1. სომატოფორმული აშლილობა
  2. ფსიქიკური სფეროს დაავადებები
  3. ბავშვთა ჯანმრთელობა
სომატოფორმული აშლილობა

სომატოფორმული აშლილობის დროს, ძირითადი ფსიქოლოგიური პრობლემა იწვევს შემაწუხებელი და დამაუძლურებელ ფიზიკური სიმპტომების განვითარებას.

  • სომატოფორმული აშლილობის რამდენიმე სახეობა არსებობს. სიმპტომები შეიძლება ჰგავდეს ნევროლოგიურ დაავადებებს (როგორიცაა დამბლა ან მხედველობის დაკარგვა), ან იყოს ბუნდოვანი (როგორიცაა თავის ტკივილი და გულისრევა), ან ბავშვი შესაძლოა შეპყრობილი იყოს არარეალური წარმოდგენებით, ან დარწმუნებული იყოს, რომ რაიმე სერიოზული დაავადება აქვს;

  • მას შემდეგ, რაც ჩატარდება ანალიზები და ფიზიკური დაავადების არსებობა გამოირიცხება, რომელიც შესაძლოა მსგავს სურათს იძლეოდეს, ექიმები დიაგნოზს სიმპტომების საფუძველზე სვამენ.

  • ეფექტიანია ინდივიდუალური და ოჯახური ფსიქოთერაპია, რომელიც ხშირად კოგნიტურ-ქცევით ტექნიკას იყენებს.

სომატოფორმული აშლილობის სიმპტომები და მკურნალობა შფოთვითი აშლილობის მსგავსია.

სომატოფორმული აშლილობის მქონე ბავშვებს მრავალრიცხოვანი სიმპტომები შეიძლება ჰქონდეთ ფიზიკური საფუძვლის გარეშე, მათ შორის, ტკივილი, სუნთქვის გაძნელება, სისუსტე. ოჯახის რომელიმე წევრის მძიმე ავადმყოფობის დროს, ხშირად ბავშვებს ფსიქოლოგიურზე დაფუძნებული ფიზიკური ნიშნები უვითარდებათ. აღნიშნული ფიზიკური სიმპტომები გაუცნობიერებლად ვითარდება სტრესისა ან პრობლემების საპასუხოდ. სიმპტომები შეგნებულად მოგონებული არაა და ბავშვები ნამდვილად განიცდიან იმ შეგრძნებებს, რომლებსაც აღწერენ.

სომატოფორმული აშლილობა მოიცავს:

  • კონვერსიულ აშლილობას: სიმპტომები წააგავს ნევროლოგიურ დარღვევებს. ბავშვე შესაძლოა ეჩვენებოდეს, რომ პარალიზებული აქვს ხელი ან ფეხი, დაყრუვდა ან დაბრმავდა, ან ჰქონდეს კანკალი, რომელიც კრუნჩხვას წააგავს. სიმპტომები უეცრად იწყება, ხშირად სტრესული შემთხვევის შემდეგ და შესაძლებელია, მალე ვერ ალაგდეს.

  • სომატიზებული აშლილობა: ბავშვს უვითარდება გაურკვეველი სიმპტომები, როგორიცაა თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი და გულისრევა. შესაძლებელია სხეულის ნებისმიერი ნაწილის მონაწილეობა. სიმტომები მონაცვლეობს დიდი ხნის განმავლობაში.

  • სხეულის დისმორფული აშლილობა: ბავშვს მთელი ყურადღება გადატანილი აქვს გარეგნობის წარმოსახვით დეფექტებზე, როგორიცაა ცხვირის ან ყურების ზომა ან ზედმეტად შეშფოთებულია მცირედი ცვლილებებით, მაგალითად,პატარა ნაწიბურით.

  • იპოქონდრია: ბავშვებს სპეციფიკური სიმპტომები არ აქვთ, თუმცა შეპყრობილი არიან სხეულის ფუნქციების თვალყურის დევნებით, როგორიცაა გულისცემა, საკვების მონელება, ოფლის გამოყოფა და დარწმუნებული არიან, რომ სერიოზული დაავადება აქვთ. შესაძლებელია გრძნობდნენ შფოთვასა და დეპრესიას.

სომატოფორმული დაავადებები ერთნაირი სიხშირითაა გავრცელებული მცირე ასაკის ვაჟებსა და გოგონებს შორის, თუმცა მოზარდებში,ვაჟებთან შედარებით,გოგონებს შორის უფრო ხშორად გვხვდება.

დიაგნოზი

ექიმი ბავშვს სიმპტომების თაობაზე ეკითხება, ატარებს ფიზიკურ გასინჯვას და ზოგჯერ კვლევებს, რათა დარწმუნდეს, რომ ბავშვს არ აქვს ფიზიკური დაავადება, რომელიც შეიძლება სიმპტომებს იწვევდეს. თუმცა დიდი რაოდენობით ლაბორატორიული კვლევების ჩატარებას ერიდებიან, რადგან ბავშვს შესაძლოა ეჭვი გაუჩნდეს, რომ ფიზიკური პრობლემა არსებობს. ამის გამო, არასაჭირო სადიაგნოზო კვლევებმა შესაძლოა ბავშვის ტრავმირება გამოიწვიოს.

თუ ფიზიკური პრობლემა არ იკვეთება, ექიმი აფასებს ფსიქიკურ მდგომარეობას სტანდარტიზებული კითხვარის გამოყენებით, რომლის დახმარებით დგინდება, სიმპტომები სომატოფორმული აშლილობითაა გამოწვეული თუ არა. ექიმი, ასევე, ესაუბრება ბავშვს და ოჯახის წევრებს აშლილობის გამომწვევი ძირითადი ფსიქოლოგიური პრობლემის თაობაზე.

მკურნალობა

ბავშვმა შესაძლოა ფსიქოთერაპევტთან ვიზიტის იდეას იგნორირება გაუკეთოს, ვინაიდან თვლიდეს, რომ სიმპტომები ფიზიკური წარმოშობისაა. თუმცა ინდივიდუალური და ოჯახური ფსიქოთერაპია, რომელიც ხშირად კოგნიტურ-ქცევით ტექნიკას იყენებს, ბავშვსა და ოჯახის წევრებს ეხმარება ფიქრებისა და ქცევის თავისებურებების ამოცნობაში, რომელიც სიმპტომების სიმრავლეს განაპირობებს. ფსიქოთერაპევტმა შეიძლება გამოიყენოს ჰიპნოზი, ბიოუკუკავშირი და რელაქსაციური თერაპია.

ფსიქოთერაპია, ჩეულებრივ, კომბინირებულია რეაბილიტაციის პროგრამასთან, რომლის მიზანია, ბავშვი ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს.იგი შეიძლება მოიცავდეს ფიზიკურ თერაპიასაც, რომლის დადებითი მხარეებია:

  • შეიძლება განკურნოს რეალური ფიზიკური შედეგები, როგორიცაა მობილურობის შემცირება ან სომატოფორმული აშლილობით გამოწვეული კუნთების განლევა.

  • ბავშვი გრძნობს, რომ რაღაც კონკრეტული კეთდება მისი განკურნებისათვის.

  • ბავშვს საშუალება ეძლევა აქტიური მონაწილეობა მიიღოს მკურნალობის პროცესში.

მედიკამენტური მკურნალობა გამოიყენება ტკივილის, შფოთვის ან დეპრესიის შესამსუბუქებლად, რომელიც შეიძლება თან ახლდეს აშლილობას.