პროფილაქტიკური ვიზიტები | მკურნალი.გე
  1. პროფილაქტიკური ვიზიტები
  2. მოზარდები
  3. ბავშვთა ჯანმრთელობა
პროფილაქტიკური ვიზიტები

ყოველწლიური პროფილაქტიკური ვიზიტები საშუალებას აძლევს ექიმებს და სხვა ჯანდაცვის თანამშრომლებს, აკონტროლონ ფიზიკური ზრდა და სქესობრივი მომწიფება და მისცენ რჩევები და ჩაუტარონ კონსულტაციები. ყოველ წელს ვიზიტზე უნდა შეფასდეს სიმაღლე, წონა და წნევა. ჭარბი წონა და სიმსუქნე ძალიან ხშირია ამერიკის შეერთებულ შტატებში და დაკავშირებულია გულის დაავადებებთან და ტიპი 2 შაქრიან დიაბეტთან (ადრე ცნობილი, როგორც ინსულინ-დამოუკიდებელი დიაბეტი). მოზარდობის პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კანის დათვალიერება აკნეს გამოსარიცხად, სქესობრივი მომწიფების ხარისხის შეფასება და ხერხემლის გამოკვლევა სქოლიოზზე.

რუტინული სამედიცინო მზრუნველობა მოიცავს აგრეთვე იმუნიზაციის საბუთის გადახედვას და რეკომენდირებული ვაქცინების ჩატარებას. შეიძლება ჩატარდეს სკრინინგული ტესტები, როგორიცაა სისხლში ქოლესტერინის დონის განსაზღვრა მსუქან ან ოჯახში მაღალი ქოლესტერინის ანამნეზის მქონე მოზარდებში. ტუბერკულოზის ტესტი შეიძლება ჩატარდეს მოზარდებში, რომელთაც ჰქონდათ კონტაქტი ან იმოგზაურეს მსოფლიოს იმ ადგილას, სადაც ტუბერკულოზი ხშირია.

ყველაზე რუტინული პროფილაქტიკური ვიზიტი მოიცავს ფსიქოსოციალურ სკრინინგულ გასაუბრებას და კონსულტაციას. სკრინინგული გასაუბრებისას ისმევა კითხვები ოჯახური გარემოს, აკადემიური მოსწრების და მიზნების, აქტივობების და ჰობის, სარისკო ქცევების და ემოციური ჯანმრთელობის შესახებ. კონსულტაცია ტარდება ფიზიკური და ფსიქოსოციალური განვითარების, ჯანმრთელი ცხოვრების წესის და დაზიანების პრევენციის საკითხებზე. იგი, როგორც წესი, მოიცავს ფართო სპექტრის თემებსაც, როგორიცაა:

  • ღვედის გაკეთების აუცილებლობა

  • ნასვამ მდგომარეობაში მანქანის ტარების საფრთხე

  • წამალზე და ალკოჰოლზე დამოკიდებულების საფრთხე

  • შეგნებული სექსუალური ქცევა

  • ძალადობის პრევენცია

ექიმებმა შეიძლება ხშირად მხარი დაუჭირონ აქტივობებს, როგორიცაა სპორტში, ხელოვნებაში და საზოგადოებრივ საქმიანობაში მონაწილეობა. ექიმების უმეტესობა ესაუბრება და სინჯავს მოზარდებს ინდივიდუალურად, თუმცა შეიძლება მშობლების მოწვევა, მათთან აზრების გაზიარება და მათი კონსულტაციების და მითითებების მიღება ვიზიტის დასაწყისში ან ბოლოს.