კვების პრობლემები (ქცევისა და განვითარების პრობლემები ბავშვებში) | მკურნალი.გე
  1. კვების პრობლემები (ქცევისა და განვითარების პრობლემები ბავშვებში)
  2. ქცევისა და განვითარების პრობლემები ბავშვებში
  3. ბავშვთა ჯანმრთელობა
კვების პრობლემები (ქცევისა და განვითარების პრობლემები ბავშვებში)

ზოგიერთი კვების პრობლემა ქცევითი ბუნებისაა. პატარა ბავშვის მშობლებს ხშირად ჰგონიათ, რომ მათი ბავშვები არ ჭამენ საკმარისად ან ჭამენ ბევრს, მიირთმევენ არასწორ საკვებს, უარს ამბობენ ზოგიერთ საკვებზე ან იქცევიან ჭამისას შეუფერებლად (საკვების ცხოველისთვის მიცემა ან სროლა ან განზრახ ძირს დაგდება). ზრდის მრუდები ეხმარება მშობლებს, ეჭვის არსებობისას განსაზღვრონ ბავშვის ზრდის სიჩქარე.

კვების დარღვევები, როგორიცაა ნერვული ანორექსია და ნერვული ბულიმია, ფაქტობრივად არ გვხვდება მოზარდობამდე.

უჭმელობა: მადის დაქვეითება გამოწვეულია ზრდის შენელებით, ხშირია 1 წლამდე ასაკის ბავშვებში. თუმცა, კვების პრობლემები შეიძლება განვითარდეს, თუ მშობელი ან მომვლელი ცდილობს, აიძულოს ბავშვს ჭამა ან იჩენს ზედმეტ მზრუნველობას ბავშვის მადისა ან კვების ჩვევებისადმი. როდესაც მშობლები არწმუნებენ და ემუქრებიან ბავშვს, კვების პრობლემის მქონე პატარამ შეიძლება უარი თქვას საკვების მიღებაზე. ზოგიერთმა ბავშვმა შეიძლება ასეთ ძალადობრივ კვებას ღებინებით უპასუხოს.

სადილობის დროს დაძაბულობის და უარყოფითი ემოციების შემცირება შეიძლება დაეხმაროს სიტუაციას. ემოციური სცენების გარეშე ბავშვის წინ ვათავსებთ საკვებს და 20-30 წუთის შემდგომ კომენტარის გარეშე ვიღებთ მას. ბავშვს უფლება უნდა ჰქონდეს, აირჩიოს შეთავაზებული საკვებიდან ის, რომელიც სურს, სასუსნავი კი მიეცეს დილით და შუადღისას – დაგეგმილად. საკვები და სითხე, წყლის გარდა, უნდა იყოს შეზღუდული ნებისმიერ დროს. პატარა ბავშვებს კვება უნდა შევთავაზოთ ყოველდღე 3-ჯერ და სასუსნავი – 2-3-ჯერ. უმჯობესია კვება დაიგეგმოს იმ დროისთვის, როდესაც ოჯახის სხვა წევრებიც მიირთმევენ. ჭამის დროს არ უნდა მოხდეს ყურადღების გადატანა ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა ტელევიზორი და შინაური ცხოველები. მიზანშეწონილია მაგიდასთან ჯდომა. ბავშვებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ დავარდნილი ან იატაკზე განზრახ დაგდებული საკვების აღებაში, დასუფთავებაში. ამ მეთოდიკის გამოყენება აბალანსებს ბავშვის მადას, მიღებული საკვების რაოდენობას და კვების საჭიროებას.

ზედმეტი კვება: კიდევ ერთი პრობლემაა ზედმეტი კვება. მან შეიძლება გამოიწვიოს ბავშვთა ასაკის სიმსუქნე. როდესაც ჩამოყალიბდება ცხიმოვანი უჯრედები, ისინი აღარასდროს დაიშლება. ამგვარად, მოსალოდნელია, რომ მოზრდილობისას ასეთი ბავშვები უფრო ხშირად იქნებიან მსუქნები, ვიდრე ნორმალური წონის ბავშვები.