1. შარდის შეუკავებლობა (ქცევისა და განვითარების პრობლემები ბავშვებში)
  2. ქცევისა და განვითარების პრობლემები ბავშვებში
  3. ბავშვთა ჯანმრთელობა
შარდის შეუკავებლობა (ქცევისა და განვითარების პრობლემები ბავშვებში)

  • შარდის შეუკავებლობის ყველაზე ხშირი მიზეზია შარდის ბუშტის ნელი განვითარება;

  • დაძინებამდე 2-3 საათით ადრე სითხის მიღების შემცირებამ და კოფეინის მოხმარების შეზღუდვამ, შეიძლება ხელი შეუშალოს შარდის შეუკავებლობას;

  • დადებითი ზემოქმედება, შარდვის მაღვიძარა, დესმოპრესინი და იმიპტრამინი, ეხმარებიან დარღვევის მკურნალობას.

4 წლის ასაკისთვის ბავშვების დაახლოებით 30%-ს, 6 წლის ასაკისთვის 10%-ს, 12 წლის ასაკისთვის 3%-ს და 18 წლის ასაკისთვის 1%-ს კვლავ აღენიშნება უნებლიე შარდვა. იგი უფრო ხშირია ბიჭებში და, როგორც ჩანს, მეორდება ოჯახის წევრებში.

უნებლიე შარდვა ძირითადად გამოწვეულია შარდის ბუშტის მაინერვებელი ნერვების ნელი განვითარებით, შედეგად ბავშვი ვერ იღვიძებს, როდესაც შარდის ბუშტი სავსეა და საჭიროა მისი დაცლა. უნებლიე შარდვა შეიძლება თან ახლდეს ძილის ისეთ დარღვევებს, როგორიცაა ძილში სიარული და ღამის შიშები. ფიზიკური დარღვევა – ძირითადად, საშარდე გზების ინფექცია – აღმოჩენილია უნებლიე შარდვის მქონე ბავშვების მხოლოდ 1-2 %-ში. უნებლიე შარდვა აგრეთვე შეიძლება გამოიწვიოს სხვა, ნაკლებად ხშირმა, დარღვევებმა, როგორიცაა დიაბეტი. შარდის შეუკავებლობა ზოგჯერ გამოწვეულია ბავშვის ან ოჯახის სხვა წევრის ფსიქოლოგიური პრობლემებით და იშვიათად არის იმ სიმპტომთა ერთობლიობის ნაწილი, რომლებიც გვაფიქრებინებს შესაძლო სექსუალურ ძალადობაზე.

ხანდახან უნებლიე შარდვა ჩერდება და შემდგომ ისევ იწყება. განახლება ძირითადად დაკავშირებულია ფსიქოლოგიურ სტრესულ მოვლენასთან ან მდგომარეობასთან, თუმცა შეიძლება გამწვავებაზე პასუხისმგებელი იყოს ფიზიკური მიზეზიც, განსაკუთრებით საშარდე გზების ინფექცია.

მკურნალობა

საჭიროა მშობლებმა და ბავშვმა გაითავისონ, რომ უნებლიე შარდვა საკმაოდ ხშირია, შესაძლებელია მისი გამოსწორება და არავინ არ უნდა იგრძნოს თავი ამის გამო დამნაშავედ. მოზრდილ ბავშვს, რომელიც საწოლს ასველებს, შეუძლია:

  • გაესაუბროს ექიმს;

  • შეზღუდოს სადილის შემდგომ მიღებული სითხის რაოდენობა (განსაკუთრებით კოფეინის შემცველი სასმელი);

  • მოშარდოს დაძინებამდე;

  • ჩაინიშნოს სველი და მშრალი ღამეები;

  • გამოიცვალოს ტანსაცმელი და თეთრეული სისველის შემთხვევაში.

მშობლებს შეუძლიათ ბავშვი ასაკის შესაბამისად დააჯილდოვონ მშრალი ღამის შემთხვევაში (დადებითი ხელშეწყობა).

6 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებს მშობლებმა შეიძლება დაძინებამდე 2-3 საათით ადრე არ უნდა მისცენ სითხე და გააკონტროლონ, რომ ბავშვმა მოშარდოს უშუალოდ საწოლში დაწოლამდე. კოფეინის შემცველი სასმელები მკაცრად უნდა შეიზღუდოს. ამ ასაკის ბავშვების უმრავლესობასთან დროთა განმავლობაში, ფიზიკური მომწიფების კვალდაკვალ პრობლემა თავისთავად გვარდება.

6-7 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის მოწოდებულია მკურნალობის სხვადასხვა ფორმები. არსებული სამკურნალო საშუალებებიდან ყველაზე ეფექტურია უნებლიე შარდვის მაღვიძარა, რომელიც აღვიძებს ბავშვებს შარდის მცირე წვეთების აღმოჩენის დროსაც კი. მას შეუძლია განკურნოს უნებლიე შარდვა ბავშვების დაახლოებით 70%-ში და მხოლოდ 10-15%-ს ისევ ეწყება უნებლიე შარდვა მაღვიძარას ავარიული სიგნალების შეწყვეტის შემდგომ. ისინი ძვირი არ არის და მარტივი მოსახმარია. გამოყენებიდან პირველ კვირებში ბავშვი იღვიძებს მხოლოდ სრული მოშარდვისას; შემდგომ კვირებში ფხიზლდება მცირე რაოდენობით შარდვის დროსაც კი და საწოლს უფრო იშვიათად ასველებს. საბოლოოდ, ბავშვი იღვიძებს საწოლის დასველებამდე. მშობლების უმეტესობა თვლის რომ შარდვის მაღვიძარა შეიძლება მოიხსნას 3-კვირიანი მშრალი პერიოდის შემდგომ.

თუ უნებლიე შარდვა გრძელდება მოზრდილ ბავშვებში მაღვიძარას გამოყენების და ასაკის შესაფერისი დაჯილდოების შემდეგაც, ექიმმა შეიძლება დანიშნოს წამლები. სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება დესმოპრესინი ტაბლეტირებული ან იშვითად ნაზალური სპრეის ფორმით. ეს წამალი ამცირებს შარდის გამოყოფას, შედეგად უნებლიე შარდვა ნაკლები სიხშირისაა. ეს წამალი გამოიყენება 1-2 თვის განმავლობაში და წყდება მიღება რაც შეიძლება სწრაფად. მისი ხმარება შეიძლება პერიოდულად. მაგალითად, როდესაც ბავშვი მიდის ბანაკში. იმიპრამინი არის ანტიდეპრესანტი, რომელიც გამოიყენება იშვიათად უნებლიე შარდვის სამკურნალოდ, იგი ადუნებს შარდის ბუშტს და კუმშავს სფინქტერს, რაც ბლოკავს შარდის ნაკადს. ეს პრეპარატი ბოლო დროს ნაკლებად პოპულარულია მისი გვერდითი მოვლენების გამო. ამ მოვლენათა მონიტორინგისთვის ექიმები ატარებენ ელექტროკარდიოგრამას იმიპრამინით თერაპიის დაწყებამდე და პერიოდულად – სისხლის ანალიზებს.