათოები, არ უნდა გაუკეთონ სანთლები ან ოყნები ექიმთან კონსულტაციის გარეშე. ექიმმა შეიძლება დანიშნოს რამდენიმე წამალი მოზრდილი ბავშვების მძიმე ყაბზობის მკურნალობისთვის. იშვიათი დაავადებების მკურნალობა მოიცავს ოპერაციას ჰირშპრუნგის დაავადებისას, ჰორმონების ჩანაცვლებით თერაპიას ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დაბალი დონის დროს და კალციუმის დანამატების მიცემას კალციუმის პათოლოგიური დონის დროს.