სკოლაში წასვლაზე უარის თქმა | მკურნალი.გე
  1. სკოლაში წასვლაზე უარის თქმა
  2. ქცევისა და განვითარების პრობლემები ბავშვებში
  3. ბავშვთა ჯანმრთელობა
სკოლაში წასვლაზე უარის თქმა

  • ზოგიერთმა ფსიქოლოგიურმა და სოციალურმა ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს სკოლაში სიარულისგან თავის არიდება;

  • ბავშვებმა შეიძლება მოიმიზეზონ ცუდად ყოფნა და თავი იმართლონ, რომ არ წავიდნენ სკოლაში;

  • მკურნალობის საშუალებაა სკოლაში რეგულარული დასწრება; ბავშვებს, მშობლებს და სკოლის პერსონალს შორის ღია კომუნიკაცია და ხანდახან ფსიქოლოგიური თერაპია.

სკოლაში სიარულისგან თავის არიდება გვხვდება სკოლის ასაკის ბავშვების 5%-ში, გოგონებსა და ბიჭებში ერთნაირი სიხშირით. ის ძირითადად გამოვლინდება 5-6 წლის და 10-11 წლის ასაკის შუალედებში.

მიზეზი ხშირად უცნობია, მაგრამ შეიძლება ხელი შეუწყოს ფსიქოლოგიურმა (შფოთვა და დეპრესია) და სოციალურმა (უამხანაგობა, თავის გარიყულად და დაშინებულად გრძნობა) ფაქტორებმა. მგრძნობიარე ბავშვმა შეიძლება ზედმეტად გამოხატოს რეაქცია შიშით მასწავლებლის სიმკაცრეზე ან საყვედურზე. პატარა ბავშვები მეტად იგონებენ ავადმყოფობას ან სხვა მობოდიშებას სკოლაში წაუსვლელობისთვის. ისინი შეიძლება უჩიოდნენ მუცლის ტკივილს, გულისრევის შეგრძნებას ან სხვა სიმპტომებს, რაც გაამართლებს მათ სახლში დარჩენას. ზოგიერთი ბავშვი პირდაპირ უარს აცხადებს სკოლაში წასვლაზე. გარდა ამისა, ბავშვები შეიძლება წავიდნენ სკოლაში სიძნელეების გარეშე, მაგრამ იქ ყოფნის დროს განუვითარდეთ შფოთვა და სხვადასხვა სიმპტომები, რეგულარულად მიმართონ სკოლის ექთანს. ეს ქცევა არ არის დამახასიათებელი მოზარდებისთვის, რომლებმაც თავად შეიძლება გადაწყვიტონ, წავიდნენ თუ არა სკოლაში.

სკოლაში სიარულზე უარის თქმა იწვევს:

  • დაბალ აკადემიურ მოსწრებას

  • ოჯახში სირთულეებს

  • თანატოლებთან სირთულეებს

ბავშვების უმეტესობა აღარ ამბობს უარს სკოლაში სიარულზე, თუმცა ავადმყოფობის ან დასვენების დღეების შემდეგ კვლავ დგება ეს პრობლემა.

სახლში მეცადინეობა არ არის გამოსავალი. ბავშვები, რომლებსაც არ სურთ სკოლაში სიარული, სასწრაფოდ უნდა დაბრუნდნენ სკოლაში, რათა არ ჩამორჩნენ მასალას. თუ სკოლისგან თავის არიდება ისეთი ძლიერია, რომ გავლენას ახდენს ბავშვის აქტივობაზე და არ ემორჩილება მშობლების ან მასწავლებლების მარტივი დარწმუნებების მცდელობას, შეიძლება საჭირო გახდეს მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტთან გაგზავნა.

მკურნალობა მოიცავს მშობლებსა და სკოლის პერსონალს შორის კომუნიკაციას, სკოლაში რეგულარულ სიარულს და ხანდახან ბავშვისა და ოჯახის წევრების კონსულტაციას ფსიქოლოგთან. თერაპია გულისხმობს სკოლაში სტრესის გამკლავებას ძირითადი დარღვევების მკურნალობით და აგრეთვე ქცევითი მეთოდების გამოყენებით.