ხანგრძლივი მოვლა | მკურნალი.გე
  1. ხანგრძლივი მოვლა
  2. მოხუცებულთა ჯანმრთელობა
ხანგრძლივი მოვლა

ხანგრძლივი მოვლის საჭიროების საკითხი მრავალ მოხუცებულს აღელვებს, ასაკის მატებასთან ერთად მნიშვნელოვნად იზრდება მისი აუცილებლობა. ხანდაზმულებს უფრო ხშირად აქვთ ქრონიკული დაავადებები, უჭირთ ყოველდღიური საქმიანობა. ინფორმაცია არსებული ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების შესახებ აადვილებს გადაწყვეტილების მიღებას იმის თაობაზე, როდის და სად შეიძლება მოხსენიებულებით სარგებლობა. მოვლა შეიძლება საჭირო გახდეს რამდენიმე კვირის ან წლის განმავლობაში, ან განუსაზღვრელი დროით. მისი მიზანია ადამიანისთვის დახმარების აღმოჩენა ყოველდღიურ საქმიანობაში, თავის მოვლაში, შეძლებისდაგვარად, დამოუკიდებლობის მაქსიმალურად შენარჩუნებით. მოხუცებს დახმარება სჭირდებათ როგორც ყოველდღიურ, ძირითად (საკვების მიღება, ჩაცმა, დაბანა, თავის მოვლა, სიარული), აგრეთვე სხვა აქტივობებშიც (საყიდლები, გადასახადები, სარეცხის გარეცხვა, დალაგება). ხანგრძლივი მოვლა, როგორც წესი, სამედიცინო დახმარებასაც გულისხმობს. სპეციალური დაწესებულებები სოციალურ და გასართობ აქტივობებსაც უზრუნველყოფს.

ადამიანების უმეტესობას ზემოხსენებული სახის დახმარებასთან შეხება პირველად საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ უწევს. ავადმყოფობის ან ტრავმის შემდეგ მოხუცები ხშირად ნაწილობრივ ან მთლიანად კარგავენ თავის მოვლის უნარს. შესაბამისად, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საავადმყოფოდან გაწერის საშუალებას კი იძლევა, მაგრამ რეაბილიტაციისთვის და გამოსაჯანმრთელებლად ხშირად ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში მოთავსება ხდება საჭირო, რაც ფიზიკური და ფსიქოლოგიური სტრესის მიზეზი შეიძლება გახდეს. მოხუცებს უწევთ, ახალ ადამიანებთან, ძილის, აბაზანის მიღების, ჩაცმის, კვების და სხვა ყოველდღიური საქმიანობების ახალ განაწესთან შეგუება. ამასთან, ცვლილებები სწრაფად ხდება და მათთან შესაგუებლად დრო ცოტაა. ადამიანთა უმრავლესობისთვის ხანგრძლივი მოვლა საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან არის დაკავშირებული; მაგალითად, მათ შეიძლება მოუწიოთ გადასვლა:

  • ოჯახის წევრის სახლში;

  • პენსიონერთა თემში;

  • დამხმარე საცხოვრებელ დაწესებულებაში;

  • მოხუცებულთა პანსიონატში;

  • მოხუცებულთა ცხოვრებისა და მოვლის თემში;

  • მოხუცებულთა სახლში.

მათგან, ვისაც ხანგრძლივი მოვლა ესაჭიროება, მხოლოდ მესამედი ცხოვრობს სპეციალურ დაწესებულებაში; დანარჩენები საკუთარ სახლში რჩებიან ან ოჯახის წევრთან გადადიან. ზემოთ ჩამოთვლილი დაწესებულებები ძირითადად მათთვისაა გამიზნული, ვისაც უფრო მძიმე ფიზიკური და გონებრივი პრობლემები აქვს და, ამავე დროს, ნაკლები დახმარება ოჯახის წევრებისგან, მეგობრებისგან. ხანგრძლივი მოვლის პირობების შერჩევა, გარკვეულწილად, თავად ადამიანის საჭიროებებით (სამედიცინო, ფუნქციური, სოციალური და ემოციური) განისაზღვრება, თუმცა, მნიშვნელოვანია მისი სურვილები, ფინანსური შესაძლებლობები და სხვებისგან მხარდაჭერა (მაგალითად, დახმარების სურვილი და შესაძლებლობა ოჯახის წევრების მხრიდან). ხანდაზმულმა ადამიანმა შესაძლოა საკუთარ სახლში იცხოვროს და მეუღლემ მოუაროს, სხვას კი, მსგავსი პრობლემების მიუხედავად, შეიძლება მოხუცებულთა სახლში მოუწიოს გადასვლა, თუ არ ჰყავს ოჯახის წევრი, რომელიც მოუვლის.

იმის გადაწყვეტის შემდეგ, სად უნდა იცხოვროს მოხუცებულმა, საჭიროა დაწესებულების ყურადღებით შერჩევა. ამ დაწესებულებების სხვადასხვა ტიპები არსებობს, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან გარემოთი, მომსახურებებით (მათ შორის სამედიცინო მომსახურებით), აქტივობებით, საცხოვრებელი პირობებითა და შინაგანაწესით. განსხვავებები დამოკიდებულია საფასურზე, მსურველის ფინანსურ შესაძლებლობებზე; ზოგჯერ ერთი და იმავე საფასურისას მომსახურების ხარისხი განხხვავებულია.