1. ბავშვთა ასაკის შიზოფრენია
  2. ფსიქიკური სფეროს დაავადებები
  3. ბავშვთა ჯანმრთელობა
ბავშვთა ასაკის შიზოფრენია

ბავშვთა ასაკის შიზოფრენია ქრონიკული დაავადებაა, რომელიც მოიცავს პათოლოგიურ ფიქრებს, შეგრძნებებსა და სოციალურ ქცევებს.

  • შიზოფრენია, სავარაუდოდ, გამოწვეულია თავის ტვინში მიმდინარე ბიოქიმიური დარღვევებითა და ტვინის განვითარების პროცესზე მოქმედი სხვადასხვა ფაქტორით;

  • მოზარდები ცდილობენ იზოლაციას, ავლენენ უჩვეულო ემოციებს, ჩვეულებრივ, აქვთ ჰალუცინაციები, ბოდვები და პარანოია;

  • ექიმები, სხვა შესაძლო მიზეზების გამორიცხვის მიზნით, კვლევებს ატარებენ;

  • ეფექტიანია ანტიფსიქოზური საშუალებები, ხოლო კონსულტირება ეხმარება მოზარდებსა და მათი ოჯახის წევრებს დაავადების მართვაში.

შიზოფრენია ბავშვთა ასაკში ძალზე იშვიათია. იგი, ძირითადად, გვიანი მოზარდობისა და ადრეული მოზრდილობის პერიოდში ვითარდება. თუ შიზოფრენია ბავშვობის ასაკიდან განვითარდა, იგი, ჩვეულებრივ, 7 წლის ასაკსა და მოზარდობის პერიოდს შორის ვლინდება.

დაავადება, სავარაუდოდ, თავის ტვინში მიმდინარე ბიოქიმიური დარღვევებითა და ტვინის განვითარების პროცესზე მოქმედი პრობლემებითაა გამოწვეული. ექიმებმა არ იციან, თუ რა იწვევს აღნიშნულ დარღვევებს. თუმცა ექსპერტები თანხმდებიან იმაზე, რომ დაავადებას გენეტიკური განწყობა აქვს და მისი მიზეზი ცუდი აღზრდა ან ბავშვობის პერიოდის სირთულეები არაა.

სიმპტომები

შიზოფრენიის მქონე ბავშვები, ჩვეულებრივ, იზოლაციას ცდილობენ და კარგავენ ინტერესებს სხვადასხვა აქტივობებისადმი. შეცვლილია აზროვნება და აღქმა. აღნიშნული სიმპტომები მდგომარეობის გაუარესებამდე გრძელდება. ისევე, როგორც მოზრდილებს, შიზოფრენიის მქონე ბავშვებს შესაძლებელია განუვითარდეთ ჰალუცინაციები, ბოდვითი იდეები და პარანოია, ხშირად აქვთ შიში, რომ სხვები მათთვის ზიანის მიყენებას გეგმავენ ან ცდილობენ მათი ფიქრების მართვას. ემოციები რამდენადმე დაჩლუნგებულია. ხმა და სახის გამომეტყველება ემოციის საპასუხოდ არ იცვლება. ისეთი ფაქტები, რომლებიც ნორმალურად სიცილის ან ტირილის გამომწვევია, აღნიშნული დაავადების დროს უპასუხოდ რჩება.

მოზარდებს შორის აკრძალული საშუალებების გამოყენებამ შიზოფრენიის მსგავსი სიმპტომები შეიძლება გამოიწვიოს.

დიაგნოზი

შიზოფრენიისათვის სპეციფიკური დიაგნოსტიკური კვლევა არ არსებობს. ექიმი დიაგნოზს სიმპტომების სრულყოფილი შეფასებისა და ფსიქოლოგიური ტესტების ჩატარებით სვამს. ასევე ტარდება კვლევები სხვა ისეთი დაავადებების (როგორიცაა მედიკამენტების ბოროტად გამოყენება ან თავის ტვინის სიმსივნე) გამოსავლენად, რომლებმაც შესაძლოა მსგავსი სიმპტომები გამოიწვიოს.

მკურნალობა

შიზოფრენიის განკურნება შეუძლებელია, თუმცა ჰალუცინაციებისა და ბოდვის მართვა შესაძლებელია სპეციალური ანტიფსიქოზური საშუალებებით, როგორებიცაა ჰალოპერიდოლი, ოლანზაპინი, ქვეტიაპინი და რისპერიდონი. ბავშვები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან ანტიფსიქოზური საშუალებების გვერდითი ეფექტებისადმი. გვერდითი ეფექტები შეიძლება მოიცავდეს კანკალს, მოძრაობის შენელებას, მოძრაობის დარღვევებსა და მეტაბოლურ სინდრომს (რომელიც მოიცავს სიმსუქნეს, ტიპი 2 შაქრიან დიაბეტს და სისხლში ცხიმების პათოლოგიურ მატებას).

მნიშვნელოვანია სოციალური უნარების სწავლება, შრომისუნარიანობის აღდგენა და ფსიქოლოგიური და საგანმანათლებლო მხარდაჭერა ბავშვისათვის და ოჯახის წევრების კონსულტირება, რომლებიც დაავადებასთან და მის შედეგებთან გამკლავებას ცდილობენ. ექიმები ბავშვს თითქმის ყოველთვის ფსიქიატრთან ამისამართებენ, რომელსაც სპეციალიზაცია გავლილი აქვს პედიატრიული მიმართულებით.

სიმპტომების გაუარესების შემთხვევაში, ბავშვის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და წამლების დოზების დასაზუსტებლად, შესაძლებელია საჭირო გახდეს ბავშვის ჰოსპიტალიზაცია.