ქცევის აშლილობები | მკურნალი.გე
  1. ქცევის აშლილობები
  2. ფსიქიკური სფეროს დაავადებები
  3. ბავშვთა ჯანმრთელობა
ქცევის აშლილობები

ქცევის აშლილობები მოიცავს განმეორებად ძალადობით ქცევას, რომელიც იწვევს სხვების ძირითადი უფლებების შელახვას.

  • ქცევითი აშლილობის მქონე ბავშვები ეგოისტურნი, უგრძნობნი არიან და შეუძლიათ სხვების დაცინვა, შეურაცხყოფა, ქონების დაზიანება, ტყულების თქმა ან ქურდობა, დანაშაულის შეგრძნების გარეშე;

  • ექიმები დიაგნოზს ბავშვის ქცევის მიხედვით სვამენ;

  • ყველაზე მეტად ეფექტიანი ჩარევა შეიძლება იყოს შეწუხებული გარემოცვიდან ბავშვის იზოლაცია და მკაცრად სტრუქტურიზებულ ან ფსიქიკური ჯანმრთელობის დაწესებულებაში მოთავსება.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგი ბავშვი უფრო უკეთ იქცევა, ვიდრე სხვები, ბავშვებს, რომლებიც მათი ასაკისათვის შეუფერებელი ქცევით, მუდმივად არღვევენ ქცევის წესებსა და სხვების უფლებებს, შესაძლოა ქცევითი აშლილობა ჰქონდეთ. ქცევითი აშლილობები, ჩვეულებრივ, ბავშვობიდან ან ადრეული მოზარდობის პერიოდიდან იწყება და უფრო ხშირია ვაჟებს შორის.

ქცევითი აშლილობის განვითარებაში, სავარაუდოდ, გენეტიკური განწყობა და გარემო ფაქტორები მონაწილეობს. ამგვარი ბავშვების მშობლებს ხშირად აღენიშნებათ ფსიქიკური დარღვევები, როგორიცაა სამკურნალო თუ აკრძალული საშუალებების ბოროტად გამოყენება, ყურადღების დეფიციტის/ჰიპერაქტიურობის სინდრომი, გუნება-განწყობის აშლილობა, შიზოფრენია ან პიროვნების დისოციალური აშლილობა. თუმცა, დაავადებული ბავშვი ჯანმრთელი ოჯახიდანაც შეიძლება იყოს.

სიმპტომები

ზოგადად, ქცევის აშლილობის მქონე ბავშვები ეგოისტურნი არიან, სხვებთან კარგი ურთიერთობა არ აქვთ და დანაშაულის შეგრძნება არ გააჩნიათ. უგრძნობნი არიან სხვების განცდებისა და კეთილდღეობისადმი. სხვების ქცევას მათთვის სახიფათოდ აღიქვამენ და აგრესიულად პასუხობენ. შესაძლებელია მონაწილეობდნენ სხვებზე ძალადობაში, მუქარაში, ხშირად ჩხუბობდნენ და ცხოველებისადმი სისასტიკით გამოირჩეოდნენ. ზოგი ბავშვი აზიანებს სხვის ქონებას, განსაკუთრებით ხშირად ცეცხლის წაკიდებით. შესაძლებელია იტყუებოდეს და ქურდობდეს.

აშლილობა სხვადასხვა სახით ვლინდება გოგონებსა და ვაჟებს შორის. გოგონები ფიზიკურ აგრესიულობას ნაკლებად გამოხატავენ. უფრო ხშირად, მიდიან სახლიდან, იტყუებიან, მოიხმარენ აკრძალულ საშუალებებს და ზოგჯერ პროსტიტუციაშიც კი ერთვებიან. ვაჟები უფრო ხშირად ჩხუბობენ, ქურდობენ ან რაიმეს ანადგურებენ.

ხშირია გამოხატული უწესო ქცევა და მოიცავს სახლიდან წასვლას და სკოლის ხშირად გაცდენას. ბავშვებს შორის ხშირია აკრძალული საშუალებების ბოროტად გამოყენება და სირთულეები სკოლაში. შესაძლებელია სუიციდური ფიქრების გაჩენა, რაც სერიოზულ მიდგომას საჭიროებს.

ბავშვების ნახევარზე მეტი არასათანადო ქცევას მოზარდობის პერიოდიდან წყვეტს. რაც უფრო პატარაა ბავშვი ქცევითი აშლილობის გამოვლენისას, მით უფრო დიდია ალბათობა, რომ ქცევა დიდხანს გაგრძელდება. თუ ქცევა მოზრდილობის პერიოდშიც გაგრძელდა, ხშირად იქმნება პრობლემები სამართალდამცავ ორგანოებთან, მუდმივ სახეს იღებს სხვისი უფლებების შელახვა და ხშირად ისმება პიროვნების ანტისოციალური აშლილობის დიაგნოზი. ზოგს მოზრდილობაში გუნება-განწყობისა და შფოთვითი აშლილობა ან სხვა ფსიქიკური დაავადება უვითარდება.

დიაგნოზი

ექიმები დიაგნოზს ბავშვის ქცევის მიხედვით სვამენ. სიმპტომები და ქცევა საკმაოდ შემაწუხებელი უნდა იყოს, რომ მან სკოლასა და სამსახურში ურთიერთობებზე გავლენა მოახდინოს.

განხილული უნდა იქნეს სოციალური გარემო. თუ არასათანადო ქცევა ძალზე სტრესულ გარემოში (როგორიცაა საომარ მდგომარეობაში მყოფი ან საზოგადოებრივი არეულობის რეგიონი) ადაპტაციის მიზნით ყალიბდება, იგი ქცევით აშლილობად არ ჩაითვლება.

მკურნალობა

მკურნალობა საკმაოდ რთულია, რადგან ქცევითი აშლილობის მქონე ბავშვი იშვიათად თვლის საკუთარ ქცევაში რაიმეს არასწორად. ხშირად, მკურნალობის ყველაზე ეფექტიანი გზაა ბავშვის იზოლაცია შეწუხებული გარემოცვიდან და მკაცრად სტუქტურიზებულ ან ფსიქიკური ჯანმრთელობის ან არასრულწლოვანთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მათი მოთავსება.

რამდენადმე ეფექტიანი შეიძლება იყოს ცალკეული სამკურნალო საშუალებები, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მდგომარეობას თან ახლავს ისეთი დაავადებები, როგორიცაა ყურადღების დეფიციტის/ჰიპერაქტიურობის სინდრომი ან დეპრესია. აღნიშნული დაავადებების მკურნალობა ამსუბუქებს ქცევითი აშლილობის სიმპტომებს.