ძილის პრობლემა | მკურნალი.გე
  1. ძილის პრობლემა
  2. ქცევისა და განვითარების პრობლემები ბავშვებში
  3. ბავშვთა ჯანმრთელობა
ძილის პრობლემა

ბავშვების უმეტესობას 3 თვის ასაკისთვის სძინავს გადაბმულად მინიმუმ 5 საათი, მაგრამ მოგვიანებით, სიცოცხლის პირველი წლის განმავლობაში ღამის ძილი ირღვევა და იწყება სიფხიზლის პერიოდები, რაც ხშირად ასოცირებულია დაავადებასთან. ასაკის მატებასთან ერთად მატულობს სწრაფი ძილის (ძილის ერთ-ერთი ფაზაა – REM) ხანგრძლივობა. ოჯახების დამოკიდებულება ისეთ საკითხებთან, როგორიცაა ბავშვის ძილი მშობლებთან ერთად, აგრეთვე – ძილის სხვა ჩვევებთან, განსხვავებულია. აუცილებელია მშობლებმა ღიად გაუზიარონ ერთმანეთს, თუ რას ანიჭებენ უპირატესობას, რათა თავიდან აიცილონ ბავშვების სტრესი და ორაზროვანი შეხედულებები.

ბავშვების უმრავლესობისთვის ძილის პრობლემები გარდამავალია ან დროებითია და ხშირად არ საჭიროებს მკურნალობას.

კოშმარები

კოშმარები არის საშიში სიზმრები, რომლებიც სწრაფი ძილის (REM) დროს გვხვდება. როდესაც ბავშვებს აქვთ კოშმარები, შეიძლება გაღვიძებისას სრულად და ნათლად გადმოსცენ სიზმრის დეტალები. კოშმარები არ არის განგაშის მიზეზი, თუ ისინი იშვიათია. უფრო ხშირი შეიძლება იყოს სტრესის დროს, ან როდესაც ბავშვები უყურებენ საშიში ან აგრესიული შინაარსის კინოს ან სატელევიზიო პროგრამას. თუ კოშმარები ხშირია, მშობლებმა უნდა აწარმოონ დღიური, რომ მოხდეს მიზეზის დადგენა.

ღამის შიშები და ძილში სიარული

ღამის შიშები – ეს არის დაძინებიდან მოკლე დროში ბავშვის არასრულად და ძლიერი მღელვარებით გამოღვიძების ეპიზოდები. ისინი გვხვდება არა-REM ძილის დროს და ყველაზე ხშირია 3-დან 8 წლამდე ასაკში. ბავშვი ყვირის და შეშინებულია, აჩქარებულია გულისცემა და სუნთქავს სწრაფად. როგორც ჩანს, ბავშვი ვერ ხვდება მშობლის გვერდით ყოფნას, იქნევს ხელებს ძლიერად და არ მშვიდდება, შეუძლია ლაპარაკი, მაგრამ არ პასუხობს კითხვებს. უხშირესად, ბავშვი კვლავ უბრუნდება ძილს რამდენიმე წუთში. კოშმარებისგან განსხვავებით, ბავშვს არ შეუძლია გადმოსცეს ეს ეპიზოდები. ღამის შიშები დრამატულია, რადგან ბავშვი ყვირის და შეუძლებელია მისი დამშვიდება. ღამის შიშების მქონე ბავშვების ერთ მესამედს აღენიშნება აგრეთვე ძილში სიარული (ნაწილობრივად მძინარე მდგომარეობაში საწოლიდან ადგომა და სიარული, ეწოდება სომნაბულიზმი). 5-დან 12 წლის ასაკამდე ბავშვების 15%-ს აქვს ძილში სიარულის მინიმუმ ერთი ეპიზოდი.

ღამის შიშები და ძილში სიარული გაივლის მკურნალობის გარეშე, თუმცა იშვიათი ეპიზოდები შეიძლება განმეორდეს წლების მანძილზე. ძირითადად, არ არის საჭირო მკურნალობა, მაგრამ თუ დარღვევა გრძელდება მოზარდობაში ან მოზრდილობაში და უფრო მძიმე ფორმის ხდება, შეიძლება საჭირო გახდეს მკურნალობა. ბავშვებში, რომლებსაც ესაჭიროებათ მკურნალობა, ღამის შიშებზე კარგად მოქმედებს საძილე საშუალებები ან გარკვეული ანტიდეპრესანტები. თუმცა, ეს ძლიერი წამლებია და შეიძლება ჰქონდეთ გვერდითი მოვლენები.

გაძალიანება დასაძინებლად წასვლის დროს

ბავშვები, განსაკუთრებით 1-დან 2 წლამდე ასაკში, ხშირად გამოხატავენ პროტესტს დასაძინებლად წასვლისას განშორების შიშის გამო, მაშინ როდესაც უფროსი ბავშვები ცდილობენ გააკონტროლონ გარემოს მეტი ასპექტები. პატარა ბავშვები ხშირად ტირიან, როდესაც მარტო რჩებიან საწოლში, ან ცდილობენ მაღლა ამოსვლას და ეძებენ მშობლებს. სხვა ხშირი მიზეზი, რატომაც არ სურთ ბავშვებს დაწოლა, არის დაგვიანებული ძილის დრო. ეს სიტუაცია დგება მაშინ, როდესაც ბავშვებს ნებას აძლევენ იფხიზლონ გვიანობამდე და დაწვნენ ჩვეულზე გვიან, ამით გადაიწევა დაძინების დროის შინაგანი საათი. ძნელია ძილის დროის გადმოწევა, მაგრამ მოკლე ხნით ანტიჰისტამინის და მელატონინის მიღება დაეხმარება ბავშვს შინაგანი საათის აღდგენაში.

დასაძინებლად წასვლის დროს ბავშვის გაძალიანებისას დადებითად არ მოქმედებს მშობლების ოთახში დარჩენა ბავშვისთვის კომფორტის შესაქმნელად და მისთვის საწოლიდან წამოდგომის უფლების მიცემა. ამდაგვარი მოქმედება უფრო აძლიერებს ღამის სიფხიზლეს – ბავშვები ცდილობენ ისეთი პირობების შექმნას, რომლის დროსაც შეძლებენ დაძინებას. ეს პრობლემები თავიდან რომ ავიცილოთ, მშობლები უნდა დასხდნენ კორიდორში ჩუმად, ისე რომ ბავშვს ხედავდნენ და დარწმუნებული იყვნენ, რომ იგი წევს საწოლში. ასე ბავშვი გამოიმუშავებს ძილის ჩვევას და ჩაეძინება თვითონ, ისწავლის რომ საწოლიდან წამოდგომა არ არის სწორი საქციელი. ბავშვი აგრეთვე აცნობიერებს, რომ მშობლები მასთან არიან, მაგრამ არ მოუყვებიან მეტ მოთხრობებს და არ ეთამაშებიან. საბოლოოდ, ბავშვი წყნარდება და იძინებს. ხანდახან ამართლებს რაიმე ნივთთან მიჯაჭვულობა (მაგალითად, დათუნია). ღამის ნათებამ, წყნარმა მუსიკამ, ან ორივემ ერთად, შეიძლება შექმნან კომფორტი.

ღამის განმავლობაში გაღვიძება

ღამის განმავლობაში რამდენიმეჯერ ყველა იღვიძებს. თუმცა, ძირითადად ისევ თავისით იძინებენ. ბავშვები ხშირად იღვიძებენ ღამით კინოს ყურების შემდეგ, ავადმყოფობისას ან სხვა სტრესული მოვლენისას. ძილთან დაკავშირებული პრობლემები შეიძლება გართულდეს, როდესაც ბავშვი საღამოობით ხანგრძლივად თვლემს ან ემოციურად თამაშობს დაძინების წინ. ძილი ხანდახან ირღვევა დაღლილი ფეხის სინდრომის გამო, ბავშვების მცირე ნაწილს, რომლებიც ღამით იქნევენ ხელ-ფეხს და ხვრინავენ, შეიძლება ჰქონდეთ ობსტრუქციული ძილის აპნოე.

ბავშვის დაძინება მშობლებთან ერთად იმის გამო, რომ მას ღამით ეღვიძება, უფრო ცუდ გავლენას ახდენს ამ ქცევაზე. თამაში ბავშვთან ან კვება ღამის გამოღვიძებისას არ შეიძლება, ასევე უკურეაქციას იძლევა ცემა და დატუქსვა. ბავშვის საწოლში დაბრუნება მარტივი დარწმუნებით უფრო ეფექტურია. ხშირად ეხმარება ბავშვს დაძინების ტრადიციული ჩვევის გამომუშავება, რაც მოიცავს, მოკლე ზღაპრის კითხვას, საყვარელი სათამაშოს ან პლედის შეთავაზებას და ღამის მბჟუტავი ნათების გამოყენებას (3 წელზე უფროსი ბავშვებისთვის). ბავშვის გაღვიძების ალბათობა რომ შევამციროთ, მნიშვნელოვანია, რომ მდგომარეობა, რომლის დროსაც ბავშვი ღამით იღვიძებს, იგივე იყოს, რა მდგომარეობაშიც ჩაიძინა. მშობლებმა და სხვა მომვლელებმა უნდა შეინარჩუნონ რუტინა ყოველ ღამით, რადგან ამით ბავშვი სწავლობს, რას ელოდოს. თუ ბავშვი ფიზიკურად ჯანმრთელია, შეიძლება ვაცადოთ რამდენიმე წუთით ტირილი, რის შემდეგაც თვითონ დაწყნარდება და ღამის გაღვიძებები შემცირდება.