1. გადიდებული ტონზილები და ადენოიდები
  2. ყურის, ცხვირისა და ყელის პათოლოგიები
  3. ბავშვთა ჯანმრთელობა
გადიდებული ტონზილები და ადენოიდები

  • გადიდებული ტონზილები და ადენოიდები შეიძლება იყოს ინფექციის შედეგი ან შეიძლება ნორმალურიც იყოს;

  • გადიდება, ჩვეულებრივ, სიმპტომებს იწვევს, მაგრამ შეიძლება, გამოიწვიოს სუნთქვისა და ყლაპვის პრობლემები, ყელის ტკივილი და ზოგჯერ ყურისა და სინუსების მორეციდივე ინფექცია ან ძილის აპნოე;

  • შეიძლება ანტიბიოტიკების გამოყენება, როცა ეჭვია ინფექციის არსებობაზე. ზოგჯერ ტონზილები და ადენოიდები ამოიღება ქირურგიული ჩარევით.

ტონზილები და ადენოიდები არის ლიმფოიდური ქსოვილისაგან შემდგარი წარმონაქმნები, რომლებიც ეხმარება ორგანიზმს ინფექციასთან ბრძოლაში. ისინი აფერხებს ბაქტერიებისა და ვირუსების შესვლას ყელში და, აგრეთვე, გამოიმუშავებს ანტისხეულებს. ადენოიდები მდებარეობს უფრო მაღლა და უკან, იქ სადაც ნაზალური გამოსასვლელი უერთდება ყელს. ტონზილები პირიდან ვიზუალურად ჩანს, ადენოიდები კი – არა.

ზოგიერთ სკოლამდელ და მოზარდ ბავშვს აქვს შედარებით დიდი ტონზილები და ადენოიდები, რომელთა არსებობა არავითარ პრობლემას არ უკავშირდება, თუმცა, ზოგჯერ ტონზილები და ადენოიდები შეიძლება გადიდდეს, მაგალითად, იმიტომ, რომ ისინი დაინფიცირდნენ ბაქტერიებით, რაც იწვევს ფარინგიტს. როცა დიდდება, ტონზილებმა შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის პრობლემები, ხოლო ადენოიდებმა – ცხვირის გასასვლელის დახშობა. ჩვეულებრივ, როცა ინფექცია მთავრდება, ტონზილები და ადენოიდები ნორმას უბრუნდება. ზოგჯერ, შეიძლება ისინი გადიდებული დარჩეს იმ ბავშვებში, რომლებსაც ხშირი და ქრონიკული ინფექციები აღენიშნებათ. ძალიან იშვიათად კიბომ, შეიძლება, გამოიწვიოს ტონზილებისა და ადენოიდების გადიდება ბავშვებში.

სიმპტომები

უმეტეს შემთხვევაში გადიდებული ტონზილები და ადენოიდები სიმპტომებს არ იწვევს, თუმცა, ზოგიერთ ბავშვში გადიდებულმა ტონზილებმა და ადენოიდებმა შეიძლება გამოიწვიოს ყელის ტკივილი, დისკომფორტი და ტკივილი ყლაპვის დროს. გადიდებული ადენოიდების შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს ხმა, მსგავსად ცხვირის გაჭედვისთვის დამახასიათებელი ხმისა, აგრეთვე, შეიცვალოს მაგარი სასის ფორმა და თანკბილვა.

გადიდებული ტონზილები და ადენოიდები შეიძლება განხილულ იქნეს როგორც პრობლემა, როცა ისინი იწვევენ ისეთ სერიოზულ გართულებებს, როგორებიცაა:

  • ყურის ქრონიკული ინფექციები და სმენის დაკარგვა: ეს პრობლემები ვითარდება ევსტახის მილის დახშობისა და შუა ყურში სითხის დაგროვების შედეგად;

  • მორეციდივე სინუსური ინფექციები და ცხვირიდან სისხლდენები;

  • ობსტრუქციული ძილის აპნოე: ზოგიერთი ბავშვი, რომელსაც აქვს გადიდებული ტონზილები და ადენოიდები, ხშირად ხვრინავს და ძილის დროს მოკლე პერიოდით აჩერებს სუნთქვას. ამის შედეგად, ჟანგბადის დონემ სისხლში შეიძლება დაიკლოს, რის გამო ბავშვები ხშირად იღვიძებენ და დღის განმავლობაში ძილიანობა აქვთ. იშვიათად, გადიდებული ტონზილებითა და ადენოიდებით გამოწვეული ობსტრუქციული ძილის აპნოე იწვევს სერიოზულ გართულებებს, როგორიცაა ფილტვებში წნევის მომატება (პულმონალური ჰიპერტენზია) და გულის მხრივ ცვლილებები, გამოწვეული პულმონალური ჰიპერტენზიით;

  • წონაში დაკლება ან წონის მატების შეჩერება: ბავშვები შეიძლება საკმარისად ვერ იკვებებოდნენ ტკივილის გამო, გარდა ამისა, სუნთქვის პროცესი მუდმივად ფიზიკურ ძალისხმევას მოითხოვს.

დიაგნოზი

სანამ ექიმები დაადგენენ, რომ დაავადების გამომწვევი მიზეზი ინფექციაა, მანამდე ისინი არკვევენ ბოლო 1-დან 3 წლის განმავლობაში რამდენჯერ ჰქონდა ბავშვს ყელის ტკივილის ეპიზოდი. გადიდებული ტონზილები, სავარაუდოდ, გარკვეული დარღვევების შედეგია იმ ბავშვებში, რომლებსაც ყელის ტკივილის ხშირი ეპიზოდები აღენიშნებოდათ. ძალიან გადიდებული ტონზილები შეიძლება იყოს ნორმა და ქრონიკულად ინფიცირებული ტონზილები ნორმალური ზომების შეიძლება იყოს. ექიმები, ასევე, აკვირდებიან ტონზილებზე სიწითლის შესაძლო არსებობას, ყბისქვეშა და კისრის ლიმფური ჯირკვლების გადიდების შესაძლებლობას და, აგრეთვე, იმას, თუ როგორ გავლენას ახდენს ტონზილები სუნთქვის პროცესზე.

ობსტრუქციული ძილის აპნოეს არსებობას მიუთითებს, როცა მშობლები აცხადებენ, რომ ბავშვი ძილის პროცესში ხშირად აჩერებს სუნთქვას. ექიმები, ასევე, რეკომენდაციას იძლევიან პოლისომნოგრაფიის ჩატარებაზე. ამ ტესტით განისაზღვრება ჟანგბადის დონე სისხლში და ბავშვებზე დაკვირვება ხდება ძილის პერიოდში.

მკურნალობა

ექიმებს შეუძლიათ დანიშნონ ანტიბიოტიკები, თუ ისინი ფიქრობენ, რომ მიზეზი შეიძლება ბაქტერიული ინფექცია იყოს. თუ ანტიბიოტიკები უშედეგოა და ექიმი თვლის, რომ ანტიბიოტიკები არ იქნება სასარგებლო, მას შეუძლია, რეკომენდაცია გაუწიოს ტონზილებისა და ადენოიდების ქირურგიული მეთოდით ამოღებას (ტონზილექტომია და ადენოიდექტომია).

ამერიკის შეერთებულ შტატებში ტონზილექტომია და ადენოიდექტომია ძალიან ფართოდ გავრცელებული ოპერაცია იყო ბავშვთა ასაკში. მაგრამ ამჟამად იგი ნაკლები სიხშირით კეთდება, რადგან ექიმები ახლა უკეთესად ერკვევიან, თუ რომელი ბავშვისთვის იქნება ამ ოპერაციის გაკეთება სარგებლის მომტანი.

ქირურგიული მეთოდის გამოყენება სასარგებლო შეიძლება იყოს იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ შემდეგი გამოვლინებები:

  • ობსტრუქციული ძილის აპნოე

  • საუბრისა და სუნთქვის დროს ძლიერი დისკომფორტი

  • ყელისა და ყურის ხშირი ინფექციები (იგულისხმება შვიდი და მეტჯერადი ინფექცია ერთ წელიწადში, ხუთი ან მეტი ინფექცია წელიწადში, 2 წელზე მეტხანს, სამი ან მეტი ინფექცია წელიწადში, 3 წელზე მეტი ხნის განმავლობაში

  • კიბო (იშვიათად არის მიზეზი)

ექიმები რეკომენდაციას უწევენ ადენოიდექტომიას მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:

  • ყურის ინფექციები

  • ცხვირის გაჭედვის მაღალი სიხშირე

  • სინუსების ინფექციები

ტონზილექტომია და ადენოიდექტომია არ ამცირებს გაციებისა და ხველის სიხშირესა და სიმძიმეს.

ტონზილექტომია და ადენოიდექტომია, ჩვეულებრივ, შეიძლება გაკეთდეს ამბულატორიის პირობებში. ეს ოპერაცია უნდა გაკეთდეს ნებისმიერი ინფექციის განკურნებიდან 3 კვირის შემდეგ. ქირურგიული გართულებები იშვიათად ხდება, მაგრამ პოსტოპერაციულ პერიოდში აღინიშნება ტკივილი და ყლაპვის სირთულეები დაახლოებით 1 კვირის განმავლობაში. სისხლდენა ნაკლებად ხშირი გართულებაა, მაგრამ იგი ნებისმიერ დროს შეიძლება განვითარდეს ოპერაციიდან 10 დღის განმავლობაში.