სწავლის უნარის დარღვევები | მკურნალი.გე
  1. სწავლის უნარის დარღვევები
  2. სწავლისა და განვითარების დარღვევები
  3. ბავშვთა ჯანმრთელობა
სწავლის უნარის დარღვევები

სწავლის უნარის დარღვევები მოიცავს სპეციფიკური უნარებისა და ინფორმაციის მიღების, შენარჩუნებისა და ფართოდ გამოყენების უუნარობას. ის გამოწვეულია ყურადღების, მეხსიერების ან მსჯელობის უნარის დეფიციტით და გავლენას ახდენს აკადემიურ მოსწრებაზე.

  • დარღვევის მქონე ბავშვები ძნელად იმახსოვრებენ ფერებისა და ასოების სახელებს, უჭირთ თვლა, კითხვისა და წერის სწავლა;

  • ბავშვებს ეძლევათ აკადემიური და ინტელექტუალური ტესტების მთელი სერია, რაც მომზადებულია სპეციალისტ-პედაგოგის მიერ;

  • მკურნალობა მოიცავს ბავშვის უნარებზე მორგებულ სასწავლო გეგმას.

სწავლის უნარების დარღვევები მნიშვნელოვნად განსხვავდება ინტელექტის შეზღუდვისგან (ადრე გონებრივი ჩამორჩენის სახელით მოიხსენებდნენ). ის გვხვდება ნორმალური ან მაღალი ინტელექტის მქონე ბავშვებშიც კი. სწავლის უნარების დარღვევისას მხოლოდ გარკვეული ფუნქციებია დაზიანებული, ინტელექტის შეზღუდვისას კი საქმე გვაქვს კოგნიტიური ფუნქციების მნიშვნელოვან დაზიანებასთან.

სწავლის უნარის დარღვევის სამი ძირითადი ტიპია:

  • კითხვის უნარის დაქვეითება

  • წერის უნარის დაქვეითება

  • მათემატიკის სწავლის უნარის დაქვეითება

ამდენად, სწავლის უნარის დარღვევის მქონე ბავშვს შეიძლება უჭირდეს მათემატიკის გაგება და სწავლა, მაგრამ კარგად სწავლობდეს კითხვას, წერას და სხვა საგნებს. სწავლის უნარის დარღვევიდან ყველაზე კარგადაა ცნობილი დისლექსია. სწავლის უნარის დარღვევები არ მოიცავს იმ დარღვევებს, რომლებიც დაკავშირებულია მხედველობის, სმენის, კოორდინაციის ან ემოციურ პრობლემებთან.

სწავლის უნარის დარღვევების გამომწვევი მიზეზები სრულად არ არის გაშიფრული, თუმცა ცხადია, რომ ის იმ ძირითადი პროცესების ანომალიის შედეგია, რაც საფუძვლად უდევს სამეტყველო ან წერით ენას ან ციფრობრივ და სივრცობრივ აზროვნებას.

სწავლის უნარის დარღვევის საკომპენსაციოდ, აშშ-ში სპეციფიკური საგანმანათლებლო მომსახურება სჭირდება სკოლის მოსწავლეთა 3-15%-ს. ვაჟები სწავლის უნარების დარღვევით 5-ჯერ სჭარბობენ გოგონებს, თუმცა გოგონებში ის ხშირად შეუმჩნეველი რჩება და სწავლის უნარის დარღვევად არ დიაგნოსტირდება.

ბევრი ბავშვი, რომელსაც ქცევითი პრობლემები აქვს, სკოლაში ცუდად სწავლობს და პედაგოგ-ფსიქოლოგის მიერ სწავლის უნარის დაქვეითების დასადგენად გამოიკვლევა. თუმცა, გარკვეული ტიპის სწავლის უნარის დარღვევის მქონე ზოგიერთი ბავშვი კარგად მალავს თავის დეფექტს, რაც სწორი დიაგნოზისგან და, შესაბამისად, მკურნალობისგან დიდი ხნის განმავლობაში თავის არიდების მიზეზი ხდება.

სიმპტომები

პატარა ბავშვები ძნელად სწავლობენ ფერებისა და ასოების სახელებს, უჭირთ ნაცნობი ობიექტების სახელების დამახსოვრება, თვლა და ადრეულ ასაკში შესაძენი სხვა უნარების ათვისება. კითხვისა და წერის სწავლა შენელებულია. სხვა სიმპტომებიდან აღსანიშნავია ყურადღების ხანმოკლე კონცენტრაცია და გაფანტულობა

(ყურადღების დეფიციტის/ჰიპერაქტიურობის სინდრომის იმიტაცია), მეტყველების შეფერხება და ხანმოკლე მეხსიერება. ბავშვებს შესაძლოა უჭირდეთ ისეთი აქტივობების შესრულება, რაც ნატიფ მოტორულ კოორდინაციას მოითხოვს, მაგ., ბეჭდვა და კოპირება.

სწავლის უნარების დარღვევის მქონე ბავშვებს შესაძლოა პრობლემები ჰქონდეთ კომუნიკაციაშიც. ზოგიერთი ბავშვი თავიდან წარუმატებელია და მოგვიანებით უვითარდება ისეთი ქცევითი პრობლემები, როგორიცაა ადვილად გაფანტულობა, ჰიპერაქტიურობა, საკუთარ თავში ჩაკეტილობა, მორცხვობა ან აგრესიულობა.

დიაგნოზი და მკურნალობა

ბავშვის ვერბალური და ინტელექტუალური უნარები იმ შემთხვევაში ფასდება, თუ ბავშვი არ კითხულობს ან ასაკის შესაბამისად ვერ სწავლობს. ასევე, უნდა შემოწმდეს სმენა და მხედველობა, ვინაიდან მათი პრობლემები გავლენას ახდენს კითხვისა და წერის უნარების განვითარებაზე.

ბავშვს ექიმი სრულ ფიზიკურ გამოკვლევას უტარებს. მას ეძლევა ტესტები ორივე – ვერბალური და არავერბალური – ინტელექტის შესაფასებლად და აკადემიური ტესტები კითხვის, წერისა და მათემატიკური უნარებისათვის. ხშირად ბავშვს ამ ტესტებს უტარებს სკოლის სპეციალისტი, მშობლის მოთხოვნით.

სწავლის უნარის დარღვევის სამკურნალოდ ყველაზე კარგია ბავშვის საჭიროებებზე ინდივიდუალურად მორგებული სასწავლო პროცესი. ხშირად იყენებენ ისეთ მეთოდებს, როგორებიცაა საკვები დანამატების გამორიცხვა, დიდი დოზით ვიტამინების მიცემა, ბავშვის გამოკვლევა მიკროელემენტებზე, თუმცა, მათი ეფექტიანობა დადასტურებული არ არის. აკადემიური მიღწევების, ინტელექტისა და სწავლის საერთო უნარების გაუმჯობესებაზე მნიშვნელოვანი ეფექტი არც ერთ წამალს არ აქვს. თუმცა, სწავლის უნარის დარღვევის მქონე ზოგ ბავშვს, ასევე, აქვს ყურადღების დეფიციტი/ჰიპერაქტიურობის სინდრომი. ასეთ შემთხვევაში გარკვეულმა წამლებმა, როგორიცაა მეთილფენიდატი, შესაძლოა გააუმჯობესოს ყურადღება და კონცენტრაცია, რაც ბავშვის სწავლის უნარს გააუმჯობესებს.

დისლექსია

დისლექსია კითხვის უნარის სპეციფიკური დარღვევაა, რომელიც გამოიხატება სიტყვათა ჯგუფიდან ცალკეული სიტყვისა და სიტყვის დამარცვლის სირთულეში.

  • დისლექსიის მქონე ბავშვმა შეიძლება ლაპარაკი გვიან დაიწყოს, ჰქონდეს არტიკულაციის პრობლემა, უჭირდეს ბგერების შეერთება ან სიტყვაში მათი იდენტიფიცირება;

  • გამოიყენება აკადემიური მოსწრებისა და ინტელექტის შესაფასებელი ტესტები;

  • მკურნალობა მოიცავს სიტყვის ამოცნობის პირდაპირ ინსტრუქციას.

დისლექსია სწავლის უნარის დარღვევის განსაკუთრებული ფორმაა, რომელიც ბავშვთა 3-5%-ში ვლინდება. უფრო მეტად ვლინდება ბიჭებში, ვიდრე გოგონებში. ის ხშირად შეიძლება შეუმჩნევლადაც განვითარდეს, უფრო მეტად გოგონებში. დისლექსიას ოჯახური განვითარება ახასიათებს.

დისლექსიის დროს ტვინს უჭირს ბგერებისა და სიმბოლოების (ასოების) ერთმანეთთან დაკავშირება. ამ სირთულის გამომწვევი მიზეზი კარგად არ არის გაგებული და ტვინში არსებული კავშირების გარკვეულ პრობლემებს მოიცავს. პრობლემები დაბადებისთანავე ვლინდება და შეიძლება მოიცავდეს დამარცვლისა და წერით შეცდომებს. ხმამაღალი კითხვის დროს შეზღუდულია სისწრაფე და სიზუსტე. მართალია, ასოების შებრუნება, რაც ხშირად გვხვდება დისლექსიის მქონე ბავშვებში, ვიზუალურ პრობლემებზე მიუთითებს, დისლექსიის დროს პრობლემები უმეტეს შემთხვევაში ბგერების აღქმასთანაა დაკავშირებული. დისლექსიის მქონე ადამიანებს არ აქვთ სხვისი ლაპარაკის გაგების პრობლემა.

სიმპტომები და დიაგნოზი

დისლექსიის მქონე სკოლამდელი ასაკის ბავშვმა ლაპარაკი შეიძლება გვიან დაიწყოს, ჰქონდეს მეტყველების არტიკულაციის პრობლემები და ვერ იმახსოვრებდეს ასოების სახელებს, ციფრებსა და ფერებს. დისლექსიის მქონე ბავშვებს ხშირად არ შეუძლიათ ბგერების შეერთება, სიტყვების გარითმვა, სიტყვაში ბგერების ადგილმდებარეობის შეცნობა, სიტყვების ბგერებად დაყოფა და სიტყვაში ბგერების რაოდენობის ამოცნობა. დისლექსიის პირველი მაჩვენებელი შეიძლება იყოს გვიანი პასუხი და ყოყმანი სიტყვების შერჩევისას, ასევე, სიტყვის ჩანაცვლებისას, ასოებისა და სურათების დასახელებისას. ხშირია ბგერებთან და ბგერების სწორ გამოყენებასთან დაკავშირებული მოკლე მეხსიერება.

დისლექსიის მქონე ბევრ ბავშვს მსგავსი ასოები და სიტყვები ერთმანეთში ერევა. წერის დროს ადგილს უცვლის ასოებს – ნიმუშისთვის: "არ"-ს ნაცვლად წერს "რა"-ს, ან ერევა ასოები, მაგალითად, ხშირია ხ და ძ, შ და წ, ი და ა, ე და ქ ასოების ერთმანეთში არევა. თუმცა, ბევრია ისეთი ბავშვიც, რომელსაც არ აქვს დისლექსია, მაგრამ ბაღში ან პირველ კლასში ადგილს უცვლის ასოებს.

დისლექსიაზე უნდა შემოწმდნენ ის ბავშვები, რომელთა მიერ სიტყვის დასწავლის უნარები არ პროგრესირებს სწავლების პირველი წლის შუა ან ბოლო პერიოდისთვის. ტესტირება, როგორც წესი, ხდება სკოლის პერსონალის მიერ და ტარდება ინტელექტის ან აკადემიური უნარ-ჩვევების შესაფასებელი ტესტით.

მკურნალობა

სიტყვის აღქმისთვის საუკეთესო სამკურნალო საშუალებაა ისეთი ინსტრუქციით სწავლება, რომელიც მულტისენსორულ მიდგომებს აერთიანებს. ამ ტიპის მკურნალობა მოიცავს ცალკე აკუსტიკის სწავლებას, განსხვავებული რეპლიკებით და, შესაძლებლობისამებრ, ამის კეთებას კითხვის პროგრამის ნაწილად.

სასარგებლოა, ასევე სიტყვის აღქმის არაპირდაპირი ინსტრუქციის გამოყენება. ეს ინსტრუქცია მოიცავს სიტყვის გამოთქმის ან წაკითხულის გაგების გასაუმჯობესებელ ტრენინგებს. ბავშვები სწავლობენ ბგერების დამუშავებას – სიტყვის შესადგენად ბგერების შეერთებას, სიტყვების სეგმენტებად დაყოფას და სიტყვაში ბგერის პოზიციის ცნობას.

სიტყვის აღქმისთვის სასარგებლოა, ასევე, ვარჯიშის უნარ-ჩვევის კომპონენტი. ის მოიცავს ვარჯიშებს ბგერების შეერთებით სიტყვის შედგენაზე, სიტყვის შემადგენელი ნაწილების გამოყოფაზე და სიტყვაში ბგერების პოზიციის ამოცნობაზე.

დისლექსიის მქონე ბავშვის ზრდასთან ერთად შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს კომპენსატორული სტრატეგია. ეს სტრატეგია მოიცავს აუდიოწიგნების, კომპიუტერის ეკრანის წამკითხველის (ეს ფუნქცია აქვს ბევრ კომპიუტერს) და სხვა ადაპტაციური ტექნოლოგიების გამოყენებას.

სიტყვის ამოცნობის სავარჯიშოებისგან განსხვავებულია არაპირდაპირი მკურნალობა. მისი გამოყენება შესაძლებელია, თუმცა არ არის რეკომენდებული. არაპირდაპირი მკურნალობა მოიცავს ფერადი ლინზების გამოყენებას, რომელიც სიტყვებსა და ასოებს უფრო მარტივად წასაკითხს ხდის, თვალის მოძრაობის ვარჯიშებს ან ვიზუალურ შემეცნებით ტრენინგს. სამკურნალოდ ცდიან ასევე წამალს – პირაცეტამს. არაპირდაპირი მკურნალობის სარგებელი დამტკიცებული არაა. მან შესაძლოა გააჩინოს არარეალური მოლოდინი და დააგვიანოს სწავლების ის მეთოდი, რაც აუცილებელია.