დაავადებები ხანდაზმულებში | მკურნალი.გე
  1. დაავადებები ხანდაზმულებში
  2. ორგანიზმის დაბერება
  3. მოხუცებულთა ჯანმრთელობა
დაავადებები ხანდაზმულებში

ზოგი დაავადება თითქმის ყოველთვის მოხუცებში გვხვდება. მათ ზოგჯერ გერიატრიულ სინდრომებს უწოდებენ (გერიატრია მოხუცებულთა დაავადებების მკურნალობას შეისწავლის).

არის ისეთი დარღვევებიც, რომლებიც ყველა ასაკში გვხვდება, მაგრამ შეიძლება სხვადასხვა სიმპტომები ან გართულებები გამოიწვიოს ხანში შესულებში. ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე მაგალითი:

  • ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირების დაქვეითება (ჰიპოთირეოზი): ახალგაზრდებში ეს ხშირად წონაში მატებითა და საერთო მოდუნებით, მოშვებით ვლინდება. მოხუცებში პირველი ან მთავარი სიმპტომი შეიძლება ცნობიერების აბნევა იყოს.

  • ფარისებრი ჯირკვლის ჭარბი აქტიურობა (ჰიპერთირეოზი): ახალგაზრდა ასაკში ამის ნიშნებია აღგზნება და წონაში კლება. მოხუცებში, პირიქით, შესაძლოა გამოვლინდეს ძილიანობა, მარტოსულობა, დეპრესია ან ცნობიერების აბნევა.

  • დეპრესია:ახალგაზრდებში ეს ვლინდება გულჩვილობით, მარტოსულობითა და შესამჩნევი უგუნებობით. მოხუცები კი ზოგჯერ სულაც არ ჩანან ცუდ განწყობაზე. ამის ნაცვლად ვითარდება ცნობიერების აბნევა, გულმავიწყობა, გულგრილობა, ჩვეული საქმიანობებისადმი ინტერესის დაკარგვა და ჩაკეტილობა.

  • გულის შეტევა:ახალგაზრდებში ამის ნიშანია ტკივილი გულმკერდის არეში. მოხუცებში ეს შესაძლოა არ გამოვლინდეს, მაგრამ განვითარდეს სუნთქვის გაძნელება ან მუცლის ტკივილი, ჭარბი ოფლიანობა, უეცარი დაღლილობის შეგრძნება, გონების დაკარგვა ან ცნობიერების აბნევა.

  • მუცლის ღრუს ორგანოს პერფორაცია: საჭმლის მომნელებელი ტრაქტის რომელიმე ორგანოს, მაგ., კუჭის ან ნაწლავის კედლის მთლიანობა ზოგჯერ ირღვევა (პერფორაცია),რაც მუცლის ღრუს გავრცელებულ, მძიმე ინფექციას იწვევს. ახალგაზრდებში ეს ხშირად მუცლის ძლიერი ტკივილით, დაჭიმულობითა და ცხელებით ვლინდება. ამის საპირისპიროდ, მოხუცებში შესაძლოა ჩამოთვლილთაგან არც ერთი არ განვითარდეს. ზოგჯერ ხანში შესულებში პერფორაცია მხოლოდ ცნობიერების აბნევას ან ძლიერ სისუსტეს იწვევს.

დეზორიენტაცია, რაც ზემოხსენებული დაავადებების დროს ვლინდება მოხუცებში, ხშირად დემენციაში ეშლებათ.

ხანში შესულებს ძალიან ხშირად ერთზე მეტი დაავადება აქვთ და მათგან თითოეული შეიძლება გავლენას ახდენდეს სხვების მიმდინარეობაზე. მაგალითად, დეპრესიამ შესაძლოა დემენცია გააუარესოს, ინფექციამ კი – შაქრიანი დიაბეტი.

თუმცა, დაავადებებს დღესდღეობით ისეთი მძიმე და შესაძლებლობების შემზღუდავი ეფექტი აღარ აქვთ მოხუც ადამიანებზე, როგორც ეს ადრე იყო. ამჟამად ხშირად შესაძლებელია იმ პათოლოგიების გაკონტროლება და მკურნალობა, რომლებიც ხანში შესულებში ოდესღაც ხშირად იწვევდა სიკვდილს, მაგალითად, გულის შეტევა, ბარძაყის მოტეხილობა და ფილტვების ანთება. მკურნალობის შედეგად ბევრი ადამიანი ახერხებს დარჩეს აქტიური, აკეთოს საქმე და იყოს დამოუკიდებელი ისეთი ქრონიკული მდგომარეობების დროსაც კი, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი, თირკმლისა და გულის გვირგვინოვანი არტერიების დაავადებები.