პაციენტებს, განსაკუთრებით კი მოხუცებს, ხშირად ერთზე მეტი ექიმი ჰყავთ. ზოგჯერ კი სამედიცინო დახმარებაში სპეციალისტთა ჯგუფია ჩართული. ამას ინტერდისციპლინური მზრუნველობა ეწოდება.
ექიმები:მოხუცებს მრავალი სხვადასხვა სპეციალობის ექიმები მკურნალობენ, მაგალითად: ოჯახის ექიმები, შინაგანი მედიცინის სპეციალისტები, გულის ექიმები (კარდიოლოგები), სიმსივნის ექიმები (ონკოლოგები) ან ქირურგები. ზოგჯერ თერაპევტებისა და სხვადასხვა ვიწრო სპეციალისტების გუნდი ერთად, ერთ დაწესებულებაში მუშაობს. ეს აიოლებს გადამისამართებას და კომუნიკაციას ექიმებს შორის, თანაც პაციენტებს დიდ მანძილზე გადაადგილება არ უწევთ.
გერიატრებიარიან ექიმები, როგორც წესი, თერაპევტები ან ოჯახის ექიმები, რომლებსაც მოხუცების მკურნალობის საკითხში სპეციალური განათლება აქვთ მიღებული. გერიატრი ზოგჯერ პაციენტის ოჯახის ექიმია ან ის კონსულტაციისთვის შეიძლება დროებით მოიწვიონ. ამ სპეციალობის ექიმები მრავალი დაავადებისა და პრობლემის ერთდროულად სამართავად არიან მომზადებულნი. მათ შესწავლილი აქვთ, როგორ იცვლება ორგანიზმი დაბერებისას, რათა უკეთ შეძლონ დაავადებების გარჩევა ასაკის მატებისთვის დამახასიათებელი ცვლილებებისგან. ისინი არა მხოლოდ პაციენტის ფიზიკურ მდგომარეობას აფასებენ, არამედ პრობლემის სოციალურ და ემოციურ ასპექტებსაც ითვალისწინებენ. მათ შეუძლიათ, დაეხმარონ ხანში შესულებს შეძლებისდაგვარად დამოუკიდებლად ცხოვრებაში. გერიატრის კონსულტაცია ყველაზე გამოსადეგი მათთვისაა, ვინც:
ექთნები:სამედიცინო დახმარებაში შესაძლოა ჩართული იყვნენ ექთნები: ექიმის ოფისში, სტაციონარში, რეაბილიტაციის ან ხანგრძლივი მზრუნველობის ცენტრში, მოხუცებულთა დღის ცენტრში, ან ისინი პაციენტებს მომსახურებას შეიძლება ბინაზე უწევდნენ. მათ შეუძლიათ სამედიცინო დახმარების კოორდინაციისათვის ხელშეწყობა სხვადასხვა სპეციალისტისთვის, პაციენტისა და მისი ოჯახის წევრებისთვის ინფორმაციის მიწოდების გზით. მათ უფრო მეტი დრო აქვთ იმ კითხვებზე საპასუხოდ, რომელიც მოხუცებს შეიძლება გაუჩნდეთ დაავადებასთან ან მკურნალობასთან დაკავშირებით. ექთნებს შეუძლიათ, ასწავლონ პაციენტებს, როგორ შეინარჩუნონ ჯანმრთელობა, მაგალითად, ჯანსაღი საკვები რაციონით, უსაფრთხოების დაცვით, სტრესთან გამკლავებით, ძილითა და ვარჯიშით. ექთნების მოვალეობებია სასიცოცხლო მონაცემების შემოწმება (არტერიული წნევა, პულსი და ტემპერატურა), სისხლის აღება ანალიზისთვის, მედიკამენტების მიცემა და პაციენტებისთვის საკუთარი თავის მოვლის სწავლება. ექთნებმა შესაძლოა დაგისვან კითხვები ჯანმრთელობაზე (სამედიცინო ისტორიისთვის) ან სახლში სიტუაციასთან დაკავშირებით.
ამერიკის შეერთებულ შტატებში მოხუცებულთა სამედიცინო დახმარებას ძირითადად რეგისტრირებული ექთნები უზრუნველყოფენ. ისინი მეთვალყურეობას უწევენ ლიცენზირებული ექთნებისა და ექთნების თანაშემწეების საქმიანობას. რეგისტრირებულ ექთნებს შეუძლიათ გასინჯონ პაციენტი და შეამოწმონ ისეთი ნიშნების არსებობა, რომლებიც ექიმის მიერ შეფასებას საჭიროებს. მათ შეჰყავთ მედიკამენტები, რომლებსაც ექიმი ნიშნავს. ლიცენზირებულ ექთნებს ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ, მაგრამ ყოველთვის რეგისტრირებული ექთნების მეთვალყურეობის ქვეშ.
პრაქტიკოსი ექთნები: პრაქტიკოსი ექთნები რეგისტრირებული ექთნები არიან, რომლებსაც დამატებითი განათლება აქვთ მიღებული დიაგნოზის დასმასა და მკურნალობაში. შესაბამისად, მათ უფრო მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებათ, შეუძლიათ გამოწერონ რეცეპტები და დანიშნონ კვლევები. არსებობენ გერიატრიული პრაქტიკოსი ექთნებიც, ანუ ისინი, რომლებიც სპეციალურად მოხუცებულთა სამედიცინო დახმარებაში არიან გადამზადებულნი.
ექიმის თანაშემწეები: ექიმის თანაშემწეების ზოგი მოვალეობა მსგავსია ექიმის ან პრაქტიკოსი ექთნისა, მაგრამ მათ ყოველთვის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ასრულებენ. მოვალეობებიდან აღსანიშნავია:
ექიმის თანაშემწეები ჯანდაცვის დაწესებულებების უმრავლესობაში მუშაობენ, მათ შორის ხანგრძლივი მზრუნველობის ცენტრებში. მათ დახმარების აღმოჩენა პაციენტისთვის სახლშიც შეუძლიათ. ზოგი ექიმის თანაშემწე მოხუცების მკურნალობაში სპეციალურადაა გადამზადებული.
ფარმაცევტები:მედიკამენტების გაცემასთან ერთად, ფარმაცევტები ექიმის რეცეპტებსაც აფასებენ, რათა დარწმუნდნენ, რომ წამლები სწორად არის გამოწერილი. მათ ასევე შეუძლიათ შეამოწმონ, ხომ არ იღებენ მოხუცები მათთვის განსაკუთრებით სახიფათო მედიკამენტებს. ფარმაცევტები უზრუნველყოფენ, რომ წამლის შესახებ რეკომენდაციები გასაგები იყოს და მოიცავდეს ინფორმაციას დოზისა და მიღების ჯერადობის შესახებ. ისინი აღრიცხავენ რეცეპტებსა და წამლის მარაგის შევსებას. ამ გზით ფარმაცევტებს მედიკამენტებს შორის ურთიერთქმედების შემოწმებაც შეუძლიათ.
ზოგიერთი ფარმაცევტი სპეციალურად მოხუცებულთა სამედიცინო დახმარებაშია მომზადებული. მათ კონსულტანტ ან მოხუცთა დახმარების ფარმაცევტებს უწოდებენ. ისინი ხშირად მოხუცებულთა სახლებში მუშაობენ და შეუძლიათ სხვა სპეციალისტებისათვის ინფორმაციის მიწოდება ხანში შესულებში წამლების სწორად გამოყენების თაობაზე.
დიეტოლოგები:დიეტოლოგები აფასებენ, თუ რამდენად არის დაკმაყოფილებული ადამიანის ორგანიზმის საკვებისმიერი საჭიროებები. დარღვევის შემთხვევაში ისინი სპეციალურ მითითებებს გასცემენ, რა საჭმელია უმჯობესი და როგორ უნდა მომზადდეს ის. ყოველი ექვსი ადამიანიდან დაახლოებით ერთი არასაკმარისად იკვებება. მრავალი მოხუცებულისთვის შეიძლება სასარგებლო იყოს დიეტოლოგის დახმარება.
ადამიანს შეიძლება სხვადასხვა სახის თერაპიის სპეციალისტების დახმარება დასჭირდეს, იმის მიხედვით თუ რა დაავადება და პრობლემები აქვს.
ფიზიკური თერაპევტები აფასებენ და მკურნალობენ მოძრაობის დარღვევებს – მაგალითად, სიარულის, პოზის შეცვლის (ადგომა, დაჯდომა, დაწოლა), საწოლიდან სავარძელში გადასვლის, აწევის ან მოხრის. ისინი მუშაობენ ისეთ პაციენტებთან, რომლებმაც გადაიტანეს ინსულტი, კიდურის ამპუტაცია ან ბარძაყის ოპერაცია. მკურნალობა შესაძლოა მოიცავდეს ვარჯიშს, სითბურ თერაპიასა და ულტრაბგერას.
ოკუპაციური თერაპიის სპეციალისტები აფასებენ და მკურნალობენ იმ ადამიანებს, რომლებსაც უჭირთ საკუთარი თავის მოვლა (მაგ.: დაბანა, ჩაცმა), მუშაობა და სხვა ყოველდღიური საქმიანობების შესრულება.
მეტყველების თერაპევტები კი საუბრის ან სხვისი ლაპარაკის გაგების პრობლემის მქონე ადამიანებს ეხმარებიან.
სოციალური მუშაკები:სოციალური მუშაკები უზრუნველყოფენ საავადმყოფოდან გაწერისა და ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანის კოორდინაციას. ისინი ეხმარებიან ადამიანებს სადაზღვევო და სხვა დოკუმენტაციის შევსებაში, იმის გარკვევაში, თუ რა მომსახურებები შეუძლიათ მიიღონ შინ ან დაწესებულებებში, ხშირად მათ დაგეგმვაშიც. ისინი ასევე აფასებენ, თუ როგორ რეაგირებს ადამიანი მზრუნველობასა და დახმარებაზე.
სოციალურმა მუშაკმა შეიძლება შეკრიბოს ოჯახის წევრები პაციენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების განსახილველად. მრავალი ასეთი სპეციალისტი ადამიანებს ეხმარება შფოთვის, დეპრესიის დროს ან დაავადებასა თუ შეზღუდულ შესაძლებლობასთან გამკლავების სიძნელის შემთხვევაში.
სოციალური მუშაკების უმრავლესობისთვის ნაცნობია მოხუცებულთა განსაკუთრებული საჭიროებები. თუმცა, ზოგი მათგანი სპეციალურადაა მომზადებული ხანში შესულთა დასახმარებლად და იმის განსაზღვრისათვის, სჭირდებათ თუ არა ამ ასაკოვან ადამიანებს ზედამხედველობა ან დამატებითი დახმარება.
ექთნის თანაშემწეები: ექთნის თანაშემწეები ადამიანებზე ზრუნავენ საავადმყოფოებში, რეაბილიტაციის ცენტრებში, მოხუცებულთა სახლებში, დამხმარე საცხოვრებელ თემებში ან სხვა სამედიცინო დაწესებულებებში ექთნების, ექიმების და სხვათა მეთვალყურეობის ქვეშ. ისინი ხანდახან მომზადებულნი არიან ჯანმრთელობის მდგომარეობის მარტივ შეფასებაშიც, მაგალითად, ტემპერატურის, პულსისა და წნევის გაზომვაში დასახმარებლად.
ექთნის თანაშემწის მოხმობა სასიგნალო ნათურის ან ზარის მეშვეობით შეიძლება, რაც ატყობინებს მათ, რომ ვიღაცას დახმარება სჭირდება. ისინი ეშველებიან ადამიანებს აბაზანის მიღებაში, ჩაცმასა და გახდაში, ევალებათ საჭმლის მოტანა და ჭურჭლის წაღება, კვებაში დახმარება მათთვის, ვისაც ეს სჭირდება.
სახლში დამხმარეები: ისინი შინმოვლის სააგენტოებში მუშაობენ და მრავალ იმ მოვალეობას ასრულებენ, რასაც ექთნის თანაშემწეები, მაგრამ ეს ყველაფერი პაციენტის სახლში ხდება. ისინი ეშველებიან ადამიანს ყოველდღიურ საქმიანობებში, განსაკუთრებით ჩაცმასა და თავის მოწესრიგებაში. მათ ასევე შეუძლიათ, მოამზადონ საჭმელი, დაეხმარონ ავადმყოფს ან მოხუცს სავარძლიდან გადმოსვლაში ან გაასეირნონ იგი. ხანდახან ისინი მსუბუქ საოჯახო საქმეებსაც ასრულებენ. რეგისტრირებული ექთნის მეთვალყურეობის ქვეშ დამხმარეებს ჯანმრთელობის მდგომარეობის მარტივი შეფასებაც შეუძლიათ.
სამედიცინო ეთიკოსები:სამედიცინო ეთიკოსები ჯანმრთელობაზე ზრუნვისას წამოჭრილი მორალური საკითხებისა და კონფლიქტების მოგვარებაში ერთვებიან. მაგალითად, სპეციალისტები და ოჯახის წევრები შეიძლება ვერ თანხმდებოდნენ, თუ რამდენად ეფექტურია მკურნალობა და საჭიროა თუ არა მისი შეწყვეტა. სამედიცინო ეთიკოსები შეიძლება იყვნენ ექიმები, ჯანდაცვის სფეროს სხვა სპეციალისტები, იურისტები ან სხვა პროფესიის ადამიანები, რომლებიც სპეციალურად არიან მომზადებულნი სამედიცინო ეთიკის საკითხებში. ზოგ საავადმყოფოს თავად ჰყავს სამედიცინო ეთიკოსი ან მათი გუნდი.