ყურებსა და ცხვირში მოხვედრილი სხვადასხვა საგანი | მკურნალი.გე
  1. ყურებსა და ცხვირში მოხვედრილი სხვადასხვა საგანი
  2. ყურის, ცხვირისა და ყელის პათოლოგიები
  3. ბავშვთა ჯანმრთელობა
ყურებსა და ცხვირში მოხვედრილი სხვადასხვა საგანი

ბამბა, ფანქრის ნაწილები, ქაღალდი, ქვიშა, მარცვლები – ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ საგნებისა, რომლებსაც ბავშვები ყურებში ან ცხვირში იდებენ. ზოგჯერ ყურებში ან ცხვირში ძვრებიან მწერები და ძლიერ ტკივილს იწვევენ.

ყურებში: ყურში მოხვედრილი საგნები შეიძლება ამოღებულ იქნეს სტერილური წყლის ან მარილიანი წყლის ძლიერი ნაკადით გამორეცხვის გზით. გამოიყენება, ასევე, ამოსაქაჩი მოწყობილობა, ქირურგიული პინცეტი ან სხვა ინსტრუმენტები. ექიმებს მწერი ამოაქვთ ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ ან მინერალური ზეთის ყურში ჩასხმით, რომელიც კლავს მწერს, რის შედეგადაც ტკივილი მცირდება და მისი ამოღება უფრო ადვილია. მოზრდილ, შეშინებულ ბავშვებს შეიძლება, დასჭირდეთ სედატიური საშუალებების გაკეთება ან ზოგადი ანესთეზია ამ პროცედურების ჩასატარებლად.

ბასრმა საგნებმა, როგორიცაა ფანქარი, შეიძლება გახვრიტოს დაფის აპკი (perforate). პერფორაციის დროს საჭიროა ყურის სპეციალისტის კონსულტაცია, თუმცა, უმეტეს შემთხვევებში დაფის აპკი თავისთავად ხორცდება გარკვეული დროის გასვლის შემდეგ.

ცხვირში: უცხო საგნის შეტენვა ცხვირში განსაკუთრებული პრობლემაა, ვინაიდან მან შეიძლება ჩაკეტოს სასუნთქი გზები, გამოიწვიოს ინფექცია და გართულდეს საგნის ამოღება. ბავშვებს ხშირად ეშინიათ აღიარონ, რომ მათ ცხვირში რაღაც საგანი შეიტენეს. ბევრი მშობელი ამ პრობლემის შესახებ მოგვიანებით იგებს, როცა ბავშვს უვითარდება მუდმივად სისხლდენა, ცხვირიდან გამონადენი, ზოგჯერ სუნიანი, ან როცა ბავშვს ცხვირის ერთი მხრიდან სუნთქვის გაძნელება ეწყება.

ექიმები ამ დროს იყენებენ ადგილობრივ ანესთეზიას და ცდილობენ საგნის ამორეცხვას ან ამოღებას ქირურგიული პინცეტის გამოყენებით. თუ ეს მიდგომა უშედეგო აღმოჩნდება, ექიმები ბავშვებს უკეთებენ სედატიურ საშუალებას ან ზოგად ანესთეზიას და შემდეგ იღებენ ამ საგანს.