სახლში მოხუცებს ძირითადად ოჯახის წევრები და/ან მეგობრები უვლიან. საჭიროების შემთხვევაში დამატებითი დახმარება ხანდაზმულს გამოძახებულმა სპეციალისტმაც შეიძლება გაუწიოს, მაგალითად ექთანმა, ფიზიოთერაპევტმა ან საოჯახო საქმეებში დამხმარემ. გადაუდებელი ჰოსპიტალიზაციის შემდეგ შინმოვლას ხშირად საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტო არეგულირებს. ამერიკაში მედიქეარის პროგრამა განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში ფარავს იმ მომსახურებების საფასურს, რომლებსაც სპეციალური უნარები სჭირდება, მაგალითად, ჭრილობის დამუშავება, ამა თუ იმ დაავადების (შაქრიანი დიაბეტი, გულის უკმარისობა) აქტიური ფაზის მეთვალყურეობა. ამის შემდეგ, საჭიროების ამოწურვისას, საექთნო მომსახურების ხარჯებს თავად მოსარგებლე ფარავს. ხანგრძლივი მოვლის დაზღვევამ და მედიქეიდმა (მათთვის, ვინც პროგრამის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს) შესაძლოა დააფინანსოს შინ მომსახურება. ეს ეხება ვეტერანებსაც, შესაძლებლობების შეზღუდვის ხარისხისა და საჭიროებების შესაბამისად.
ზოგჯერ იმ პირების სამედიცინო დახმარებისთვის, რომლებიც თავის სახლში ცხოვრობენ და ქრონიკული დაავადება აქვთ ან შესაძლებლობების შეზღუდვა აღენიშნებათ, ჯანდაცვის სპეციალისტთა გუნდი ოჯახის ექიმის ხელმძღვანელობით მუშაობს. მოვლის ამ სახეს პაციენტზე ორიენტირებული მოვლას უწოდებენ.
პროგრამა "ყოვლისმომცველი მზრუნველობა მოხუცებზე": ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებობს პროგრამა "ყოვლისმომცველი მზრუნველობა მოხუცებზე", რომელსაც მედიქეარი და მედიქეიდი ფარავს. ის მხოლოდ ზოგიერთ შტატში მოქმედებს და აფინანსებს სულ მცირე 55 წლის პირებს, რომლებიც თავის შტატებში დაწესებულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ და მოხუცებულთა სახლში ცხოვრებას საჭიროებენ. პროგრამაში გათვალისწინებული მომსახურებებით თითქმის ყველა შემთხვევაშია შესაძლებელი შინ ცხოვრება, თუმცა აუცილებლობის შემთხვევაში მოხუცებულთა სახლიც უზრუნველყოფილია.
პროგრამის რეალიზაციაში ჩართულია ინტერდისციპლინური გუნდი, რომელიც ექიმით, ექთნით, ფიზიკური და ოკუპაციური თერაპევტებით, სოციალური მუშაკით, დიეტოლოგით და მძღოლით არის წარმოდგენილი. მომსახურება ყოველდღიურად ხორციელდება მოხუცებულთა ჯანმრთელობის დღის ცენტრებში; უზრუნველყოფილია დაწესებულებამდე ტრანსპორტირება. ზოგი სახის მომსახურებას მოხუცები შინ იღებენ.
ჯანდაცვისა და მომსახურებების განყოფილების ვებგვერდზე სრული ინფორმაციაა განთავსებული ზემოხსენებული პროგრამის შესახებ, აგრეთვე მოცემულია მასში მონაწილე ჯანდაცვის სპეციალისტთა სია.