სმენის დაზიანება | მკურნალი.გე
  1. სმენის დაზიანება
  2. ყურის, ცხვირისა და ყელის პათოლოგიები
  3. ბავშვთა ჯანმრთელობა
სმენის დაზიანება

  • სმენის დაკარგვა, ჩვეულებრივ, გენეტიკური დეფექტების შედეგია ახალშობილებში და ყურის ინფექციების ან ყურში გოგირდის დაგროვებით არის გამოწვეული მოზრდილ ბავშვებში;

  • თუ ბავშვები არ რეაგირებენ ხმაურზე, აქვთ საუბრის სირთულეები და ნელა იწყებენ საუბარს, საფიქრებელია, რომ მათი სმენადობა დაქვეითებულია;

  • არსებობს სხვადასხვა მოწყობილობა და ტესტი, რომლითაც შეიძლება გაიზომოს ტვინის საპასუხო რეაქცია ხმაზე. ისინი გამოიყენება ახალშობილებში სმენის შესაფასებლად. ასევე, არსებობს სხვადასხვა მეთოდი მოზრდილი ასაკის ბავშვებში სმენის გასაკონტროლებლად;

  • თუ შესაძლებელია, უნდა ჩატარდეს გამომწვევი მიზეზის მკურნალობა, მაგრამ სმენის გასაუმჯობესებლად დახმარების გაწევა აუცილებელია.

სმენის დაქვეითება შედარებით ხშირია ბავშვებში. იგი შემდეგი სიხშირით გვხვდება:

  • დაბადებისას სმენის მძიმე დაზიანება – დაახლოებით 1 ბავშვი – 1000-დან

  • ნაკლებად მძიმე დაზიანება დაბადებისას დაახლოებით 3 ბავშვი – 1000-დან

  • სმენის დაზიანება მოზარდობის ასაკამდე არის დაახლოებით 4 ბავშვი 1000-დან, რომლებიც ნორმალური სმენით დაიბადნენ

  • სმენადობის მეტნაკლები სირთულე დაახლოებით 9 ბავშვი 100-დან, 0-დან 9 წლის ასაკამდე

  • სმენის დაკარგვა (მსუბუქი, ზომიერი ან მძიმე) ერთ ყურში დაახლოებით 55 ბავშვი 1000-დან

თუ სმენის დაზიანება დროულად არ იქნა ამოცნობილი და არ ჩატარდა შესაბამისი მკურნალობა, ამან შეიძლება დააქვეითოს ბავშვის მეტყველებისა და სხვისი საუბრის გაგების უნარი: ასეთმა მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს სკოლაში წარუმატებლობა, თანატოლების მხრიდან დაცინვა, სოციალური იზოლაცია და ემოციური სირთულეები.

მიზეზები

გენეტიკური დეფექტები ახალშობილებში სმენის დაზიანების ყველაზე ხშირი მიზეზია. ყურის ინფექციები, შუა ყურის სეკრეტორული ოტიტის ჩათვლით, და გოგირდის დაგროვება ყურში ყველაზე ხშირად იწვევს სმენის დაზიანებას ჩვილებსა და მოზარდობის ასაკის ბავშვებში. უფრო მოზრდილი ასაკის ბავშვებში სხვა მიზეზები შეიძლება იყოს: თავის ტრავმა, ძლიერი ხმაური (ხმამაღალი მუსიკის ჩათვლით), ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკების (როგორიცაა გენტამიცინი) ან თიაზიდის დიურეტიკის გამოყენება, ზოგიერთი ვირუსული ინფექცია (როგორიცაა წითელა), სიმსივნეები და ტრავმები, რომლებიც აზიანებს სმენის ნერვს, სხვადასხვა საგნის ჩარჭობა ღრმად ყურში და, იშვიათად, ავტოიმუნური დარღვევები.

სიმპტომები

მშობლებმა შეიძლება ეჭვი მიიტანონ სმენის მძიმე დაზიანებაზე, როცა ბავშვი ხმაურზე არ რეაგირებს, აქვს საუბრის ან მეტყველების დაწყების სირთულეები.

ნაკლებად მძიმე ფორმის სმენის დაქვეითება, შესაძლოა, უფრო შეუმჩნეველი და უმნიშვნელო იყოს. მშობლები და ექიმები ბავშვების ისეთი ქცევების არასწორ ინტერპრეტაციას აკეთებენ, როგორიცაა:

  • იმ ადამიანების იგნორირება, რომლებიც მათ ესაუბრებიან, რაც პერიოდულად ხდება, მაგრამ არა – მუდმივად;

  • შეუძლიათ ილაპარაკონ და სხვების ხმა კარგად გაიგონონ სახლის პირობებში, მაგრამ არა – სკოლაში (მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის სმენის დაზიანება).

ზოგადად, თუ ბავშვები კარგად ვითარდებიან გარკვეულ ადგილებში ცხოვრებისას, მაგრამ, აქვთ შესამჩნევი სოციალური, ქცევითი, ენობრივი ან სწავლის სირთულეები სხვა ადგილას ყოფნისას, მათ უნდა ჩაუტარდეთ სკრინინგი სმენის დაზიანების გამოსავლენად.

სკრინინგი და დიაგნოზი

ვინაიდან სმენის არსებობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბავშვის განვითარებაში, ბევრი ექიმი რეკომენდაციას იძლევა, რომ ყველა 3 თვემდე ასაკის ახალშობილი გამოკვლეულ იქნეს სმენის შესაძლო დაზიანების გამოსავლენად. ზოგიერთ ქვეყანაში ასეთი ტესტირების ჩატარება კანონით მოითხოვება.

ახალშობილების სკრინინგი ორ ეტაპად ტარდება. პირველად, ბავშვების ტესტირება ტარდება სპეციალური ხელსაწყოდან გამოსული წკარუნის ხმაზე ბავშვის ჯანმრთელი ყურებიდან საპასუხო ექოს განსაზღვრის გზით (evoked otoacoustic emissions testing). თუ ამ ტესტირების პასუხი წარმოშობს კითხვებს ბავშვის სმენის საკითხზე, კეთდება მეორე ტესტი, რომლითაც განისაზღვრება ხმაურის საპასუხოდ ბავშვის ტვინიდან გამოსული ელექტროსიგნალები (the auditory brain stem response, or ABR).

ეს ტესტი უმტკივნეულოა და, ჩვეულებრივ, ტარდება ძილის პროცესში. იგი შეიძლება გამოყენებულ იქნეს ბავშვებში, ნებისმიერ ასაკში. თუ ტესტის პასუხით გამოვლინდა დარღვევა, იგი განმეორებით კეთდება 1 თვეში. თუ დადგინდა სმენის დაკარგვის ფაქტი, ბავშვებს სჭირდებათ დახმარება სმენის პრობლემებთან გასამკლავებლად. გარკვეული სარგებლობა შეიძლება მათ მიიღონ ისეთ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოთავსებით, რომელიც პასუხისმგებელია სმენადაქვეითებულ ბავშვებთან მუშაობაზე.

მოზრდილ ბავშვებში, სმენის დაზიანების სადიაგნოსტიკოდ, რამდენიმე მეთოდი გამოიყენება:

  • მთელი რიგი შეკითხვების დასმა, რომ გამოვლინდეს ბავშვის ნორმალური განვითარება ან შეფასდეს პაციენტის ჩივილი ენობრივ და მეტყველების განვითარებასთან დაკავშირებით;

  • ყურების გამოკვლევა დარღვევების გამოსავლენად;

  • 6 თვიდან 2 წლამდე ბავშვებისთვის ტესტირების ჩატარება სხვადასხვა ხმაურზე მათი საპასუხო რეაქციის შესაფასებლად;

  • სხვადასხვა სიხშირის ხმაურზე დაფის აპკის რეაგირების გამოკვლევა (ტიმპანომეტრია), რომლის საშუალებითაც შეიძლება, დადგინდეს, არის თუ არა შუა ყურში სითხე დაგროვილი;

  • 2 წლის ასაკის შემდეგ ბავშვებს აძლევენ მარტივ ბრძანებებს, რომლის საშუალებით, ჩვეულებრივ, ვლინდება, ესმით თუ არა ბავშვებს და იგებენ თუ არა ისინი საუბარს. აგრეთვე, ტარდება ტესტირება ხმაურზე მათი რეაგირების გამოსავლენად ყურსასმენების გამოყენებით.

მკურნალობა

სმენის დაკარგვის ზოგიერთი მიზეზის მკურნალობით შეიძლება სმენის აღდგენა. მაგალითად, ყურის ინფექციას შეიძლება ვუმკურნალოთ ანტიბიოტიკებით ან ქირურგიული ჩარევით, ყურიდან გოგირდის მასა შეიძლება ხელით ამოიღონ ან განზავდეს ყურის წვეთების გამოყენებით, და ქოლესტეატომა შეიძლება ამოღებულ იქნეს ქირურგიული მეთოდის გამოყენებით.

უფრო ხშირად ბავშვის სმენის დაზიანების გამომწვევი მიზეზის უკუგანვითარება შეუძლებელია და ასეთ შემთხვევებში მკურნალობა მოიცავს სმენის გასაუმჯობესებელი სასმენი მოწყობილობით უზრუნველყოფას, რომ შესაძლებლობის ფარგლებში ამ დაზიანების კომპენსირება მოხდეს.

სასმენი მოწყობილობები ხელმისაწვდომია როგორც ჩვილებისათვის, ისე მოზრდილი ასაკის ბავშვებისათვის. ბავშვებს, რომლებსაც ერთ ყურში აღენიშნებათ სმენის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის დაზიანება, ჩვეულებრივ, ესაჭიროებათ FM რადიოსისტემა, რომელსაც გადააქვს მასწავლებლის ხმა უშუალოდ ე. წ. სპიკერებში, სასმენ მოწყობილობებსა და ყურსასმენებში. კოქლეარული იმპლანტები (მოწყობილობები), რომლებიც იდგმება შიდა ყურში, გარე ხმაურის საპასუხოდ ასტიმულირებს ნერვს ელექტრული იმპულსების საშუალებით. ეს მეთოდი გამოიყენება იმ ბავშვების უმეტესობაში, რომლებსაც სმენის მძიმე დაზიანება აღენიშნებათ.

ადამიანები, რომლებიც ყრუ-მუნჯთა საზოგადოებაში არიან გაერთიანებული, ხშირად ამაყობენ თავიანთი კულტურითა და კომუნიკაციის ალტერნატიული ფორმების ცოდნით. ბევრი მათგანი წინააღმდეგია სმენის დაზიანების აგრესიული მეთოდებით მკურნალობისა იმის საფუძველზე, რომ ეს ბავშვებს უკარგავს ამ საზოგადოებაში გაერთიანების შესაძლებლობას. ოჯახებმა, რომლებსაც სურთ ამ მიდგომების განხილვა, უნდა იმსჯელონ ამის შესახებ თავიანთ ექიმებთან.