1. შუა ყურის ინფექცია
  2. ყურის, ცხვირისა და ყელის პათოლოგიები
  3. ბავშვთა ჯანმრთელობა
შუა ყურის ინფექცია

შუა ყურის ინფექცია არის უშუალოდ დაფის აპკის უკანა სივრცეში განვითარებული ინფექცია.

შუა ყურის ანთება (otitis media) შეიძლება განვითარდეს მოზრდილ ბავშვებსა და მოზრდილებში, მაგრამ ყველაზე ხშირია 3 თვიდან 3 წლამდე ასაკის ბავშვებში. იგი ხშირად თან ახლავს გაციებას. ადრეული ასაკის ბავშვები განსაკუთრებით მიდრეკილი არიან შუა ყურის ანთებისადმი შემდეგი მიზეზების გამო:

  • ევსტახის მილის თავისებურებები

  • ინფექციების ზემოქმედების ქვეშ მოხვედრის მეტი შესაძლებლობა

  • ინფექციის გართულების საშიშროება

  • საწოვარას გამოყენება

სხვა მნიშვნელოვანი რისკფაქტორებია:

  • სიგარეტის კვამლის ზემოქმედება

  • გენეტიკური ფაქტორი (ჰქონდა თუ არა ოჯახის რომელიმე წევრს ყურის ინფექციები)

ევსტახის მილი შუა ყურს აერთებს ცხვირის გასასვლელთან და ამით გარედან შესული ჰაერის ზეწოლის ბალანსირებას ახდენს. მოზრდილ ბავშვებსა და მოზრდილებში ევსტახის მილი ვერტიკალურად არის მოთავსებული, ფართოა და მყარი, ამიტომ ცხვირიდან გადასული სეკრეტის დრენირება ადვილად ხდება. ჩვილებსა და ადრეული ასაკის ბავშვებში ევსტახის მილი ჰორიზონტალურად არის მოთავსებული, წვრილია, ნაკლებად მყარი და მოკლე, ამიტომ ადვილად იხშობა სეკრეტით, რომელიც შუა ყურის ახლოს გროვდება და ხელს უშლის შუა ყურში ჰაერის ვენტილაციას. გარდა ამისა, სეკრეტი შეიძლება, შეიცავდეს ვირუსებს და ბაქტერიებს, რომლებიც იქვე მრავლდება და იწვევს ინფექციას. ჩვილებში ვირუსები და ბაქტერიები ადვილად შეიძლება გადავიდეს მოკლე ევსტახის მილიდან უკან და გამოიწვიოს შუა ყურის ანთება.

6 თვის ასაკიდან ჩვილები უფრო ადვილად ინფიცირდებიან, რადგან მათ აღარ იცავს მუცლად ყოფნის პერიოდში დედის პლაცენტიდან მიღებული ანტისხეულები, რომელთა მარაგი ამ ასაკისათვის იწურება. 6 თვის ასაკიდან მათი დაცვა შეიძლება ძუძუთი კვებით, ვინაიდან ქალის რძე ანტისხეულებს შეიცავს.

ამ ასაკისათვის ბავშვები სოციალურად უფრო აქტიურები ხდებიან და შეიძლება მათზე ვირუსების ზემოქმედება ადვილად მოხდეს, მაგალითად, სხვა ბავშვებთან შეხების ან ურთიერთობების დროს ან სხვადასხვა საგანთან თითების შეხების და შემდეგ მათი პირში ჩადების შედეგად. ეს ინფექციები, შეიძლება, შუა ყურის ანთებით გართულდეს. ბავშვთა მოვლის ცენტრებში მყოფ ბავშვებში ხშირი გაციების და მის შედეგად შუა ყურის ანთების განვითარების რისკი მეტია.

საწოვარას გამოყენება ასუსტებს ევსტახის მილის ფუნქციას და ამის გამო ჰაერის შეღწევა შუა ყურში ფერხდება.

შუა ყურის ანთება შეიძლება ჩაქრეს შედარებით სწრაფად (მწვავე) ან მოხდეს მისი რეციდივი, ან გაგრძელდეს ხანგრძლივად (ქრონიკული).

შუა ყურის მწვავე ინფექცია

შუა ყურის ინფექცია არის ბაქტერიული ან ვირუსული ინფექცია, რომელიც ხშირად თან ახლავს გაციებას.

  • ყურის ინფექციების დროს ბავშვებს აღენიშნებათ ცხელება და ძილის დარღვევები. ისინი ტირიან, ხდებიან აღგზნებულები და ხშირად ქაჩავენ თავიანთ ყურებს;

  • ექიმი ოტოსკოპით აკონტროლებს დაფის აპკს, მისი გაწითლებისა და შეშუპების გამოსავლენად;

  • ტემპერატურის დასაწევად და ტკივილის შესამცირებლად, შეიძლება, მიეცეთ აცეტამინოფენი ან იბუპროფენი. ანტიბიოტიკები, ჩვეულებრივ, გამოიყენება, როცა ბავშვი სწრაფად არ გამოდის ამ მდგომარეობიდან ან როცა მდგომარეობა უარესდება.

შუა ყურის მწვავე ინფექცია (შუა ყურის მწვავე ოტიტი) უფრო ხშირად იმ ვირუსებით არის გამოწვეული, რომლებიც გაციებას იწვევს. შესაძლოა, ზოგჯერ ინფექცია იმ ბაქტერიებმა გამოიწვიოს, რომლებიც ნორმალურ მდგომარეობაში არსებობს პირის ღრუში ან ცხვირში. ეს ბაქტერიებია: Streptococcus pneumoniae, Haemopfhilus influenzae და Moraxella catarrhalisa. ვირუსით გამოწვეული ინფექცია, შეიძლება, გართულდეს ბაქტერიული ინფექციით.

სიმპტომები

ყურის მწვავე ინფექციის მქონე ჩვილებს აღენიშნებათ ცხელება და ძილის დარღვევა; ისინი ტირიან და გაღიზიანებულები არიან თითქოს ყოველგვარი მიზეზის გარეშე. მათ შეიძლება, აგრეთვე, აღენიშნებოდეთ ცხვირიდან გამონადენი, ხველა, ღებინება და დიარეა. ყურები მტკივნეულია და შეიძლება სმენადობა დაქვეითდეს. ჩვილები და ბავშვები, რომლებსაც ვერბალური ურთიერთობა არ შეუძლიათ, შეიძლება თავიანთ ყურებს ქაჩავდნენ. მოზრდილ ბავშვებს, ჩვეულებრივ, შეუძლიათ უთხრან თავიანთ მშობლებს, რომ აწუხებთ ყურის ტკივილი ან რომ კარგად არ ესმით.

ხშირად დაფის აპკის უკან გროვდება სითხე, რომელიც რჩება მწვავე ინფექციის გავლის შემდეგ. ამ დარღვევას შუა ყურის სეკრეტორულ ოტიტს უწოდებენ.

გართულებები: იშვიათად, ყურის ინფექციას შეიძლება ბევრი სერიოზული გართულება მოჰყვეს. შეიძლება გასკდეს დაფის აპკი, რაც იწვევს სისხლისა და სითხის გადმოდინებას ყურიდან. აგრეთვე, შეიძლება, ახლომდებარე სტრუქტურები დაინფიცირდეს და გამოიწვიოს შემდეგი სიმპტომები:

  • ყურის გარემომცველი ძვლის ინფექცია (მასტოიდიტე): ტკივილი;

  • შიდა ყურის ინფექცია (ლაბირინთიტი): თავბრუხვევა და სიყრუე;

  • ტვინის გარემომცველი ქსოვილების ინფექცია (მენინგიტი) ან ჩირქის დაგროვება (აბსცესი) ტვინში: თავის ტკივილი, ცნობიერების შეცვლა, კრუნჩხვები და სხვა ნევროლოგიური პრობლემები.

ინფექციის განმეორების შემთხვევაში შეიძლება დაფის აპკიდან კანის მსგავსი ქსოვილის ჭარბი ზრდა განვითარდეს (ქოლესტეატომა). ქოლესტეატომამ შეიძლება, დააზიანოს შუა ყური და გამოიწვიოს სმენის დაკარგვა.

დიაგნოზი

ექიმები შუა ყურის მწვავე ინფექციის დიაგნოზს ადგენენ ოტოსკოპის საშუალებით, დაფის აპკის შესივებისა და სიწითლის გამოვლენის საფუძველზე. ექიმებს შეიძლება დასაწყისში დასჭირდეთ ყურში არსებული გოგირდის მოცილება და მისი გაწმენდა, რომ უკეთესად დაინახონ არსებული ცვლილებები. ექიმებს შეუძლიათ, ოტოსკოპზე სპეციალური მოწყობილობის დაფიქსირებით, მოახდინონ ჰაერის ზეწოლა ყურში და შეამოწმონ, მოძრაობს თუ არა დაფის აპკი. თუ დაფის აპკი არ მოძრაობს ან ძალიან ნელა მოძრაობს, ეს ინფექციის არსებობაზე მიუთითებს.

მკურნალობა

აცეტამინოფენის ან იბუპროფენის მიცემა ეფექტიანია ტემპერატურის დასაწევად და ტკივილის შესამცირებლად.

შუა ყურის მწვავე ინფექცია ხშირად თავისთავად რჩება ანტიბიოტიკების გარეშე, ამიტომ ბევრი ექიმი იყენებს ანტიბიოტიკებს მხოლოდ მაშინ, როცა ბავშვების მდგომარეობა მოკლე დროში არ უმჯობესდება ან როცა გამოხატულია ინფექციის ისეთი ნიშნები, რომლებიც დაავადების გაუარესებაზე მიუთითებს. შეიძლება, ისეთი ანტიბიოტიკების გამოყენებაც, როგორებიცაა ამოქსიცილინი ან ტრიმეთოპრიმი პლუს სულფამეტოქსაცილი.

პრეპარატები, რომლებიც შეიცავს დეკონგესტანტებს (როგორიცაა ფსევდოეფედრინი) ან ანტიჰისტამინური პრეპარატები (როგორიცაა ბრომფერინამინი ან ქლორფენირამინი) არ არის ეფექტიანი.

შუა ყურის ქრონიკული ინფექცია

შუა ყურის ქრონიკული ინფექცია მორეციდივე ინფექციის შედეგად ვითარდება და იგი აზიანებს დაფის აპკს ან იწვევს ქოლესტეატომის ფორმირებას, რომელიც თავისთავად აძლიერებს ინფექციის სიმწვავეს.

იმ ბავშვებს, რომლებსაც ყურის ქრონიკული ინფექცია აღენიშნებათ, ექიმი რეკომენდაციას იძლევა, რომ ყოველდღიურად მიეცეთ ანტიბიოტიკი, რამდენიმე თვის განმავლობაში. თუ ინფექცია პერსისტირებს ან რეციდივები მეორდება, ანტიბიოტიკების გამოყენების მიუხედავად, ექიმმა შეიძლება, ურჩიოს სავენტილაციო მილების გამოყენება (ტიმპანოსტომია). თუ დაფის აპკი დაზიანებულია ან განვითარდა ქოლესტეატომა, საჭიროა გაკეთდეს დაფის აპკის ქირურგიული მეთოდით აღდგენა ან ქოლესტეატომის ამოღება.