დეპრესია (ფსიქიკური სფეროს დაავადებები) | მკურნალი.გე
  1. დეპრესია (ფსიქიკური სფეროს დაავადებები)
  2. ფსიქიკური სფეროს დაავადებები
  3. ბავშვთა ჯანმრთელობა
დეპრესია (ფსიქიკური სფეროს დაავადებები)

დეპრესია გამოხატული მწუხარებისა და გაღიზიანებადობის შეგრძნებაა, რომელიც გავლენას ახდენს ყოველღიური ფუნქციების შესრულებაზე. იგი შესაძლებელია განვითარდეს ახლობელი ადამიანის დაკარგვის ან სხვა სამწუხარო შემთხვევის გამო, თუმცა ემოციების გამოხატულება არაპროპორციულია და დროის გარკვეულ პერიოდზე მეტად ხანგრძლივდება.

  • დეპრესიის განვითარებას ხელს უწყობს ფიზიკური დაავადებების არსებობა, ცხოვრებისმიერი გამოცდილება და მემკვიდრეობითი განწყობა;

  • დაავადებული ბავშვი ან მოზარდი მოწყენილია, კარგავს გარემოსადმი ინტერესს, შენელებული ან ზედმეტად აქტიური, აგრესიული და გაღიზიანებულია;

  • ექიმი დიაგნოზს ბავშვის, მშობლის ან მასწავლებლის მიერ გადმოცემული სიმპტომების მიხედვით და სპეციალური ტესტების ჩატარებით სვამს, რომლებიც ეხმარება დაავადების გამომწვევი სხვა მიზეზების დაზუსტებაში;

  • მოზარდებისათვის, ჩვეულებრივ, ყველაზე ეფექტიანია ფსიქოთერაპიისა და ანტიდეპრესანტების კომბინაცია, ხოლო მცირე ასაკის ბავშვებთან თავდაპირველად მხოლოდ ფსიქოთერაპიის ჩატარებას ცდილობენ.

მწუხარება და უიმედობის განცდა ხშირი ადამიანური ემოციაა, განსაკუთრებით, სამწუხარო სიტუაციების დროს. ბავშვებისა და მოზარდებისათვის ამგვარი სამწუხარო სიტუაცია შესაძლოა იყოს მშობლის გარდაცვალება, განქორწინება, მეგობართან განშორება, სკოლასთან შეგუების გაძნელება და მეგობრების შეძენასთან დაკავშირებული სირთულეები. თუმცა მწუხარების შეგრძნება ზოგჯერ არაპროპორციულად ძლიერია ან მოსალოდნელზე მეტხანს გრძელდება. ასეთ შემთხვევაში, განსაკუთრებით, როდესაც შეგრძნებები აძნელებს ყოველდღიური აქტივობების შესრულებას, ბავშვს შესაძლოა დეპრესია ჰქონდეს. მოზრდილების მსგავსად, ზოგი ბავშვი დეპრესიულია სამწუხარო ცხოვრებისეული შემთხვევის არარსებობის მიუხედავად. ასეთ ბავშვების ოჯახის წევრებს შორის ხშირია გუნება-განწყობის პათოლოგიები (ოჯახური ისტორია). დეპრესია ბავშვების 2%-სა და მოზარდების 5%-ში აღინიშნება.

ექიმებმა დეპრესიის გამომწვევი მიზეზები დაზუსტებით არ იციან, თუმცა, სავარაუდოდ, პროცესში ბიოქიმიური დარღვევები მონაწილეობს. დეპრესიის განვითარებისადმი მიდრეკილება, გარკვეულწილად, გენეტიკურადაა განპირობებული. ხელშემწყობია ფაქტორების კომბინაცია, როგორებიცაა ცხოვრებისეული გამოცდილება და გენეტიკური მიდრეკილება (მოწყვლადობა). ცალკეულ შემთხვევაში მიზეზია სხვა დაავადებების არსებობა, როგორიცაა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეთება, ან სამკურნალო საშუალებების ბოროტად გამოყენება.

სიმპტომები

ისევე, როგორც მოზრდილებს შორის, დეპრესიის სიმძიმე ბავშვებში განსხვავებულია.

ბავშვებს, ტიპურ შემთხვევაში, აქვთ მწუხარების ან გაღიზიანების გადაჭარბებული შეგრძნება, უსარგებლობის განცდა ან დანაშაულის გრძნობა, კარგავენ ინტერესს იმ აქტივობებისადმი, რომლებიც, ჩვეულებრივ, სიამოვნებას ანიჭებდათ მათ, მაგალითად, სპორტული თამაშობები, ტელევიზორის ყურება, ვიდეოთამაშები ან მეგობრებთან ერთად თამაში. ბავშვი შესაძლოა აღნიშნავდეს გამოხატულ მოწყენილობას. მრავალი მათგანი, ასევე, უჩივის ფიზიკურ პრობლემებს, როგორიცაა კუჭისა და თავის ტკივილი.

მადა შეიძლება გაძლიერდეს ან, პირიქით, შემცირდეს, რაც ხშირად წონის შესაბამის ცვლილებას განაპირობებს. ძილი, ჩვეულებრივ, დარღვეულია. ბავშვს შესაძლოა ჰქონდეს უძილობა, მომატებული ძილიანობა ან ტანჯავდეს ღამის კოშმარები.

დეპრესიული ბავშვები, ხშირად უენერგიო ან ფიზიკურად პასიურები არიან. თუმცა, ცალკეულ შემთხვევებში, განსაკუთრებით, მცირე ასაკის ბავშვები, გარეგნულად საპირისპირო სიმპტომებს ავლენენ, როგორიცაა ზედმეტი აქტიურობა და აგრესიულობა, გაღიზიანებული ქცევა. ზოგი ბავშვი უფრო მეტად გაღიზიანებულია, ვიდრე დამწუხრებული.

სიმპტომები გავლენას ახდენს აზროვნებასა და ყურადღების კონცენტრაციის უნარზე და, შესაბამისად, სკოლაში ასეთი ბავშვის აკადემიური მოსწრება, ჩვეულებრივ, დაბალია. ბავშვს შესაძლოა სუიციდური ფიქრები, ფანტაზიები ან მცდელობა ჰქონდეს.

დიაგნოზი

დეპრესიის დიაგნოზისათვის ექიმები ინფორმაციის რამდენიმე წყაროს ეყრდნობიან. ესენია ბავშვის ან მოზარდის გამოკითხვა, ინფორმაციის მოძიება მშობლებისა და მასწავლებლებისგან.

დეპრესიისა და სამწუხარო ფაქტზე ნორმალური რეაქციის ერთმანეთისაგან განსასხვავებლად, ზოგჯერ ექიმი სტრუქტურიზებულ კითხვარს იყენებს. ექიმი, ასევე, ცდილობს, განასხვაოს, დეპრესის განვითარებას ხელს ხომ არ უწყობს ოჯახური ან სოციალური სტრესი. სპეციფიკური კითხვები ისმება სუიციდური ქცევის, ფიქრებისა და სუიციდური ფიქრების თაობაზე.

ტარდება კვლევები ისეთი დაავადებების გამოსავლენად, როგორიცაა ფარისებური ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა, ან მედიკამენტების ბოროტად გამოყენება, რაც შესაძლოა დეპრესიის მიზეზი იყოს.

მკურნალობა

მკურნალობა დამოკიდებულია სიმპტომების სიმძიმეზე. ნებისმიერი ბავშვი, რომელსაც სუიციდური ფიქრები აქვს, გამოცდილი ფსიქიატრის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იმყოფებოდეს. თუ სუიციდის რისკი საკმაოდ მაღალია, ბავშვის უსაფრთხოების მიზნით, საჭიროა, მისი ხანმოკლე დროით კლინიკაში მოთავსება.

მოზარდების უმრავლესობისათვის უფრო ეფექტიანია ფსიქოთერაპიისა და მედიკამენტური მკურნალობის კომბინაცია, ვიდრე ცალკე აღებული რომელიმე მათგანი. თუმცა მცირე ასაკის ბავშვებში, თავდაპირველად, შესაძლებელია სცადონ მხოლოდ ფსიქოთერაპია და მედიკამენტები საჭიროების შემთხვევაში გამოიყენონ. ასევე, ეფექტიანია ინდივიდუალური ფსიქოთერაპია, ჯგუფური და ოჯახური თერაპია.

სპეციალური ხელოვნური სინათლის გამოყენება (ფოტოთერაპია) შესაძლებელია ეფექტიანი იყოს სეზონური დეპრესიის შემთხვევაში. გვიან შემოდგომასა და ზამთარში დღის სინათლის შემცირება ჰორმონულ ცვლილებებს იწვევს, რაც ხელს უწყობს დეპრესიის განვითარებას. ფოტოთერაპია ყველაზე ხშირად გამოიყენება, წამლებთან ან ფსიქოთერაპიასთან ერთად, ბავშვებსა და მოზარდებს შორის, რომელთაც დეპრესიის ეპიზოდები ზამთარში უვითარდებათ.

ანტიდეპრესანტები ეხმარება თავის ტვინში მიმდინარე ბიოქიმიური დარღვევების გამოსწორებას. სელექციური სეროტონინის უკუტაცების ინჰიბიტორები (სსუი), როგორებიცაა ფლუოქსეტინი, სერტრალინი და პაროქსეტინი, ბავშვებსა და მოზარდებს შორის, დეპრესიის დროს ყველაზე ხშირად გამოყენებული საშუალებებია. ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, როგორიცაა იმიპრამინი, გაცილებით დაბალეფექტიანია ბავშვებს შორის, ვიდრე მოზრდილებში, და უფრო მეტი გვერდითი ეფექტებიც აქვს, ამიტომ ისინი ბავშვებში იშვიათად გამოიყენება.

ანტიდეპრესანტები და სუიციდი: ბოლო პერიოდში არსებობდა გარკვეული მოსაზრება, რომ ანტიდეპრესანტები ბავშვებსა და მოზარდებს შორის, განსაკუთრებით დანიშვნიდან პირველი კვირების განმავლობაში, იწვევს სუიციდური აზრებისა და ქცევის გაძლიერებას. აღნიშნული მოსაზრების გამო, ანტიდეპრესანტების გამოყენებამ ბავშვებს შორის რამდენადმე იკლო. თუმცა, მათი გამოყენების შემცირებასთან ერთად, გაიზარდა სუიციდით გამოწვეული სიკვდილიანობის სიხშირე, ალბათ, იმიტომ, რომ ზოგ ბავშვთან დეპრესიის მკურნალობა სათანადოდ არ ტარდებოდა. ზოგიერთი ექსპერტის მოსაზრებით, ანტიდეპრესანტები დასაწყისში, სანამ დეპრესიის სიმპტომები შემსუბუქდება, აღგზნებისა და შფოთვის გაძლიერებას იწვევენ. აღნიშნულ პერიოდში, ბავშვები და მოზარდები შესაძლოა უფრო მეტს საუბრობდნენ სუიციდურ შეგრძნებებზე და მცდელობაც კი ჰქონდეთ. თუმცა, დეპრესიის შემცირებისთანავე, ბავშვებში სუიციდის მცდელობა იკლებს. ტარდება კვლევები აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა ექიმები თანხმდებიან, რომ დეპრესიის მქონე ბავშვებისათვის მედიკამენტური მკურნალობა სასარგებლოა, მაგრამ ოჯახის წევრები ყურადღებით უნდა იყვნენ სიმპტომების გაუარესებისა და სუიციდური ფიქრების გამოვლინებისადმი.