1. სუიციდური ქცევა (ფსიქიკური სფეროს დაავადებები)
  2. ფსიქიკური სფეროს დაავადებები
  3. ბავშვთა ჯანმრთელობა
სუიციდური ქცევა (ფსიქიკური სფეროს დაავადებები)

სუიციდური ქცევა არის საკუთარი თავის დაზიანების მიზნით ჩადენილი ქმედება და მოიცავს თვითმკვლელობის იმიტაციას, მცდელობას ან განხორციელებას.

  • სტრესული შემთხვევის არსებობამ, შესაძლებელია, ხელი შეუწყოს თვითმკვლელობის მცდელობას ფსიქიკური დაავადების დროს, მაგალითად, დეპრესიის მქონე ბავშვებს შორის;

  • თვითმკვლელობის რისკის დროს ბავშვი შესაძლოა იყოს დეპრესიული, მშფოთვარე, აქტივობებისაგან იზოლირებული, საუბრობდეს სიკვდილთან დაკავშირებულ საგნებზე ან უეცრად იცვლიდეს ქცევას;

  • ოჯახის წევრები და მეგობრები თვითმკვლელობის ყოველგვარ საფრთხეს ან მცდელობას განსაკუთრებული სერიოზულობით უნდა მიუდგნენ;

  • სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა უნდა შეაფასონ, თუ რამდენად სერიოზულია თვითმკვლელობის რისკი;

  • მკურნალობა მოიცავს ჰოსპიტალიზაციას – მაღალი რისკის შემთხვევაში, მედიკამენტების დანიშვნას ფსიქიკური დაავადებების მკურნალობის მიზნით და როგორც ინდივიდუალურ, ისე ოჯახის კონსულტირებას.

თვითმკვლელობა იშვიათია სქესობრივი მომწიფების პერიოდამდე და განსაკუთრებით პრობლემურია მოზარდობის, 15-დან 19 წლამდე ასაკში და მოზრდილობისას. თუმცა, შესაძლოა ბავშვს მოზრდილობის პერიოდამდეც ჰქონდეს თვითმკვლელობის ჩადენის მცდელობა და ეს პრობლემა შეუმჩნეველი არ უნდა დარჩეს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში, მოზარდებს შორის თვითმკვლელობა სიკვდილიანობის წამყან მიზეზებს შორის მეორე ან მესამე ადგილზეა, რაც წლის განმავლობაში 2000 სიკვდილის შემთხვევაა. ასევე, სავარაუდოა, რომ უბედურ შემთხვევებთან დაკავშირებული სიკვდილი, როგორიცაა ავტოსაგზაო შემთხვევა ან ცეცხლნასროლი ჭრილობის შედეგად განვითარებული – თვითმკვლელობით გამოწვეული შეიძლება იყოს.

სულ უფრო მეტ ახალგაზრდას აქვს თვითმკვლელობის მცდელობა. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევით, გამოვლინდა, რომ სტუდენტების 28%-ს აქვს სუიციდური აზრები და 8,3%-ს ჰქონდა თვითმკვლელობის მცდელობა. ხშირად, თვითმკვლელობის მცდელობა რამდენადმე ამბივალენტურია, ადამიანს სურვილი აქვს მოკვდეს, თუმცა, ამავე დროს, საშველად შეიძლება უხმობდეს ვინმეს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში, მოზარდებში თვითმკვლელობის განხორციელების შემთხვევები ვაჟებს შორის აღემატება გოგონებისას, თანაფარდობით 4:1, თუმცა გოგონებს შორის 2-3-ჯერ ხშირია თვითმკვლელობის მცდელობა.

თვითმკვლელობის ჟესტიკულაცია თვითდაზიანების ქმედებაა, რომელიც დიდი ალბათობით სიკვდილს არ გამოიწვევს, მაგალითად, ვიტამინების დიდი დოზებით მიღება.

რისკფაქტორები

არსებობს ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობს სუიციდური ფიქრების თვითმკვლელობის მცდელობად რეალიზაციას. ძალიან ხშირად, ასეთია არსებული ფსიქიკური დაავადებები და სტრესული ფაქტები, რომლებიც ქცევის პროვოცირებას იწვევს. სტრესულ ფაქტორებს მიეკუთვნება:

  • საყვარელი ადამიანის გარდაცვალება

  • სუიციდის შემთხვევა სკოლაში ან თანატოლების სხვა ჯგუფში

  • მეგობარი მამაკაცის ან ქალის დაკარგვა

  • ოჯახური გარემოსგან (როგორიცაა სკოლა ან სამეზობლო) ან მეგობრებისგან მოშორება

  • დამცირება ოჯახის წევრების ან მეგობრების მხრიდან

  • ბულინგი (დაშინება) სკოლაში

  • სკოლაში წარუმატებლობა

  • პრობლემები სამართალდამცავ ორგანოებთან

ამგვარი სტრესული შემთხვევები ბავშვებს შორის საკმაოდ ხშირია, თუმცა, თუ რაიმე ფსიქიკური პრობლემა არ ახლავს თან, იგი იშვიათად იწვევს სუიციდურ ქცევას. თანმხლები პრობლემები ყველაზე ხშირადაა:

  • დეპრესია: დეპრესიის მქონე მოზარდს აქვს უიმედობისა და უმწეობის განცდა, რაც აფერხებს სათანადო, ალტერნატიული გადაწყვეტილების მიღებას პრობლემის აღმოცენებისას.

  • ალკოჰოლის ან სამკურნალო საშუალებების ბოროტად გამოყენება: ალკოჰოლის ან სამკურნალო საშუალებების გამოყენება თრგუნავს სახიფათო ქმედებების დროს თავშეკავების უნარს და ხელს უშლის შედეგების გაანალიზებას.

  • იმპულსური ქმედება: მოზარდები, განსაკუთრებით ისინი, ვისაც ქცევის ზოგადი დარღვევები აქვთ, შესაძლოა მოქმედებდნენ დაფიქრების გარეშე.

ბავშვები ან მოზარდები, რომელთაც თვითმკვლელობის მცდელობა ჰქონდათ, ზოგჯერ ოჯახის წევრებზე ან მეგობრებზე გაბრაზებულნი არიან, ვერ უმკლავდებიან აღშფოთებას და აგრესია საკუთარ თავის მიმართ უჩნდებათ. უჩნდებათ, ასევე, სხვების მანიპულირების ან დასჯის სურვილი ("ინანებენ ჩემი გარდაცვალების შემდეგ").

ზოგჯერ თვითმკვლელობის ქცევა სხვების საქციელის მიბაძვაა. მაგალითად, გახმაურებულ შემთხვევებს, როგორიცაა ცნობილი ადამიანის მიერ ჩადენილი თვითმკვლელობა, ხშირად მოსდევს სხვა თვითმკვლელობები ან თვითმკვლელობის მცდელობები. მიმბაძველობით განხორციელებული შემთხვევები უფრო სკოლებში აღინიშნება. თვითმკვლელობა ხშირია ოჯახებში, სადაც ხასიათის დარღვევებთან დაკავშირებული დაავადებებია გავრცელებული, განსაკუთრებით, სუიციდის ან სხვა ძალადობრივი შემთხვევის ოჯახური ისტორიაა.

დიაგნოზი

მშობლებმა, ექიმებმა, მასწავლებლებმა და მეგობრებმა შეიძლება გამოავლინონ ის ბავშვები, რომელთანაც მოსალოდნელია სუიციდის მცდელობა, განსაკუთრებით, იმ ბავშვებს შორის, რომელთაც ბოლო პერიოდში ქცევის ცვლილება აღენიშნებათ. ხშირად, ბავშვები და მოზარდები მხოლოდ თანატოლს ენდობიან. ასეთი თანატოლი უნდა წაახალისონ და აუხსნან, რომ არ დამალოს საიდუმლო, რომელმაც სუიციდით ტრაგიკული გარდაცვალება შეიძლება გამოიწვიოს. მომატებული რისკის ქვეშ არიან ბავშვები, რომლებიც ღიად გამოხატავენ სუიციდურ აზრებს, მაგალითად, "ნეტავი არ დავბადებულიყავი" ან "ნეტავ, დავიძინო და აღარ გავიღვიძო", თუმცა, ასევე, რისკი აქვთ ისეთი ნიშნების მქონე ბავშვებსაც, როგორიცაა სოციალური იზოლაცია, სწავლაში ჩამორჩენა ან საყვარელ ნივთებთან განშორება. ჯანდაცვის პროფესიონალებს ორი მნიშვნელოვანი ფუნქცია ენიჭებათ: სუიციდური მიდრეკილების მქონე ბავშვის უსაფრთხოების შეფასება, კლინიკაში მოთავსების საჭიროების განსაზღვრა და ძირითადი დაავადებების მკურნალობა, როგორიცაა, მაგალითად, დეპრესია ან სამკურნალო საშუალებების ბოროტად გამოყენება.

პრევენცია

რისკის მქონე ბავშვებისათვის სტრესის განმაპირობებელი მნიშვნელოვანი საკითხების გამოვლენა სუიციდური ფიქრების თაობაზე პირდაპირი კითხვების დასმითაა შესაძლებელი. აღნიშნული საკითხების გამოვლენა, თავის მხრივ, სათანადო ჩარევას მოითხოვს. მრავალ თემში ხელმისაწვდომია 24-საათიანი კრიზისული ცხელი ხაზი, რომლის საშუალებითაც ავადმყოფს დაუყოვნებელ კონსულტაციას გაუწევს და შემდგომი ზრუნვისათვის დახმარებას შესთავაზებს თანამგრძნობი პირი. მართალია, რთულია იმის მტკიცება, აღნიშნული სერვისის საშუალებით რამდენად მცირდება სუიციდით გამოწვეული სიკვდილიანობის შემთხვევები, თუმცა, ისინი ეხმარებიან ბავშვებსა და ოჯახებს შესაბამისი რესურსების მისაწვდომობაში.

მკურნალობა

ბავშვს, რომელსაც თვითმკვლელობის მცდელობა ჰქონდა, სასწრაფო შეფასება ესაჭიროება კლინიკის გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში. თვითმკვლელობის ნებისმიერი მცდელობა სერიოზულად უნდა იქნას მიღებული, რადგან სუიციდის განხორცილების შემთხვევების მესამედში, წარსულში თვითმკვლელობის მცდელობაა დაფიქსირებული – მაგალითად, ზედაპირული ნაკაწრები მაჯებზე ან აბების დალევა. როდესაც მშობლები ან მომვლელები არშემდგარი სუიციდის მცდელობას მნიშვნელობას არ ანიჭებენ და უყურადღებოდ ტოვებენ, ბავშვმა აღნიშნული რეაქცია გამოწვევად შეიძლება ჩათვალოს, რის გამოც შემდგომი სუიციდის მცდელობის რისკი იმატებს.

სიცოცხლის საფრთხის არიდების შემდეგ, ექიმი იღებს გადაწყვეტილებას ბავშვის კლინიკაში მოთავსების თაობაზე. გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებულია სახლში დატოვების შემთხვევაში რისკის ხარისხსა და ოჯახის შესაძლებელობაზე – გაუწიოს ბავშვს მხარდაჭერა და უზრუნველყოს მისი ფიზიკური უსაფრთხოება. სუიციდის მცდელობის სერიოზულობა დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე:

  • მცდელობა წინასწარ იყო დაგეგმილი თუ სპონტანურად განხორციელებული. მაგალითად, თვითმკვლელობის მცდელობის თაობაზე შეტყობინების დატოვება დაგეგმილ ქმედებაზე მიუთითებს;

  • რამდენად შენიღბულია ქმედება;

  • რა მეთოდია გამოყენებული – მაგალითად, იარაღის გამოყენების შემთხვევაში უფრო მაღალია გარდაცვალების ალბათობა, ვიდრე აბების მიღების დროს;

  • არის თუ არა რაიმე სახის დაზიანება რეალურად მიყენებული.

კრიტიკული მნიშვნელობა აქვს განზრახვისა და რეალური შედეგის ერთმანეთისაგან განსხვავებას. მაგალითად, როცა მოზარდები იღებენ შედარებით უსაფრთხო აბებს, რადგან მათ სასიკვდილოდ თვლიდნენ, უკიდურეს რისკად უნდა ჩაითვალოს.

თუ ჰოსპიტალიზაცია საჭირო არაა, ბავშვის ოჯახმა უნდა უზრუნველყოს ცეცხლსასროლი იარაღის სახლიდან გატანა, ასევე, მედიკამენტებისა და მჭრელი ნივთების გატანა ან საგულდაგულოდ ჩაკეტვა. ამგვარი ღონისძიებების მიუხედავად, თვითმკვლელობის პრევენცია ძალზე ძნელია და მისი წარმატებული პრევენციის გზები შემუშავებული არაა.

სუიციდის შემთხვევაში: ბავშვის ან მოზარდის ოჯახის წევრებს, რომელმაც თვითმკვლელობა განახორციელა, მძიმე რეაქცია აქვთ ფაქტთან დაკავშირებით. ისინი განიცდიან ძლიერ მწუხარებას, დანაშაულის შეგრძნებასა და დეპრესიას. შეიძლება ჰქონდეთ უსარგებლობის შეგრძნება, მოწყდნენ ყოველგვარ აქტივობას და იტანჯებოდნენ. შესაძლოა გაუჭირდეთ ცხოვრებასთან შეგუება. კონსულტირების დახმარებით, შესაძლებელია მათთვის სუიციდის ფსიქიატრიული შინაარსისა და ზიანის ახსნა და იმ სირთულეების გაგება, რაც ბავშვს თვითმკვლელობის ჩადენამდე ჰქონდა. ამის შედეგად, ოჯახის წევრებმა შესაძლოა გაითავისონ, რომ სუიციდი მათი ბრალი არაა.