დამხმარე საცხოვრებელი დაწესებულებები გამიზნულია მათთვის, ვისაც თავის მოვლა შეუძლია, მაგრამ დახმარებაც სჭირდება ყოველდღიურ საქმიანობაში. ასეთი ცენტრები შესაფერისია მოხუცებულთათვის, რომლებსაც მეხსიერების ან ფიზიკური პრობლემები აქვთ, აღენიშნებათ ცნობიერების დაბინდვა. ამ ტიპის ზოგ დაწესებულებაში სპეციალური განყოფილებებია დემენციის მქონე პირებისთვის, რომელთაც უფრო მეტად ესაჭიროებათ ზედამხედველობა. ეს ცენტრები შესაფერისია იმ წყვილთათვისაც, რომლებსაც ერთად ცხოვრება სურთ და ერთ-ერთს ან ორივეს უფრო მეტი დახმარება ესაჭიროება, ვიდრე მეორეს შეუძლია უზრუნველყოს.
დამხმარე საცხოვრებელი დაწესებულებები მცირე, შინაურული გარემოთია წარმოდგენილი, შესაძლოა დიდიც იყოს, მრავალსეგმენტიანი. მცხოვრებლებს, როგორც წესი, საკუთარი ბინა ან საძინებელი და სააბაზანო აქვთ. უზრუნველყოფილია კვება, დახმარება ყოველდღიურ საქმიანობაში (მათ შორის თავის მოვლაში), სოციალური და გასართობი აქტივობები. მოსარგებლეებს შეუძლიათ აარჩიონ მათთვის სასურველი აქტივობები და მომსახურებები. ასეთი დაწესებულებების უმრავლესობა, გარკვეულწილად სამედიცინო დახმარებასაც უზრუნველყოფს, მაგალითად, საჭიროების შემთხვევაში, 24-საათიან მეთვალყურეობას. ექიმები და ექთნები რეგულარულად სტუმრობენ დაწესებულებას, უზრუნველყოფილია ფიზიკური თერაპევტების დახმარებაც. სხვადასხვა ცენტრი განსხვავებულ აქტივობებს და მომსახურებებს სთავაზობს მცხოვრებელებს და შინაგანაწესი და რეგულაციებიც განსხვავებულია შტატების მიხედვით.
ინტენსიური მკურნალობის საჭიროების შემთხვევაში ადამიანს შესაძლოა სხვა დაწესებულებაში, მაგალითად, საავადმყოფოში ან რეაბილიტაციის ცენტრში მოუწიოს გადასვლა. გამოჯანმრთელების შემდეგ, თუ მდგომარეობა საშულებას იძლევა, ის უკან ბრუნდება. ამასთან, თუ სურს სხვა დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში ადგილის შენახვა, საფასურის გადახდა უნდა გააგრძელოს.
დამხმარე დაწესებულებაში მცხოვრებ ადამიანებს, როგორც წესი, ყოველდღიურ საქმიანობაში დახმარება სჭირდებათ, რადგან აქვთ ჯანმრთელობის პრობლემა, რომელიც შეუძლებელს ხდის მათთვის დამოუკიდებლად საქმიანობას. ასეთ ცენტრებში მიღებისას უპირატესობა მათ ენიჭებათ, ვისაც გადაადგილების, მაგალითად, საწოლიდან სკამზე, პრობლემა არ აქვს, თუმცა მაშინაც კი, როცა უნარები იზღუდება, მოხუცებს შეუძლიათ დარჩნენ დაწესებულებაში, რადგან საჭირო დახმარების უზრუნველყოფა შესაძლებელია. მოვლის დონე სხვადასხვა ცენტრებში მნიშვნელოვნად განსხვავდება. ზოგადად, დამხმარე საცხოვრებელი დაწესებულება მოხუცებულთა სახლის ალტერნატივა არ არის. უფრო ხშირად ის დროებითი საცხოვრებელი ადგილია, საიდანაც პირი მოგვიანებით მოხუცებულთა სახლში გადადის.
ფინანსური საკითხები: დამხმარე საცხოვრებელ დაწესებულებაში ცხოვრება ხშირად უფრო იაფია, ვიდრე მოხუცებულთა სახლში, ვინაიდან მომსახურება და მოვლა ნაკლებად ინტენსიურია. ზოგჯერ იქ ყოფნა შეიძლება საკმაოდ ძვირი ღირდეს. მედიქეარი არ აფინანსებს ამ დაწესებულებებში ცხოვრებას, მაგრამ ზოგჯერ მედიქეიდი ფარავს ხარჯებს. გახანგრძლივებული მოვლის დაზღვევის მრავალი პროგრამა ამ მომსახურების საფასურის დიდ ნაწილს იხდის.